"უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კომპეტენტური და გონიერი ქალია, მაგრამ არა მებრძოლი" - კვირის პალიტრა

"უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კომპეტენტური და გონიერი ქალია, მაგრამ არა მებრძოლი"

"ნინო ქადაგიძე კვალიფიციური იურისტია, მაგრამ პრობლემა ის არის, როდესაც ხელისუფლების დაკვეთა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, მას არ გაუჭირდება მისი შესრულება და სამართლებრივად გაფორმება"

17 მარტს პარლამენტმა დეპუტატთა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია ნინო ქადაგიძე, რომელიც უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე იყო.

"სახელმწიფოს ჩამოყალიბების ამ ეტაპზე ჩვენ დაახლოებით ისეთი კრიზისი გვაქვს, როგორიც სამყაროს კორონავირუსის გამო, და თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შეძლებს იმ საშინელი ვირუსისგან გაწმინდოს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც მას სასამართლო კლანის სახით ჰყავს, ეს იქნება ამ სისტემის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია.

- პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძე ფორსმაჟორულ სიტუაციაში, დაჩქარებული წესით დაამტკიცა, რით აიხსნება ეს?

- ცოტა დაუჯერებელი ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასანიშნად მოიცალა.

ქალბატონი ნინო ქადაგიძე კვალიფიციური იურისტი, გამოცდილი მოსამართლეა, მაგრამ საკითხავი და პრობლემა ის არის, როგორ გამოიარა ხელისუფლების ის პერიოდები, როდესაც სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობა არ იყო აბსოლუტური და ისიც ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მისი დანიშვნა დღეს სრულიად ლოგიკურია - ხელისუფლებას წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო დავებისთვის დასჭირდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ისეთი მოსამართლე, რომელიც კარგად ერკვევა საარჩევნო კანონმდებლობაში.

ნინო ქადაგიძე

როგორც ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე, ქადაგიძე მრავალი წლის განმავლობაში განიხილავდა საარჩევნო დავებს და სწორედ მისი დამსახურებაა "ვარდების რევოლუციის" მართლმსაჯულების წესით გაფორმება. ასე რომ, კვალიფიციური იურისტია, მაგრამ პრობლემა ის არის, როდესაც ხელისუფლების დაკვეთა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, მას არ გაუჭირდება მისი შესრულება და სამართლებრივად გაფორმება.

- გინდათ თქვათ, რომ კარგი შემსრულებელი იქნება?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, იმ კანდიდატებს თუ გადავხედავთ, რომლებიც უვადო მოსამართლეებად შეარჩიეს, მათ შორის ნინო ქადაგიძე ყველაზე კვალიფიციური იურისტია. ის ყველაზე უკეთ შეძლებს თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთებას.

- ჩემთვის პრიორიტეტული ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მართლმსაჯულება იქნებაო, განაცხადა ნინო ქადაგიძემ. - ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ მისი მუშაობის პირველივე კვირას. უზენაესი სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას უნდა ეტყობოდეს, რომ მოსამართლეებს ჰყავთ ახალი თავმჯდომარე, რომელმაც მათ შეუქმნა საქმიანობის ისეთი პირობები, რომ პოლიტიკური დაკვეთებისგან თავისუფალი არიან.

- ოპოზიცია ნინო ქადაგიძეს ჩინჩალაძის მთავარ დასაყრდენად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის კლანმა მისი მორჩილების გამო დააწინაურა. თუმცა ადრესატი ამას უარყოფს და ამბობს, მე ლადო ჭანტურიას, თედო ნინიძისა და ჯონი ხეცურიანის კლანის წევრი ვარო. - ჩინჩალაძემ იმდენად ვერტიკალში მოაქცია სასამართლო ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, რომ მისი დაქვემდებარების გარეშე ვერავინ შეძლებდა ამ სისტემაში არსებობას, დაუყოვნებლივ მოაშთობდა ან გააძევებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალბატონი ნინო კლანის წევრი ან მისი ერთგული მაინც იყო, სხვაგვარად სკამს ვერ შეინარჩუნებდა. რაც შეეხება ჩამოთვლილ პირებს, არც ერთ მათგანს არ უცდია კლანის შექმნა. ალბათ, ეს ქალბატონმა ნინომ იმიტომ თქვა, რომ თავის დროზე პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით გამორჩეულ იურისტებთან მუშაობდა. მაგალითად, ჯონი ხეცურიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, მან თავი ასეთად დაამახსოვრა საზოგადოებას.

- ხელჩასაჭიდი ვერავინ ვერაფერი მიპოვაო, ესეც თქვა ქალბატონმა ნინომ. - როგორც მოგახსენეთ, ქადაგიძე პროფესიონალია. მას შეუძლია ისე დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილებები, რომელთაც იოლად ვერავინ გააუქმებს და გადასინჯავს. ბუნებრივია, იოლად ვერავინ ვერაფერს შებედავდა.

- ანუ ის არ შედის იმ მოსამართლეების რიცხვში, რომლებიც "ადრე ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ"?

