2 თვეში საქართველოში 8 ქალი მოკლეს, 4 კი დაჭრეს - კვირის პალიტრა

2 თვეში საქართველოში 8 ქალი მოკლეს, 4 კი დაჭრეს

"ვითარება უკიდურესად მძიმეა - მიუხედავად შემაკავებელი ორდერებისა, მიუხედავად მეუღლეებთან განშორებისა, მოძალადეები ყოფილ ცოლებს მაინც ხოცავენ"

  • 19 იანვარს მკვლელობა სურამში, სოფელ ბუღაურაში მოხდა. ლევან ლომიძემ ყოფილი ცოლი, ბეტა ნაჭყებია მოკლა. ცოლ-ქმარი 2 წელზე მეტია განქორწინებული იყო, მაგრამ ბეტა სოფელში ყოფილი მეუღლის ბებიის სანახავად ჩადიოდა თავის პატარა გოგონასთან ერთად. როგორც ჩანს, იქ შეხვდა ყოფილ ქმარს, ლევან ლომიძეს, რომელმაც ცულით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
  • 15 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ყოფილმა ქმარმა ცოლი, 23 წლის ჰათირა ჰუსეინოვა სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა, დაჭრა ცოლისდაც.
  • 18 თებერვალს სამტრედიის იუსტიციის სახლში სალომე ბოხუას ქმარმა, გიგა აბრალავამ ხალხის თვალწინ დანით ყელი გამოსჭრა. იმ დღეს წყვილს იუსტიციის სახლში მეუღლესთან განქორწინება ოფიციალურად უნდა გაეფორმებინა. ამ ოჯახური კონფლიქტის შესახებაც იცოდა პოლიციამ, შემაკავებელი ორდერიც გაცემული იყო.
  • 25 თებერვალს თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 18 წლის მიხეილ ზაუტაშვილმა ბებია და დედა დახოცა. მკვლელობის მიზეზად ისევ ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
  • დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში 28 თებერვალს ლაშა ქიმბარიშვილმა სანადირო თოფითა და დანით დედა და და დახოცა.
  • 2 მარტს ახალგაზრდა კაცმა ისანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დედა მოკლა, შემდეგ კი კვალის დასაფარავად ცხედარს ეზოში ცეცხლი წაუკიდა.
  • მძიმე შემთხვევა მოხდა ხაშურშიც. 24 წლის სალომე ჩიქოვანი მეუღლის სახლიდან წელიწად-ნახევრის წინ წამოვიდა. ამ ოჯახურ კონფლიქტზე ინფორმირებული იყო პოლიცია, გააფრთხილეს მოძალადე, მაგრამ ის მუქარის მესიჯებს ყოფილ ცოლს მაინც სწერდა. მორიგი მუქარის შემდეგ ქალმა პოლიციაში საჩივრის შეტანა გადაწყვიტა. სწორედ იქ მიდიოდა ნათესავებთან ერთად, როცა ქუჩაში ყოფილი ქმარი თავს დაესხა და დანით დაჭრა. სალომეს ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა და ჯერაც მძIიმე მდგომარეობაშია.

გასულ 2019 წელს საქართველოს მასშტაბით 17594 პირზე 10266 შემაკავებელი ორდერი გასცეს, აქედან 7030 მოძალადე მამაკაცია. 2019 წელს გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის 2582, ფსიქოლოგიური ძალადობის - 9445, იძულების - 121, ეკონომიკური ძალადობის - 225, სექსუალური ძალადობის - 33, ხოლო უგულებელყოფის 155 შემთხვევა. შემაკავებელი ორდერი გაიცა 1524 მოძალადე ქალზეც.

სპეციალისტების თქმით, მთავრობა მსხვერპლს დაცვის გარანტიას ვერ აძლევს, შემაკავებელი ორდერი ამ პრობლემას არ შველის და ეს არაერთხელ დადასტურდა.

გახშირებულ ფემიციდის ფაქტებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. "ქალებზე ძალადობასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!" - წერს გიორგი გახარია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ელისო ამირეჯიბი კარგად იცნობს როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის ფსიქიკას. ის ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში მუშაობს.

