ამ გულისშემძვრელ კადრებს ბერძენმა ჟურნალისტებმა მონტაჟი უწოდეს - კვირის პალიტრა

ამ გულისშემძვრელ კადრებს ბერძენმა ჟურნალისტებმა მონტაჟი უწოდეს

ტრაგედიის გამყალბებლები!

რედაქციაში საბერძნეთიდან წერილი მოვიდა. ჩვენი თანამემამულე ქალბატონი მაყვალა ხანთაძე გვწერდა:

"ძვირფასო რედაქცია, საბერძნეთში მცხოვრები ქართველები გულისტკივილს ვერ ვიტევთ მას შემდეგ, რაც ყოველკვირეული გაზეთი "ეთნოს კირიალისი" წავიკითხეთ. რომ იცოდეთ, რა საზიზღრობა წერია. ჟურნალისტი ქართველთა ლანძღვასთან ერთად ფოტოს ბეჭდავს. ეს ის ფოტოა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, აგვისტოს ომის დროს, გორში ახალგაზრდა კაცი მკვდარ ძმას რომ დასტირის. ბერძენი ჟურნალისტი ამ ფოტოს ასეთ კომენტარს უკეთებს, ეს სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია და მსგავსი რამ არც მომხდარაო. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტელევიზიითაც გავიდა ეს სიუჟეტი, ოღონდ მცირედი "შესწორებით", რომ ყოველივე ცხინვალში მოხდა და არა გორში.

ჩვენ, აქ მცხოვრებ ქართველებს, განა რა შეგვიძლია ან როგორ უნდა ვამხილოთ ეს მატყუარა ჟურნალისტი, ეს ისევ თქვენ უნდა გააკეთოთ. ამიტომ მივმართავთ საქართველოსა და ჩვენს "კვირის პალიტრას", რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია ჩვენს გაუსაძლის ყოფაში. აქ ხომ ჩვენ წლების მანძილზე მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობთ, რომ ორიოდე კაპიკი ისევ საქართველოში გამოვგზავნოთ. წარმოიდგინეთ, რა მწარეა, როცა ცდილობენ, ლაფში ამოსვარონ შენი ქვეყანა და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. გიგზავნით გაზეთს, წაიკითხეთ და დარწმუნდებით, ასე რატომ დავიზაფრეთ აქ მცხოვრები ქართველები".

"რა უნდათ, რას გადაეკიდნენ ჩემი ძმის სულს?"