- უეჭველია შედის, მაგრამ კობახიძის მაგ ფრაზას მე ორ ნაწილად გავყოფდი და ასე განვმარტავდი: თუ მოსამართლე ცუდ რაღაცებს სჩადის, მას ჯერ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, რადგან მოსამართლისგან რაიმე ცუდის ჩადენა უეჭველად გულისხმობს ძალიან მძიმე დანაშაულს მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის წინააღმდეგ. თუ ის სასჯელს მოიხდის და სრულიად ვალმოხდილი იქნება, მერე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთმა ყოფილმა მოსამართლემ შეიძლება კარგი რაღაცებიც ჩაიდინოს, მაგრამ არა მოსამართლის რანგში. არ შეიძლება ცუდი რაღაცის ჩამდენი მოსამართლე უცებ კარგ მოსამართლედ იქცეს ისე, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს.

- სხვათა შორის, საზოგადოებას ეგონა, რომ ამ პოსტზე უალტერნატივო კანდიდატი შალვა თადუმაძე იყო. - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საჯარო მოსმენებმა ისეთი საშინელი რაღაცები გამოავლინა, რომელთა გვერდის ავლა თვით "ქართულ ოცნებას" გაუჭირდა. ყველა წერილში, რომლებიც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მოვიდა, ლაპარაკი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების ხარვეზიან პროცესზე, რომელიც უპირველესად, თადუმაძის სკანდალურ დიპლომს შეეხებოდა. ამიტომ ვერავინ გაბედა მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენაც კი.

- რა იქნება ახალი თავმჯდომარისთვის მთავარი გამოწვევა და თქვენი აზრით, გაართმევს თავს?

- ვფიქრობ, მისთვის დიდი გამოწვევა იქნება სამიდღემჩიოდ გამწესებულ მოსამართლეებთან ურთიერთობა.

თუ ქადაგიძე პრაქტიკულად განიხილავს საქმეებს, ის მარტო ვერ იქნება - უზენაესში საქმეთა განხილვა 3 მოსამართლის შემადგენლობით ხდება. ალბათ, ქადაგიძეს ამ შემადგენლობის დაბალი კვალიფიკაცია გააოცებს. მართალია, იქ ჯერ კიდევ არის ვაკანსიები, მაგრამ როგორ წარიმართება სასამართლოს შემდგომი შევსება, თავად ქადაგიძეზეც იქნება დამოკიდებული.

ვფიქრობ, პრობლემა ექნება კლანთან ურთიერთობაშიც, რადგან კლანი მის დაქვემდებარებას მოინდომებს. რამდენად გაუძლებს ქადაგიძე ამ წნეხს, რამდენად მტკიცე აღმოჩნდება, ეს არის საკითხავი.

ფაქტობრივად, ქალბატონ ნინოს მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ის ჩაფლული იქნება ყოველდღიურ საქმეებში და სანამ თავს ასწევს და პრობლემების აღმოფხვრას დაიწყებს, მანამდე, ალბათ, კლანი უფრო გაძლიერდება. ამიტომ მისი მიზანი, მიაღწიოს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ფიზიკურად შეუძლებელია.

- ალბათ, ამიტომაც თქვა, ჩემთვის ეს თანამდებობა კომფორტს არ წარმოადგენსო. - ქადაგიძე სასამართლოში მინიმუმ 11 მსგავს მოსამართლესთან ერთად უნდა წასულიყო, რათა შეექმნა ახალი, მძლავრი მომხრეთა ჯგუფი. დღეს ვისთანაც მოუწევს მუშაობა, ისინი მისი დასაყრდენი არ იქნებიან. როდესაც ლადო ჭანტურია დანიშნეს თავმჯდომარედ, ის 11 მოსამართლესთან ერთად მივიდა და მაშინ ამბობდნენ, უზენაეს სასამართლოში 12 მოციქული გაჩნდაო. ლადოს მაშინ ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც იქ ვითარების შეცვლა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. დღეს უზენაესში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, მაშინ მოსამართლეები 10 წლის ვადით ინიშნებოდნენ, ახლა კი უვადოდ.

- ხშირად უთქვამთ, ბიძინა ივანიშვილის მიზანია სასამართლოს ყველა შტოს გაკონტროლებაო. შეიძლება ვთქვათ, რომ უზენაესი სასამართლო მისი დასაყრდენი გახდება? - არ ვფიქრობ, რომ ნინო პერსონალურად ივანიშვილის დასაყრდენი იქნება, თუ თავად არ მოინდომებს, მაგრამ თუ გაემიჯნება, ივანიშვილი ყოველთვის მოძებნის ქადაგიძის მოადგილეებსა და სხვა მოსამართლეებში თავის დასაყრდენს და ისინი უმრავლესობას შექმნიან. ასე რომ, კლანი იმუშავებს.

როცა უზენაესში 3 მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, ერთმა რაც უნდა განსხვავებული აზრი დაწეროს, თუ ორი დაუჭერს მხარს, მაინც გავა. ნინო გვენეტაძე მებრძოლი ქალი იყო და ხომ ნახეთ, რა დამართეს? ეტყობა, ისეთ შავ დღეში ჩააგდეს და ისეთი "ტერაქტი მოუწყვეს", სამუდამოდ ჩაიგუბა პირში წყალი. ნინო ქადაგიძეც კომპეტენტური, გონიერი, ინტელიგენტი ქალია, მაგრამ არა მებრძოლი. წარმატებას ვუსურვებ ამ ურთულეს საქმეში.