გვიპასუხეთ, ბატონო პრეზიდენტო! - კვირის პალიტრა

გვიპასუხეთ, ბატონო პრეზიდენტო!

"ცხადია, პრეზიდენტმა ბრმად მოაწერა ხელი, მაგრამ მან უნდა თქვას, ვინ წარუდგინა სია!"

16 სექტემბერს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე  24 წლის რატი რეხვიაშვილმა სამი პოლიციელი დაჭრა. სამივე მათგანი, - გივი აფციაური, მიხეილ ბარამიძე და გიორგი თაბორიძე  ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. დაჭრილთაგან ერთ-ერთი, გივი აფციაური მიყენებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გიორგი თაბორიძის მდგომარეობა მძიმეა, მიხეილ ბარამიძის სიცოცხლეს კი საფრთხე აღარ ემუქრება.

24 წლის რატი რეხვიაშვილმა უზნაძის ქუჩაზე ქალს სამკაული ჩამოჰგლიჯა და გაქცევა დააპირა. როცა პოლიციელებმა მისი დაკავება სცადეს, რეხვიაშვილმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, - დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი წმინდა მიხეილის საავადმყოფოში მივიდა და მეტად უცნაური კომენტარი გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი: - ეს ბანდიტი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. ის ციხიდან შეწყალებით გამოვიდა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შეწყალების პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. სტატისტიკა მეტად საგანგაშოა. შეწყალებულთა დიდი ნაწილი სწორ გზას ადგება. რა თქმა უნდა, შეწყალება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არის დამნაშავეთა ერთი ნაწილი, რომელიც დანაშაულს კვლავ სჩადის. იმდენი იძახეს პრესაში, პოლიციელმა იარაღი არ უნდა გამოიყენოსო, რომ ამან პოლიციელები ერთგვარად დააკომპლექსა. ყოველთვის, როცა იარაღი გამოიყენეს, აწყობდნენ დემონსტრაციებს და აკრავდნენ პლაკატებს. ეს დამნაშავეც რომ მოეკლათ, მის პლაკატსაც გააკრავდნენ ერთ-ერთ მიტინგზე, როგორც სახელმწიფო ტერორის უდანაშაულო მსხვერპლისას. მათ სინდისზე იყოს ამ პოლიციელის სიცოცხლე, ვინც ასეთ პლაკატებს აკრავენ".

მართალია, პრეზიდენტმა პოლიციელების სისხლი ნაწილობრივ პრესასაც დააკისრა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებაც შეიქმნა, რომ პრეზიდენტი ამ განცხადებით თავისი შეცდომის დაფარვასაც ცდილობდა. პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ ჟურნალისტები გაარკვევდნენ, მკვლელი რეხვიაშვილი შეწყალების კომისიის გვერდის ავლით სწორედ პრეზიდენტმა რომ შეიწყალა.

ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: - მუდამ იმას გავიძახოდი, რომ პატიმრების შეწყალება კომისიის გვერდის ავლით ხდებოდა და ეს დაუშვებელი იყო. რეხვიაშვილი პროკურატურის მიერ მიწოდებული სიით შეიწყალა პრეზიდენტმა. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ რეხვიაშვილს სასამართლომ (ნარკოტიკების შენახვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის) განაჩენი 2008 წლის 13 ოქტომბერს გამოუტანა. განაჩენის გამოტანიდან თვე-ნახევარში, 2008 წლის დეკემბერში კი ის პრეზიდენტმა შეიწყალა".

ძალზე საყურადღებოა პრეზიდენტის ფრაზა, "პოლიციელები დააკომპლექსეს, მათ რომ იარაღი გამოეყენებინათ, არაფერი მოხდებოდა"... საინტერესო ამ ნათქვამში ის არის, რომ პრეზიდენტმა პოლიციელების დაკომპლექსებაში მაინცდამაინც პრესა დაადანაშაულა. საინტერესოა, როდის დაუშალა პრესამ პოლიციას  ექსტრემალურ შემთხვევებში დამნაშავეების გასაუვნებლად იარაღის გამოყენება? პირიქით, ჟურნალისტები ხშირად ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რატომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებული პირები, როცა ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებული პირებით გავსებულია ციხეები? პრეზიდენტი პრესას სწორედ იმაში სდებს ბრალს, რასაც ჩვენ დიდი ხანია თავგამოდებით ვებრძვით. ვის-ვის და, ბანდიტებსა და მკვლელებთან ლოიალურობის გამოჩენაში პრეზიდენტი ჟურნალისტებს ნამდვილად არ უნდა ადანაშაულებდეს. ხომ არ აჯობებდა, მათი მფარველები პრეზიდენტს თავის გარემოცვაში მოეძებნა? ისინი, ვინც მას შესაწყალებელთა სიები მიაწოდეს.  პრესა მუდმივად სვამს კითხვას, - რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი გირგვლიანების მკვლელების შეწყალების ბრძანებას? რატომ მოაწერა პრეზიდენტმა კონსტიტუციური უსაფრთხოების ხელმძღვანელ სოსო თოფურიძის შვილის შეწყალებას ხელი, მაშინ როცა თოფურიძის ვაჟი სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა (არადა, დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა); პრესა მუდმივად სვამდა კითხვას, როგორ აღმოჩნდა ადამიანის გატაცებაში ბრალდებული ირაკლი კოდუას სიძე (ბიძაშვილის ქმარი) მალხაზ ფარცვანია შეწყალებული წელიწად-ნახევარში, როცა მას 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი?