2009 წლის 9 აგვისტოს ბერძნულმა გაზეთმა "ეთნოს კირიალისმა" ვრცელი სტატია მიუძღვნა ცხინვალის ომის პირველ წლისთავს, სათაურებით "ომი საქართველოში" და "ერთი წლის შემდეგ". მოსკოვში ბერძენი კორესპონდენტის, დიმიტრის ლიაცოსის ცნობით, რუს სამხედროებს თურმე ხელთ აქვთ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალზე ქართული ჯარის თავდასხმაში ნატო-ს "მონაწილეობის" დამადასტურებელი დოკუმენტი. სტატიას თან ახლავს ფოტომასალა, რომელმაც გაგვაოგნა. "პროპაგანდისტული ომი", - ასე ჰქვია ფოტოსერიას. ერთ-ერთ ფოტოს კი, რომელიც მსოფლიომ ნახა გორის დაბომბვის პირველ საათებშივე, წარწერილი აქვს, რომ ეს არის არა რეალური ტრაგედია, არამედ სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი დასავლეთის გულის ასაჩუყებლად, სადაც მეგობარი ვითომ მკვდარ მეგობარს დასტირის. არადა, ფოტოზე გამოსახულია გორელი რაზმაძეების ოჯახის ტრაგედია, - ზაზა რაზმაძე დაბომბვის დროს დაღუპულ ძმას, ზვიადს დასტირის. ზაზამ უკვე იცოდა, რომ ასევე დაიღუპა ზვიადის შვიდი თვის ფეხმძიმე ცოლი და მძიმედ დაიჭრა შვიდი წლის დიმიტრი. ამ ამბავმა მილიონობით ადამიანის გული შეძრა, ამიტომაც რაზმაძეების ტრაგედიის ამსახველი ფოტო დიდი ხნის განმავლობაში იბეჭდებოდა ყველაზე ცნობილი ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე და გადასცემდნენ უცხოური ტელევიზიები. როგორც ჩანს, მოსკოვის პოლიტიკური ელიტა ფრიად განარისხა გორის დაბომბვის დროს აღბეჭდილი ტრაგიკული კადრის მრავლისმეტყველებამ და გადაწყვიტა, ჩირქი მოეცხო ფოტოსთვის, რომელიც რუსულ დამპყრობლურ და არაადამიანურ პოლიტიკას ამხელდა. ასე გაჩნდა "ინტერნეტბრძოლის ველზე" რუსი აგრესორების შეკვეთილი პროდუქტი, კლიპი don,t worry be happy და ფილმი "08.08.08". კლიპში სულისშემძვრელი ტრაგედია გაშარჟებულია, ფილმში კი ვინმე ამერიკელი ექსპერტი (ამერიკელობა განსაკუთრებით გამოკვეთილია) ამტკიცებს, რომ ტრაგიკული კადრი არაფერია, თუ არა ფოტოშოპის შედევრი. არადა, სასტიკი სინამდვილის ამსახველი ეს ფოტოც და რაზმაძეების ტრაგედიის ამსახველი უამრავი სხვა კადრი სააგენტო "როიტერის" კიევის ბიუროს წარმომადგენელმა გლებ გარანიჩმა გადაიღო.

"როიტერის" სააგენტოს თანამშრომლები გორის დაბომბვის დროს სასწაულებრივად გადარჩნენ, რადგან მათი ავტომობილი დაჯავშნილი იყო. რუსული ბომბდამშენების იერიშისგან თავდასაღწევი გზის ძიებაში სწორედ იქ მოხვდნენ, სადაც ძმა ძმას დასტიროდა და გადარჩენილები ცხედრებს აგროვებდნენ (მათ, ვისაც გორის დაბომბვის რეალობაში ეჭვი ეპარება, ვურჩევთ შემდეგ ინტერნეტმისამართს ეწვიონ http://www.youtube.com/watch. აქ კარგად ჩანს სულისშემძვრელი ტრაგედია და ზაზა რაზმაძის შემაძრწუნებელი გლოვაც. "როიტერის" რეპორტიორები პირველივე წუთებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ჯარის მისვლამდე, წააწყდნენ გაუბედურებულ რაზმაძეებს.

მოგვიანებით გარანიჩის ფოტოს შესახებ შეთითხნილი რუსული პროვოკაციის გამო "როიტერი" იძულებული გახდა, სპეციალური განცხადება გაეკეთებინა თავის ვებგვერდზე, სადაც კატეგორიულად უარყოფილია ფოტოს ფალსიფიკაცია. განცხადებას თან ერთვოდა რაზმაძეების ტრაგედიის ამსახველი ყველა კადრი. "როიტერმა" ამ საკითხზე კომენტარის მიცემა დაასრულა, სააგენტო საჭიროდ არ მიიჩნევს ყოველ პროვოკაციაზე პასუხის გაცემას, ჩვენ ერთხელ უკვე გასაგებად დავგმეთ ბრალდება", - გვიპასუხეს "როიტერის" თბილისის ოფისში.

მოსკოვში მომუშავე ბერძენმა კოლეგამ დიმიტრის ლიაცოსმა არ ისურვა, პირადად შეეტყო ფოტოს გმირების ამბავი, ან ენახა ზაზა რაზმაძე და რუსების ბინძური პროვოკაცია კიდევ ერთხელ გაავრცელა. როგორც ჩანს, რუსული ქრთამი ევროპელ ჟურნალისტებსაც აბრმავებს.

