სამართლის კურიოზები - კვირის პალიტრა

სამართლის კურიოზები

საახალწლო ნომერში სტატიის მომზადებისას, როგორც წესი, ვცდილობთ სადღესასწაულო განწყობა არ წავუხდინოთ მკითხველს, ამიტომ შედარებით მსუბუქ და კურიოზულ თემებს ვარჩევთ. წელს მე აშკარად ვერ შევასრულე ეს ამოცანა. ქვემოთ მოყვანილი ფაქტები კურიოზული კი არის, მაგრამ  სასაცილოსი და მსუბუქის რა მოგახსენოთ.

6 საბურავს + 2 ბიდონი = 18-წლიან ციხეს

ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტარი, იუსტიციის საბჭოს წევრი: - მინდოდა ეს საქმე  საჯარო განხილვის საგანი გამხდარიყო, მაგრამ პატიმრის ოჯახმა მთხოვა, ეს არ გამეკეთებინა, ამიტომაც ვერ ვასახელებ ვერც მოსამართლის, ვერც მსჯავრდადებულისა და ვერც ადვოკატის ვინაობას. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მსჯავრდადებულს რამაზი ჰქვია.

ეს ამბავი 2006 წელს მოხდა, მაშინ, როცა პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ განცხადება გააკეთა და ინკვიზიციის ეპოქა დაიწყო. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა უამრავი მსხვერპლი. მოკლედ, მსჯავრდადებულმა რამაზმა ღამით ავტოფარეხი გატეხა და  8 ცალი საბურავი და ორი ბიდონი საწვავი მოიპარა.

დაიჭირეს და 16(!) წელი მიუსაჯეს. მოსამართლემ სრულიად გაუგებარი ლოგიკით გამოიანგარიშა, რომ ბრალდებული ერთ ჯერზე ორ საბურავზე მეტს ავტოფარეხიდან ვერ გამოიტანდა,  შესაბამისად, 8 ცალი საბურავის გამოსატანად ავტოფარეხში, სულ ცოტა, ოთხჯერ შესვლა მოუწევდა, ამას დაუმატა ორი ბიდონი საწვავიც, რასაც მოსამართლის ლოგიკით ორი ხელი სჭირდებოდა და ავტოფარეხში კიდევ ერთხელ შესვლაც. მოკლედ, მოსამართლემ იანგარიშა და გადაწყვიტა, რომ რამაზმა ჯამში ხუთჯერ იქურდა. შეუკრიბეს ამ საცოდავს ქურდობის ხუთი ეპიზოდი და 16 წლითაც გამოკეტეს ციხეში.

- ბატონო ნიკა, თქვენ არაერთხელ დაგადანაშაულეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში.

- თუ უზენაესი სასამართლო ასე არ მოიქცევა, მაშინ სასამართლოს შემადგენლობის დიდმა ნაწილმა ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს (ეს საუკეთესო შემთხვევაში), ისე კი მათი არა მარტო დისციპლინური, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნაც უნდა დაიწყოს.

როცა 27 წლის პროკურორი  17 წლის მოზარდისთვის  ხულიგნობისათვის (ჩხუბისათვის) 10 წლით პატიმრობის მისჯას მოითხოვს, არანორმალურია. კიდევ უფრო არანორმალურია, როცა 50 წლის მოსამართლე ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. სხვათა შორის, ამ თემებზე ვისაუბრე პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან. ასეთივე დასტა საქმეებით ვიყავი მისული. ჩემთვის მოულოდნელად,  ზოდელავა ყველა საქმეს იცნობდა. როგორც მითხრა, სახელმწიფო კანონმდებლობის ლიბერალიზაციას აპირებს. ვნახოთ, ვნახოთ...

9 წელი გოჭის ქურდობისათვის

ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: - ერთი საქმე ძალიან მომხვდა გულზე და დამამახსოვრდა. ახალგაზრდამ  გოჭი მოიპარა. ვიღაცამ ეს დაინახა და პოლიციას შეატყობინა. პოლიცია დაედევნა, ის არ დაემორჩილა და მანქანით გაიქცა. ამასობაში გოჭმა "ივაჟკაცა" და მანქანიდან გადმოხტა.

ამ გაქცევა-დაკავებაში გოჭი მანქანამ გაჭყლიტა. მოკლედ, ქურდი დაიჭირეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას უკვე სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს. 5 წელია კაცი ციხეში ზის. ქურდობა რომ დანაშაულია, ვინ არ იცის, მაგრამ გოჭის ქურდობისთვის ცხრაწლიანი სასჯელი მეტისმეტია.

- შეიწყალეთ ეს პატიმარი?

- მისი შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ჩვენ რეკომენდაცია მივეცით, მაგრამ როგორც ვიცი, ეს კაცი ახლა ციხეშია.