"ზაზა სარალიძე გამოძიებით კმაყოფილი ვეღარ იქნება, ეს მის შვილს ვერ გააცოცხლებს" - კვირის პალიტრა

"ზაზა სარალიძე გამოძიებით კმაყოფილი ვეღარ იქნება, ეს მის შვილს ვერ გააცოცხლებს"

"კალანდია მტკიცებულებების გარეშე დასაჯეს! გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და რომ არა პოლიტიკური დაკვეთა, განაჩენი სხვაგვარი იქნებოდა"

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვერდიქტით, ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ციხეში 11 წლისა და 3 თვის გატარება მოუწევს. მიხეილ კალანდია შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა. ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი ნესტან ლონდარიძე განაჩენის სამართლიანობაში დაეჭვების საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ კიდევ დარჩათ უპასუხო კითხვები.

"ყველა მოქმედება კალანდიას სასარგებლოდ ყალბდებოდა"

- ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ყველას ეგო პასუხი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. გამოძიება თავიდანვე სწორად რომ წარმართულიყო, არც დაცვის მხარეს ექნებოდა ამდენი კითხვა და არც დაზარალებული მხარის ასეთ ბრძოლას ვნახავდით იმისათვის, რომ მკვლელები დაესაჯათ.

- ვისი ქმედებით მივიდა საქმე აქამდე? - ეს მოქმედებები სამოხელეო დანაშაულია, რაზედაც ლაპარაკობდა საპარლამენტო კომისიაც, სახალხო დამცველიც და ჩვენც. მოვითხოვთ, გამოიძიონ, ვისი მიზეზით მოვიდა საქმე აქამდე და ვის ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ცნობილია მათი სახელი და გვარი, ვინც საქმეს იძიებდა, მათიც, ვინც იყო პროკურორი.

სასამართლო პროცესების დროს გამოვლინდა ახალი გარემოებები, რომლებიც მიანიშნებდა კიდევ ერთი პირის მონაწილეობას ამ საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოყოფილ საქმეში, რომელზეც ახლა მუშაობენ, სრულად შეისწავლონ, რა მონაწილეობა მიიღო ამ პირმა დავით სარალიძის მკვლელობაში. ჩვენ ვლაპარაკობთ 12 გამიზნულ ჭრილობაზე, რომლებიც, შეუძლებელია, ერთ ადამიანს მიეყენებინა. დაცვა ამტკიცებს, რომ ჯანაშია თავს იცავდა და მან მიაყენა სარალიძეს ჭრილობები, ჩვენ კი ვამბობთ, რომ შეუძლებელია ამხელა სიმაღლისა და წონის ადამიანისთვის ასეთი დაზიანებები ჯანაშიას მიეყენებინა.

სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს არასრულწლოვნები ლაპარაკობდნენ საქმეში კიდევ ერთი პირის მონაწილეობაზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პირის მოქმედებებიც შეისწავლონ. კალანდიებმა გაიკვირვეს, რატომ არ ვასაჩივრებ ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებას, არადა, როდესაც ამ საპროცესო შეთანხმების თაობაზე შევიტყვე, პროტესტს ვაცხადებდი და ვამბობდი, რომ არ არსებობს ჩვენი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის თანახმად, სარალიძე ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა იყო.

ყველა მოქმედება, რომელიც ყალბდებოდა, სწორედ კალანდიას სასარგებლოდ ყალბდებოდა. ვინ ანადგურებდა მტკიცებულებებს? ამას მისი ოჯახი აკეთებდა. ვინ გადამალა ბავშვები? მისმა ოჯახმა! ვინ ცვლიდა ჩვენებებს პერმანენტულად? კალანდია, რომლის ყველა ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა! თურმე "ფეისბუქის" ჩანაწერებით არ მტკიცდება, რომ იქ არ არის ფრაზა "საჩეხაოდ წასვლა", თუმცა არ ამბობენ, რომ 1-ლი დეკემბრის ჩანაწერი იმიტომ არის წაშლილი, რომ ვიღაცას ეს ხელს არ აძლევდა.

- მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ კალანდიას ხელში ეჭირა ტარი. თუ დადგინდა, რისი ტარია, ან რა საგანია? - არასრულწლოვნები ასახელებენ ხელნაკეთ საგანს, ტარს, ეს საგანი დანის მსგავსია, მაგრამ ზუსტად თქმა უჭირთ, რადგან ყველა მიუთითებს, რომ კალანდია მას მალავდა სახელოში, ანუ ნაწილი ჩანდა, ნაწილი არა. მაჯა, სადაც ის ამ საგანს მალავდა, სისხლიანი ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს მტკიცებულებები სწორედ საგამოძიებო ორგანოებმა გაანადგურეს.

- ზაზა სარალიძე კმაყოფილია შედეგით?

- ზაზას ფულის აღება დააბრალეს! შვილის სულის გაყიდვაში დაადანაშაულეს! ეს მისი ოჯახისთვის როგორი მოსასმენია?! გამოძიებით კმაყოფილი ზაზა ვეღარ იქნება, ეს მის შვილს ვერ გააცოცხლებს.

- როგორც კი მოვა შოთაძე, პირველად ზაზას შეხვდებაო, ინტერვიუში მითხარით. - შეხვდება. უახლოეს დღეებში შოთაძეს განცხადებით მივმართავ.

