სუს-ის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს - კვირის პალიტრა

სუს-ის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ამ წუთებში, ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობასთან სამართალდამცავები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომში 3 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი.

დაკავების ფაქტზე ბორჯომის მერიასა და საკრებულოში კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"