"ბევრჯერ დამინახავს ღამით სახლთან ქვაზე ჩამომჯდარი ჩაფიქრებული ნიკა" - კვირის პალიტრა

"ბევრჯერ დამინახავს ღამით სახლთან ქვაზე ჩამომჯდარი ჩაფიქრებული ნიკა"

დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

18 წლის ნიკა ზაუტაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას სამხარაულის სახელობის ფსიქიატრიის დეპარტამენტში შეისწავლიან და ექსპერტების დასკვნით გაეცემა კითხვას პასუხი, იყო თუU არა შეურაცხადი დანაშაულის ჩადენისას ბიჭი, რომელსაც დედისა და ბებიის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ედება ბრალი. ტრაგედია 25 თებერვალს გამთენიისას ზაზიაშვილის ქუჩაზე მოხდა. პროკურორ გიორგი ქობულაძის თქმით, ბრალდებულმა ნაჯახით ჯერ მძინარე დედა მოკლა, შემდეგ კი ხმაურზე გამოღვიძებული ბებია. ამის შემდეგ კი დარეკა პოლიციაში. მეზობლები ამბობენ, დაკავებული ბიჭი თავში ხელებს იშენდა და ყვიროდა, მე მოვკალი დედაო. ბინაში შესულ ძალოვანებს 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და მისი 45 წლის ქალიშვილი თამარ ზაუტაშვილი გარდაცვლილი დახვდათ. ნიკა ზაუტაშვილისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თამარ გაჩეჩილაძე, ბრალდებულის საზოგადოებრივი ადვოკატი: - მიხეილ (ნიკა) ზაუტაშვილი არ არის კონფლიქტური. ყველა, ვისაც გავესაუბრე, მას დადებითად ახასიათებს. ბიჭი უმამოდ გაიზარდა, როგორც ამბობს, დედა 7 თვის ფეხმძიმე ყოფილა, როცა ქმარს მიუტოვებია. დედის გვარზე იყო. დედა და ბებია ზრდიდნენ. როგორც ამბობს, უთანხმოება ჰქონდა დედასა და ბებიასთან. ჩემს აზრს არასოდეს არ ითვალისწინებდნენ, დედა ყოველთვის მე მამტყუნებდა. ბებიაც დედას ხშირად ეკამათებოდა, სულ რაღაცით უკმაყოფილო იყოო. არ ამბობს, რომ სცემდნენ, უბრალოდ, ფსიქოლოგიურ წნეხში იყო. მითხრა, ადამიანებთან კონტაქტს ვერიდებოდი, იმდენად მაღიზიანებდნენ, მერჩივნა, ოთახში ჩაკეტილი ვყოფილიყავი, კომპიუტერული თამაშები მეთამაშაო. ნაკითხი, განათლებული ბიჭია, უყვარს მუსიკა, ფსიქოლოგიის შესწავლას აპირებდა... ბავშვობაში მსუქანი იყო, ამის გამო თურმე თანატოლები დასცინოდნენ. ამას ისიც მოწმობს, რომ 4 სკოლა გამოუცვლია.

გრძნობდა, რომ პრობლემები ჰქონდა. მითხრა, კომპიუტერთან რომ ვიჯექი, ვიღაცები მელაპარაკებოდნენ, სიცილი ისმოდაო. ბოლო დღეებში იყო მომენტები, როდესაც გათიშული ვიყავი, ხმები ჩამესმოდა და ვერ ვიაზრებდი, რა მჭირდა, შიგნიდან რაღაც მაწვებოდაო. მითხრა, დედას ვთხოვდი ექიმთან წაყვანას, შემპირდებოდა, მაგრამ მერე ავიწყდებოდაო. სამეგობრო წრეც ძალიან მცირე ჰყავდა. განსაკუთრებით ერთს, სანდროს მიჯაჭვია. ამ ტრაგედიამდე მას რამდენჯერმე უცდია თვითმკვლელობა, მაგრამ მეგობარმა გადაარჩინა.

ჩვენი მოქალაქეების აგრესიამ შემძრა. არავინ დაფიქრებულა, რამ მიიყვანა ბიჭი ამ მდგომარეობამდე. ნუ განსჯით ასე სასტიკად, ეს დანაშაული ნორმალური ფსიქიკის ადამიანს არ ჩაუდენია. მისი ნახატები რომ ნახოთ, გაოცდებით - ეშმაკის გამოსახულებებს და რაღაცებს ხატავდა. ხელზეც ჰქონდა ამოსვირინგებული ეშმაკი. მითხრა, ჩემს მეგობარს ჰქონდა, ის გარდაიცვალა და მერე მეც გადმოვიტანე ჩემს ხელზე. ეს იმედის იაპონური სიმბოლოაო.

ბიჭის მეზობლები ამბობენ, რომ მათი ბინიდან ხმაური და ჩხუბი არასოდეს გაუგონიათ.

"ჩემს სახლთან კამერებია დამონტაჟებული. იქ ჩანს, როგორ ამორბის გაგიჟებული ნიკა, როგორ აღებს თავისი ეზოს კარს და როგორ გარბის ქუჩაში. ნიკუშა ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ტრაგედიამდე 4 დღით ადრე დედამისმა მე და ერთი მეზობელი ქალი ნოტარიუსთან წაგვიყვანა, ბიჭს ჯარში უწევდა წასვლა და უნდა დაგვედასტურებინა, რომ დედისერთა იყო. კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ. ეტყობა, ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, თორემ ასეთ საშინელებას როგორ ჩაიდენდა", - ამბობს მეზობელი.

"უძილობა მაწუხებს, ღამით ხშირად ეზოში გავდივარ. შუაღამისას ბევრჯერ დამინახავს სახლის წინ ქვაზე ჩამომჯდარი ჩაფიქრებული ნიკა. ჩაკეტილი ბიჭი იყო", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.