თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მგზავრი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მგზავრი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსის მგზავრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელს ესაუბრებოდა და საუბრისას აღნიშნა, რომ 4 დღის წინ, პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია შიდაიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა.

აღნიშნულის შემდეგ ერთ-ერთმა მგზავრმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს მიკროავტობუსიდან გაიქცა.

"ინტერპრესნიუსი"