"ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი" - კვირის პალიტრა

"ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი"

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა მისი თავდასხმის საქმეზე გამოკითხვაზე გლდანი - ნაძალადევის სამმართველოში მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზვიად კუპრავამ გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, 27 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე ორი მამაკაცი თავს დაესხა, სახეში სითხე შეასხეს, რის შემდეგ დაზიანებები სახისა და თავის არეში ე.წ კასტეტით მიაყენეს.

კუპრავას განმარტებით, ინციდენტის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც ხმაურის ფონზე გარეთ გამოვიდნენ, სასწრაფოთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, როგორც მეზობლები ამბობენ, თავდასხმელები გაიქცნენ.

ამასთან, ზვიად კუპრავას თქმით, ინციდენტის დროს დაკარგა მობილური ტელეფონი. კუპრავა ვარაუდობს, რომ მობილური ტელეფონის სწორედ ამ ადამიანებმა წაიღეს.

"მანქანა გავაჩერე სადარბაზოსგან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით. მანქანის კარი ჩავკეტე და ამ დროს მომიახლოვდა ორი ბიჭი. მითხრეს მხოლოდ ერთი სიტყვა - "უკაცრავად". ამ სიტყვის გაგონებაზე მოვიხედე, თვალებში შევხედე და "სპრეი" მომენტალურად შემასხეს. ამის მერე არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ჰქონია ადგილი, აბსოლუტურად ორგანიზებულად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.

ეს იყო ჯგუფის მიერ ორგანიზებული თავდასხმა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მათ გამოიყენეს ე.წ. სპრეი, სავარაუდოდ, "წიწაკის გაზი", რითაც მოახერხეს ჩემი დაბრმავება და მდგომარეობიდან სრულად გამოყვანა. ამის შემდეგ გააგრძელეს "კასტეტით" თავისა და სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა. იარები, რაც მეტყობა, "კასტეტით" მომაყენეს. ბოლოს კი თავის არეში ჩამარტყეს ღვინის ბოთლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა ერთი საათით ადრე და მეჭირა ხელში.

ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი", - განაცხადა კუპრავამ.