ბერძენმა ჟურნალისტმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც კი გააქილიკა, აქაოდა, კანცლერმა რუსეთი "ძალის გადამეტებაში" რომ დაადანაშაულა, რატომ ის არ განმარტა, რა გარემოებებში და როგორ შეიძლება ომის დროს ძალის გაკონტროლებაო.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველების გადმოცემით, ბერძნულ გაზეთებსა და ტელევიზიებში საქართველოს შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, მოსკოვის ბიუროების კორესპონდენტები ავრცელებენ, როგორც წესი, დამახინჯებულს. ზემოაღნიშნული ფოტო თურმე ერთ-ერთი ბერძნული სატელევიზიო არხითაც გადაიცემოდა წარწერით - "ცხინვალი".

ზაზა რაზმაძე: "ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამიტომაც აღარ მიკვირს, კიდევ ერთხელ რომ ამოსვარეს ლაფში ჩვენი ოჯახის ტრაგედია. ჩვენი ტკივილი არ გვეყოფა, რა უნდათ, რას გადაეკიდნენ ჩემი ძმის სულს? იძულებული გავხდი, ჩემი ძმისა და რძლის საფლავის ფოტო გადამეღო და ინტერნეტით გამევრცელებინა იმის დასტურად, რომ გორის დაბომბვის დროს მე სპექტაკლში კი არ ვმონაწილეობდი, არამედ ერთადერთ ძმას დავტიროდი. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ ამ უმსგავსობას ბოლო მოეღოს. ზოგჯერ იმასაც წერენ, თითქოს მე ოსი ვყოფილვარ და ეს ფოტო ცხინვალშია გადაღებული. თითქოს ქართველებმა მოკლეს ჩემი "ოსი" ძმა. ეს ბინძური ბრალდებებია".

ამ ფოტოზე გავრცელებული პროვოკაციული ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის "იავნანას" აღშფოთებასაც იწვევს. რაზმაძეების ოჯახის პატარა წევრის, დიმიტრის ამბავი ხომ მთელმა მსოფლიომ სწორედ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო კონცერტის შემდეგ შეიტყო.

"იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ორჯონიკიძე: "ფოტოზე აღბეჭდილი დაღუპული ზვიად რაზმაძის შვილი, 7 წლის დიმიტრი ფონდ "იავნანას" შვილობილია. შარშან, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, 30 სექტემბერს პაატა ბურჭულაძის კონცერტი იყო დაგეგმილი მოსკოვში. აფიშები დიდი ხნის წინ იუწყებოდნენ ამ კონცერტის შესახებ, ბილეთები გაყიდული იყო, მაგრამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, ბატონმა პაატამ მაშინ უარი თქვა მოსკოვში ჩასვლაზე. 25 სექტემბერს მან ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით თბილისში გამართა კონცერტი, აგვისტოს ომში დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად. მათ შორის იყო დიმიტრი რაზმაძე, რომელსაც მშობლები დაეხოცა და ბინაც დაეწვა გორის დაბომბვის დროს. კონცერტის დასასრულს ბატონმა პაატამ ხელში აიყვანა დიტო (ამის ამსახველი ფოტოც იხილა მსოფლიომ) და განაცხადა, რომ ამიერიდან ის ფონდ "იავნანას" შვილობილი იქნებოდა. აქციის შედეგად შემოსული თანხით დიტოსა და სხვა დაზარალებულებს შევუძინეთ ბინები, გრძელვადიანი დახმარება დაენიშნა დაობლებულ ბავშვებს.

დიტოს პედაგოგები დავუქირავეთ კარგი განათლების მისაღებად, ამ ზაფხულს კი დეიდასთან ერთად დავასვენეთ ურეკში".

"კვირის პალიტრამ" "ეთნოს კირიალისში" დაბეჭდილი სტატიის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ამცნო, სადაც დიმიტრის ლიაცოსის "ზღაპრებზე" სპეციალური წერილი მომზადდება.