- მართალია, სახელმწიფოში არსებობს მოძალადისგან თავის დაცვის მექანიზმები, ქალების ცნობიერებაც ამაღლებულია, მაგრამ მსგავსი ტრაგედიები რომ თავიდან ავიცილოთ, მასმედიის როლიც უმნიშვნელოვანესია. ფემიციდის შემთხვევების გაშუქების დროს მედიას სიფრთხილე მართებს. ხშირად რესპონდენტები არიან მკვლელის მეზობლები, ოჯახის წევრები. დამნაშავეზე ამბობენ, კარგი ბიჭია, არ ვიცი, რა მოხდაო და ამას ვისმენთ ტელეეთერში. ეს შეცდომაა. ავიღოთ ბოლო შემთხვევა - ისანში ბიჭმა სასტიკად მოკლა დედა, მერე ცხედარი დაწვა და მიუხედავად ამისა, მეზობლები ამბობენ, მათი ბინიდან ხმაური არასოდეს გაგვიგია, კარგი ბიჭი იყოო. სამტრედიაში ცოლს რომ ყელი გამოსჭრა ქმარმა, ბიჭის ნათესავები გვარწმუნებდნენ, კონფლიქტი არ ჰქონიათ, მაგრამ გოგო სახლიდან წავიდაო. არადა, დარწმუნებული ვარ, სანამ მკვლელობამდე მივიდოდა საქმე, მანამდე მოძალადე არა მარტო ცოლზე, ოჯახის სხვა წევრებზეც ძალადობდა. ვინც მას თავგამოდებით იცავს, შეიძლება ისიც გამხდარა მისი მსხვერპლი. ამიტომაც არ უნდა ალაპარაკო მოძალადის მხარე. საზოგადოება, რომლის წიაღშიც ხდება ამგვარი დანაშაულები, მოძალადეს ამართლებს. ამას უსმენს სხვა მოძალადე და იმავეს სჩადის.

- ხშირად დამცავი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს, ვერ აჩერებს მოძალადეს.

- მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოძალადეების ქცევის კორექციის პროგრამა, ჯერჯერობით მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემასა და პრობაციაში მიმდინარეობს. ნებისმიერი პირი, რომელზეც გასცემენ შემაკავებელ ორდერს ან შემჩნეულია ძალადობაში, სასამართლომ იძUულებით უნდა ჩართოს ამ პროგრამაში. თუ მოძალადე ქცევის კორექციას არ შეეცდება, მას შემაკავებელი ორდერი ვერ შეაჩერებს. მან უნდა გააცნობიეროს, რომ გარშემო მყოფთათვის საშიშია, ლახავს ადამიანის უფლებებს და ეს დასჯადია. კეთილინებოს სახელმწიფომ, გამონახოს სახსრები, გამოყოს უწყება, რომელსაც დაავალებს მოძალადეების ქცევის კორექციას. დღეს მხოლოდ მსხვერპლებთან მიდის მუშაობა, მოძალადე კი განზე რჩება. თუ მასაც არ მივხედეთ, ისევ იმავეს ჩაიდენს. შემაკავებელი ორდერი დააფიქრებს მოძალადეს? არა, კბილების ღრჭიალში არიან, ერთი სული აქვYთ, როდის გავა ის ერთი თვე, რომ ორდერის გამო აგებინონ მსხვერპლს პასუხი, ბოდიში მოახდევინონ ან მოკლან.

- აცხადებთ, რომ მედიაში ამ ფაქტების გაშუქება მოძალადეს აქეზებს, ესე იგი, ფემიციდის ფაქტებზე არ უნდა ვილაპარაკოთ? - დიახ, ამით სხვა მოძალადის პროვოცირება ხდება. ფიქრობს, ჩემი ცოლიც ასე იქცევა, ჩემგან წასვლა როგორ გაბედა, მეც ასე მოვექცევიო. მოძალადეს ყველა აქებს და სხვებსაც იმედი აქვთ, ჩემზეც ამავეს იტყვიან, მაინც კარგ ბიჭად დავრჩები ხალხის თვალშიო და, ისიც კლავს ცოლს. არ არის საჭირო ყველაფრის დაწვრილებით გაშუქება, სისხლიანი ვიდეოფირების ჩვენება. უნდა გაშუქდეს როგორც ფაქტი. ახალი წლის შემდგომ ამდენი ქალია მოკლული, სტატისტიკა უნდა გაგვაცნონ და შეფასებაც კომპეტენტური უნდა იყოს.

