"კრიმინალი შემცირდება, რადგან კარანტინის დროს მოქალაქეთა აქტიურობა შეზღუდულია" - კვირის პალიტრა

"კრიმინალი შემცირდება, რადგან კარანტინის დროს მოქალაქეთა აქტიურობა შეზღუდულია"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის 2020 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა. საქართველოში ამ პერიოდში დანაშაულის 5 334 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 1314 საქმე გახსნილია. როგორც უწყებაში განმარტავენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი დაახლოებით 400 შემთხვევითაა შემცირებული. რა საფრთხეებია მოსალოდნელი და როგორ უნდა გაუმკლავდეს მას სახელმწიფო, კრიმინოლოგი გიორგი ღლონტი გვესაუბრება.

- როცა ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო, რეალურია თუ არა საფრთხე, რომ კრიმინოგენული ვითარება გამწვავდება?

- პირიქით, კრიმინალი შემცირდება, რადგან კარანტინის დროს მოქალაქეთა აქტიურობა შეზღუდულია. ასეთ პერიოდში კონტროლი უფრო მკაცრდება და დანაშაულის ჩადენა ნაკლებად შესაძლებელია. გართულებულია გადაადგილება, უცხოეთში გასვლა-ჩამოსვლა. ამიტომაც მთლიანად უნდა გამოვრიცხოთ უცხოელების დანაშაული, უნდა გამოვრიცხოთ ის დამნაშავეებიც, რომლებიც აპირებდნენ დანაშაულის ჩადენას და მერე საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას.

- ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა, ბევრიც დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ასეთ შემთხვევაში მაროდიორობის გახშირებას გამორიცხავთ? - თუ თავის რჩენის პრობლემა დადგება, შეიძლება მაროდიორობა მართლაც პრობლემა იყოს, რადგან გამოუვალ მდგომარეობაში ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია. თუმცა ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ამისთვის ემზადებიან - სავარაუდოდ, ზოგიერთ გადასახადს გადაავადებენ, დახმარებას გასცემენ; ვისაც გაუჭირდება, მათთვის შეიძლება დამხმარე პაკეტებიც შეიქმნას. ალბათ, გამოჩნდება სოციალური პროგრამებიც ბიზნესიდან, საბანკო სექტორიდან... ვფიქრობ, სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში შიმშილობას. ფასების ზრდის შეჩერება, ადმინისტრაციული მეთოდები და სხვა ნორმები არ დაუშვებს ანარქიას, მათ შორის მაროდიორობას.

- ჩვენგან განსხვავებით, ევროპა-ამერიკის მოსახლეობა უფრო პანიკაშია. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე დიდი რიგი იარაღის მაღაზიებთან დგას. - ჩვენ ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ბევრი რამ გადავიტანეთ: სამოქალაქო ომი, აჯანყებები, ძარცვა-ყაჩაღობა, უშუქობა, შიმშილი... კეთილმოწყობილ ყოფას შეჩვეულ ამერიკელებს ნებისმიერი სირთულის გადატანა უჭირთ. იქ ცოტა მეტი თოვლი თუ წამოვიდა, ამის გამოც პანიკა იწყება. იარაღი უფრო თავდაცვისთვის სჭირდებათ, ვიდრე თავდასხმისთვის. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა ამერიკას, მატერიალურის გარდა, დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაც მიაყენა. ეს მისი მოქალაქეებისთვის მოულოდნელი იყო და ახლა, როცა ინფექცია აღმოცენდა, ეს დიდი პანიკის საფუძველი გახდა. პანიკურად ემზადებიან რაღაც საშინელებისთვის.

- ფიქრობთ, რომ უსაფუძვლოა პანიკა? - რა თქმა უნდა. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ვირუსი, რომელიც დიდხანს ცოცხლობს. ვირუსი პარაზიტია და ადამიანში პარაზიტობს. მისი მიზანი არ არის თავისი რეციფიენტის, ანუ დონორის, მარჩენლის მოკვლა. პრობლემა ის არის, რომ ახლანდელი ვირუსი რაღაც უცნაურია. ვირთხების და ღამურების ვირუსი არ არის მიჩვეული ადამიანებს, ის შემთხვევით შეეყარა ადამიანს და პირველი, რასაც ის აკეთებს, ეძებს, როგორ იპარაზიტოს, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არა აქვს და ამიტომაც აქტიურობს. პაციენტთა პირველ ჯგუფზე კორონამ მომაკვდინებლად იმიტომ იმოქმედა, რომ ადაპტირებული არ იყო. როგორც ადამიანს უჩნდება იმუნიტეტი, ვირუსიც ეგუება ახალ მდგომარეობას, თუ არადა, კვდება. თუ ვირუსი შეეგუა ადამიანს, ის უკვე ჩვეულებრივ გრიპად გადაიქცევა, რომელიც ადამიანს სეზონურად ემართება. რაც მეტი გრიპი გადავიტანეთ, მით ნაკლებად მოქმედებს ის ჩვენზე, რადგან ადამიანს იმუნიტეტი უჩნდება, ვირუსს კი ადაპტაცია. მაქსიმუმ 2-3 თვეში ეს ინფექცია გადავა, მაგრამ რადგან უკვე არსებობს, ის ყოველწლიურად იარსებებს. ამას ასეთი აჟიოტაჟი რომ არ მოჰყოლოდა, კორონას ადამიანები ისე გადაიტანდნენ, როგორც სხვა ნებისმიერ არსებულ ვირუსს.

- იმ შემთხვევაში, თუ არ აგვცდა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და მაინც გახშირდა კრიმინალი, რა ზომები უნდა მიიღონ შესაბამისმა უწყებებმა? - ზომები ყოველდღიურად გამკაცრდება. ვინც შეზღუდვებს დაარღვევს, დიდი ჯარიმა ან პატიმრობა დაემუქრება. მაგალითად, ისრაელში კორონავირუსზე რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზედ დაუმორჩილებლობა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ასევეა იტალიაშიც...

ჩვენს სახელმწიფოს ძალიან ქმედითი ბერკეტები აქვს და ეს სწორედ ახლა გამოჩნდა. თუ საჭირო გახდა, კომენდანტის საათსაც გამოაცხადებენ, გადაკეტილია საზღვრებიც. თუ გამოვლინდა მაროდიორობის ფაქტები, დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან. ჩინეთში, დაუმორჩილებლობისა და უსაფრთხოების წესების უხეშად დარღვევისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღეს - 2 კაცი დახვრიტეს კიდეც და კრიმინალი უცებ შეწყდა. ზოგჯერ საჭიროა მკაცრი, ოღონდ დოზირებული ზომები, ან მუქარა, რომელიც რეალურად აღსრულდება.