თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

უწყების ცნობით, სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ყველა მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.