ყველა შემთხვევაში ამ მძიმე დანაშაულის ჩამდენები თავის დროზე თავად იყვნენ მსხვერპლი, მაგალითად, ბავშვობაში. მსხვერპლის ფსიქოლოგია ასეთია: როცა მასზე ძალადობენ, ისიც იძალადებს სხვაზე, უფრო სუსტზე. როცა დედა შვილზე ძალადობს, მერე შვილი ხდება მოძალადე. ძალადობა ჯაჭვურად ვრცელდება - ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბავშვები მშობლებზე ძალადობას იწყებენ, შემდეგ ცოლზე და ა.შ. მათ სხვა ურთიერთობის ფორმა არ იციან.

- მოძალადეების უმრავლესობას ფსიქიკური პრობლემა აქვს?

- ჩვენ გამოვკითხეთ 21 მამაკაცი, რომლებიც ოჯახის წევრებზე ძალადობდნენ, და მათგან მხოლოდ ორს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემა. დანარჩენ 19 მამაკაცს, რომლებიც ახლა პატიმრები არიან, ყველას ჰქონდა თავის გასამართლებელი არგუმენტი - ყველას სჯეროდა, რომ სწორად მოიქცა. ცოლყოფილს რომ ნახავ ვიღაცის მუხლებზე, ის უნდა მოკლა, მესიჯი თუ წაიკითხე, უნდა მოკლა; ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება შენი მონა-მორჩილი იყო, თვალებში გიყურებდა და ხედავ, ახლა სტუმრებს ღიმილით ხვდება, ესე იგი, რაღაც ხდება და უნდა მოკლა... საინტერესოა, რომ მათ მხარს უჭერენ თანამოსაკნეებიც. მართალი ხარ, ძმაო, როგორ გაბედა ხმის ამოღება, განქორწინება, ესე იგი, საყვარელი ჰყავდაო.

მოძალადეებთან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობრივ ქცევასთან დაკავშირებული ფაქტორებია ადრეულ ასაკში ქორწინება;

განათლების დაბალი დონე; ფინანსური სირთულეები; უმუშევრობა; ძალადობის წარსული - როდესაც ბავშვი მშობლებს შორის ძალადობის შემსწრეა, ან თავად აქვს გადატანილი ძალადობა; კონფლიქტი ქალის ოჯახის წევრებთან, წყვილის ურთიერთობაში ჩარევის გამო; ღალატი; აზრთა სხვადასხვაობა შვილების აღზრდაში და ა.შ. საინტერესოა, რომ ძალადობის დიდი წილი მოდის იმ ქალებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ. მეტიც, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც მარკერი სხვადასხვა სოციალურ პირობებში მცხოვრები ქალებისთვის. ანუ ძალადობა მაღალია იმ საზოგადოებაში, სადაც ქალებს არა აქვთ სტაბილური სოციალური მხარდაჭერა და ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

გამოკითხვაში მონაწილე მოძალადე მამაკაცების 87%-ს აქვს საშუალო განათლება, მხოლოდ ერთ მონაწილეს ჰქონდა უმაღლესი განათლება. ზოგმა მიიღო პროფესიული განათლება. მონაწილეების 43% ბავშვობაში შესწრებია მშობლებს შორის ფიზიკურ ძალადობას და თვითონაც იყო ძალადობის მსხვერპლი. გამოკითხვაში მონაწილეთა 56%-მა აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის გარდა, სხვა ტრავმული შემთხვევებიც გამოუცდიათ: დის ან ძმის გარდაცვალება უბედური შემთხვევის, ან მძიმე დაავადების გამო; მშობლების უეცარი გარდაცვალება; შვილის დაკარგვა მისი დაბადებისთანავე; მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალება ავტოსაგზაო შემთხვევაში...

მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაც. გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობა მოიხმარდა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. მათგან 18%-მა დაადასტურა, რომ დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე; თვალსაჩინოა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაც - აგრესია, შფოთვა, თვითდაზიანებები, სუიციდური იდეების არსებობა.

ზემოჩამოთვლილი რისკ-ფაქტორები გვეხმარება იმის გაგებაში, რა პრევენციული ზომების მიღება და სერვისების დანერგვაა საჭირო ამ უმწვავესი პრობლემის შესამცირებლად. სახელმწიფომ ამისთვის სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა.