"მხოლოდ იმას კითხულობდა, ჩემი და მოვკალიო?" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ იმას კითხულობდა, ჩემი და მოვკალიო?"

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში, 28 თებერვალს დილის 7 საათზე ტრაგედია დატრიალდა. მეზობელმა დაინახა, როგორ არბოდა კიბეზე სანადირო თოფით ლაშა ქიმბარიშვილი. მერე რამდენიმე გასროლა გაისმა. მეზობლები ეზოში რომ შევიდნენ, კიბე ჩამოირბინა ლაშა ქიმბარიშვილმა, პირველ სართულზე ოთახის კარი ჩაკეტა და პოლიციის მისვლას დაელოდა.

მეზობლებმა 42 წლის თეა ქიმბარიშვილი მძიმედ დაჭრილი იპოვეს, დედამისი კი უკვე გარდაცვლილი იყო. ქალს საავადმყოფოში მიყვანამდე გული გაუჩერდა.

მამუკა აფციაური, დუშეთის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში: - ლაშას ოჯახი არ ჰქონდა. ფერმას უვლიდა; ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტზე არაფერი მსმენია. ლაშას მიმალვა არც უცდია - ჩაიკეტა ოთახში და პოლიციელების მოსვლას დაელოდა. მამა რამდენიმე წელია, გარდაეცვალა. დედა და და-ძმა ცხოვრობდნენ. როგორც მითხრეს, იმ დილით ლაშა ნასვამიც არ ყოფილა. ადრე სვამდა, მაგრამ ერთ წელზე მეტია, არ დაულევიაო...

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. თეა ქიმბარიშვილსაც და დედამისსაც აქვთ ჭრილობები როგორც დანით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით.

ჩვენ ქიმბარიშვილების ნათესავს ვესაუბრეთ: - თეას ძალიან უყვარდა ძმა, თავს ევლებოდა. წლების წინ ლაშას დაუნდობლად სცემეს. დღემდე არ ვიცით - ვინ. არმატურები ურტყეს. მომაკვდავი იპოვა თეამ და გადაარჩინა. დიდხანს მკურნალობდნენ. ახლა ვფიქრობ, ხომ არ აისახა ეს მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე.

- ითქვა, თითქოს და-ძმას შორის კონფლიქტი ოქროს ბეჭდის გამო მოხდა.

- რაში უნდა დასჭირვებოდა ლაშას მისი ბეჭედი?! მას საქონელი ჰყავდა და თავისი ფულიც ჰქონდა. არა მგონია, ეს სიმართლე იყოს.

- ბრალდებულს გაქცევა არ უცდია. ამ ტრაგედიის შემდეგ არაფერი უთქვამს? - მხოლოდ იმას კითხულობდა, ჩემი და მოვკალიო? არ ვიცი, ლაშა რას იტყვის. დღეს არც ერთ ნათესავს მისი ბედი აღარ აინტერესებს. რომ მიჰყავდათ, პოლიციელებისთვის უთხოვია, გასვენებაში მიმიყვანეთ ერთი საათითო. ვინ მოუშვებს აქ?! გამწარებულ სანათესავოს როგორ გადაურჩება?!

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ალბათ, ექსპერტები მის ფსიქიკურ მდგომარეობასაც შეისწავლიან და გაირკვევა, იყო თუ არა დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი. წაყენებული ბრალი 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.