- შოთაძის დაბრუნება იმედს გაძლევთ? სამოხელეო დანაშაული ხომ მისი ხელმძღვანელობის დროს ჩაიდინეს და მისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთა... - როდესაც მისი კანდიდატურა წარმოადგინეს, ვამბობდი, რომ სამოხელეო დანაშაული მისი მმართველობის პერიოდში ჩაიდინეს. იქნება კი სწორად და სამართლიანად გამოძიებული სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს? ეს კითხვები დღესაც გვაქვს, თუმცა ჩვენი შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება.

"ვინც სარალიძეს ზურგში ჩაარტყა, მანვე მიაყენა სასიკვდილო მეთერთმეტე ჭრილობაც"

ზურაბ თოდუა, მიხეილ კალანდიას ადვოკატი: - მას შემდეგ, რაც "ოცნება" გაურიგდა "ევროპულ საქართველოს", საქმემ პოლიტიკური ელფერი მიიღო. ორივეს ხელს აძლევდა საქმის ასე წარმართვა, რადგან "ოცნებას" პრობლემები შეუქმნა სარალიძის აქციებმა, ხოლო "ევროპულ საქართველოს" მიაჩნდა, რომ თუ კალანდიას შეუქმნიდნენ პრობლემას, მირზა სუბელიანი, რომელსაც თურმე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები ჰქონდა, ფირს გამოაქვეყნებდა. ვინაიდან "ოცნებამ" კარგად იცოდა, რომ ასეთი კადრები არ არსებობდა, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას დათანხმდა, რის შედეგადაც სარალიძე განუდგა მაჩალიკაშვილს და რუსთაველზე აქციები შეწყვიტა.

თავის დროზე ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურად არ შეფასებულა და საქმეს არასწორი მიმართულება მიეცა, რამაც უამრავი კითხვა გაუჩინა არა მარტო ზაზა სარალიძეს. გამოძიებამ ხელი დააფარა ერთ დანაშაულს, რომელსაც ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ამ საქმეზე. ეს გახლავთ მენაბდის დაჭრის ეპიზოდი. სავარაუდოდ, ის ზურგის არეში დაჭრა სარალიძის კლასელმა, იმან, ვინც დაინახა, რომ მის მეგობარ სარალიძეს პრობლემა ექმნებოდა. ამ კითხვაზე პასუხი არავის გაუცია, მიუხედავად იმისა, რომ დაკითხულმა ბარბაქაძემ გამოძიებას დაწვრილებით აღუწერა, როგორ და ვინ დაჭრა მენაბდე. პოლიციაში მენაბდემაც აჩვენა, რომ დაჭრილი იყო. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ არ ამოიღო ტანსაცმელი, არ დანიშნა ექსპერტიზა და ამ მიმართულებით ძიება არ გააგრძელა.

- ამას რით ხსნით? - ვფიქრობ, სწორედ აქ ჩაერია დაინტერესებული ძალა, რომელსაც არ უნდოდა გამოძიების ამ მიმართულებით წაყვანა. თუ კალანდია უქმნიდა სარალიძეს საფრთხეს, მაშინ იმ ბავშვს კალანდიასთვის უნდა დაერტყა დანა და არა - მენაბდისთვის.

ჯანაშიას რატომღაც 2020 წლის 15 იანვარს გაახსენდა და თქვა, რომ როდესაც ფარდულიდან გამოიქცა, კალანდიას ხელში დაინახა დანის მსგავსი საგანი. მასვე ეკუთვნის ფრაზა - კალანდია მაღაზიაში შევიდა და რომ გამოვიდა, ცალი მაჯა ჰქონდა სველიო (ანუ სისხლიანი ხელი მაღაზიაში დაიბანაო). მეორე მოწმე, ვისთან ერთადაც კალანდია მაღაზიაში შევიდა, ამბობს, რომ მან ორი ბოთლი წყალი იყიდა. ბარბაქაძე ამბობს, კალანდიას ორივე მაჯა სისხლიანი ჰქონდაო. ესეც მოგონილია, რადგან ბარბაქაძე თვითონაც ცდილობდა საპროცესო შეთანხმების მიღებას და მიიღებდა კიდეც, რომ არა დადუნაშვილის ოჯახის პრინციპული პოზიცია. მესამე გიორგი მენაბდეა, რომლის მიმართ გამოძიებას ბევრი კითხვა უნდა ჰქონდეს, რათა გაირკვეს, როგორ მოეცხო ამდენი სისხლი სარალიძისგან (მას სისხლი ხუთგან ჰქონდა) და რატომ გაარეცხვინა შარვალი მეგობარ ბიჭს და არა - დედას.

ჩემი ვარაუდით, საქმეში უნდა იყოს კიდევ ორი დანა - დანა, რომლითაც მენაბდეა დაჭრილი და დანა, რომლითაც სასიკვდილოდ დაჭრეს სარალიძე. ეს დანები თავის დროზე ბავშვებმა გადამალეს. საინტერესოა, რომ სარალიძეს ზურგის არეში აქვს მეცამეტე ჭრილობაც. ეს ჭრილობა და მეთერთმეტე ჭრილობა მსგავსია და, ჩემი აზრით, ვინც სარალიძეს ზურგში ჩაარტყა, მანვე მიაყენა სასიკვდილო მეთერთმეტე ჭრილობაც.

ადამიანი მტკიცებულებების გარეშე დასაჯეს! გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და რომ არა პოლიტიკური დაკვეთა, განაჩენი სხვაგვარი იქნებოდა.