პრესა მუდმივად სვამდა კითხვას, ქალის გაუპატიურებისთვის მსჯავრდადებული პოლიციელი  ჩიქოვანი (იგივე "მაიმუნა") რამდენიმე თვეში როგორ აღმოჩნდა საპროცესო გარიგებით გათავისუფლებული? პრესა მუდმივად სვამს კითხვას, რატომ იქცა ინდულგენციად საპროცესო გარიგება? - ამ კითხვებზე პასუხი არ ჩანს. მეტიც, ხელისუფლება არათუ პასუხობს საზოგადოებას, აბუჩადაც იგდებს და გირგვლიანის მკვლელებს შეწყალების შემდეგ ვადამდე გათავისუფლებითაც აჯილდოებს, გაუპატიურებისთვის მსჯავრდადებულ პოლიციელს კი აწინაურებს.

რაც შეეხება პლაკატების გაკვრას: სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის გვერდით მოკლული პოლიციელების ფოტოების გამოკვრა ნამდვილად უადგილოა. პრესა და საზოგადოება უდანაშაულო, ხელაწეული მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტას აპროტესტებს,  თორემ დამნაშავეებს არ ებრძოლოთო, ოდესმე უთქვამს ვინმეს? გვინდა ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ამირან რობაქიძეს ხელაწეულსა და უიარაღოს ესროლეს, მერე დანაშაულის შესანიღბავად მის ავტომანქანაში იარაღი ჩააწყვეს და გარდაცვლილს ყაჩაღობაც დააბრალეს. სანდრო გირგვლიანს კი არავინ მოუკლავს, ის პოლიციის მაღალჩინოსნებმა მოკლეს! პრეზიდენტმა კი მისი მკვლელები შეიწყალა! საზოგადოებაც და პრესაც იმას ჩივის, რომ ქვეყანაში კანონისა და სამართლის უზენაესობა არ არსებობს და დანაშაულის ჩამდენი,  მკვლელიც კი, შეიძლება თავისუფლად დადიოდეს, თუ მას გავლენიანი მფარველი ჰყავს.

პრეზიდენტმა ბრძანა, უნდა გადაიხედოს შეწყალების პოლიტიკაო. შეწყალების პოლიტიკა კი არა, ქვეყანაში სამართლიანობის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. შეწყალების პოლიტიკა რამდენჯერმე ნასამართლები, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებული პირების ციხიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი; პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილე: - შეწყალების კომისიის უფლებები დელეგირებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ეს არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეწყალების საკითხის განხილვის უფლება აქვს. მაგრამ არის საკითხები, რომელთაც კომისია არ განიხილავს. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი პირი.

2008  წლის დეკემბერში საზოგადოებისათვის დაუდგენელმა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებმა პრეზიდენტს წარუდგინეს 300-კაციანი სია იმ მსჯავრდადებულ პირთა შესაწყალებლად, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულებისთვის.

ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილი გახდა 2009 წლის იანვარში. მას შემდეგ მუდმივად მივმართავდი პრეზიდენტს კითხვით, რა მორალური კრიტერიუმით შეიწყალებდა განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდადებულ პირებს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. სამწუხაროდ, ურემი უკვე გადაბრუნდა და ბოროტმოქმედმა პოლიციელი მოკლა. იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი ბოლოს და ბოლოს, დაასახელებს იმ პირებს, ვინც შეუტანეს სია, სადაც სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირთა შორის რატი რეხვიაშვილიც იყო.

ფაქტია, რომ მკვლელი, ქურდობის, ნარკოტიკების შენახვასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ნასამართლები რეხვიაშვილი ერთპიროვნულად სწორედ სააკაშვილმა შეიწყალა, საზოგადოებისთვის დაუდგენელი თანამდებობის პირების რეკომენდაციას დაეყრდნო. არავინ ამბობს, რომ პრეზიდენტს 300 კაცის პირადი დოსიე უნდა შეესწავლა. ცხადია, პრეზიდენტმა ბრმად მოაწერა ხელი სიას, მაგრამ მან უნდა თქვას, ვინ წარუდგინა სია! როდესაც 2009 წელს პრეზიდენტი საპარლამენტო დებატებზე  მობრძანდა, უმცირესობამ მას ჰკითხა, რა მორალურ საფუძველზე, თანაც შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალებს მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულ პირებს, რაზეც პასუხი ლაკონიური იყო: ამიერიდან არანაირი შეცურება-შემოცურება აღარ იქნება, ამას მკაცრად გავაკონტროლებო. ეს იყო მისი პასუხი და ერთგვარი ირიბი აღიარებაც.

...მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რეხვიაშვილი სწორედ პროკურატურის სიით შეიწყალეს, პროკურატურის წარმომადგენელმა ეს ამბავი სასტიკად იუარა, როგორ გეკადრებათ, ბატონო, პროკურატურას რა ხელი აქვს შეწყალებასთანო?

ცინიზმი და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა აღარ გვიკვირს მაგრამ ამისთანა? საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ სწორედ პროკურატურა, არჩევნების დროს კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი არიან ის ორგანოები, რომლებიც შეწყალების კომისიის გვერდის ავლით "აგვარებენ" შეწყალების საქმეს. შესაძლოა, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწეროს შეწყალების კომისიის მიერ შედგენილ სიებს, სამაგიეროდ, პროკურატურის სიები ასპროცენტიანია.

როგორც ადვოკატებმა კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით გამიმხილეს, პროკურატურა თავად ითხოვს კოლონიის ხელმძღვანელებისგან კონკრეტულ საქმეებს, ან პროკურატურის წარმომადგენლები წინასწარ განსაზღვრულ შესაწყალებელ პატიმრებს თავად აწერინებენ განცხადებებს. მერე განცხადებები მიდის მთავარ პროკურატურაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზედამხედველობის სამმართველოში, რომელიც, თავის მხრივ, ავსებს სპეციალურ ბლანკს და შეკითხვას ამა თუ იმ პირის შეწყალების თაობაზე უგზავნის სწორედ იმ პროკურატურას, რომელმაც თავის დროზე მსჯავრდადებული პასუხისგებაში მისცა. აქ უკვე საქმე პლუს-მინუსების დონეზე წყდება. კაცმა არ იცის, რა კრიტერიუმით სვამენ ან მინუსს, ან პლუსს. საქმეში კორუფციული გარიგება ერთვება და შეხედულებებიც იმის მიხედვით იცვლება, ვინ რამდენს გადაიხდის. ერთი ინფორმაციით, შესაწყალებელთა პროკურატურისეულ სიაში მოსახვედრად ნიხრი 30 ათასი დოლარიდან იწყება.

ელენე თევდორაძის კომისიის მიერ განხილული სიაც კი პროკურატურაში მიდის და მას პროკურატურა გაცხრილავს. კონფიდენციალური ინფორმაციით, 74-კაციანი სიიდან პროკურატურამ მხოლოდ 28 დატოვა შესაწყალებელთა სიაში, პრეზიდენტმა კი 238 კაცი შეიწყალა(?!). საინტერესოა, საიდან მოხვდა სიაში 210 კაცი? ან რა უფლება აქვს პროკურატურას, შეწყალების კომისიის მიერ განხილულ საქმეებს თავიდან გადახედოს და შესაწყალებელი პირები თავისი ინიციატივით ამოიღოს სიიდან?

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი: - ამ ამბავში პრესისა და ოპოზიციის დადანაშაულება მეტად არაკორექტულია. პოლიციელი ექსტრემალურ პირობებში ნამდვილად არ ფიქრობს იმაზე, რას იტყვის მასზე პრესა ან ოპოზიცია. მერწმუნეთ, ექსტრემალურ ვითარებაში პრესა ყველაზე ნაკლებად გაახსენდებოდა პოლიციელს. პრეზიდენტის განცხადება დანაშაულის გადაფარვის მცდელობას უფრო ჰგავდა, რადგან როგორც ირკვევა,  მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი სწორედ მან შეიწყალა. მართალია, პრეზიდენტი ყველას საქმეებს ვერ გადახედავდა, მაგრამ მან დაუშვა პრეცედენტი ციხიდან მძიმე დანაშაულში ბრალდადებული პირების გამოშვებისა. დააკვირდით, მიხეილ სააკაშვილი მუდამ გამჭვირვალობაზე ლაპარაკობს, მაგრამ სად არის გამჭვირვალობა?.. მთელ მსოფლიოში მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები ნაკლებად ემორჩილებიან შეწყალებას. გასაგები ხომ უნდა იყოს საზოგადოებისათვის, რა ხდება და რა პრინციპებით? მის გამონათქვამზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ის ულოგიკო იყო. მხოლოდ ერთი აზრის გამოტანა შეიძლება, -  პოლიცია მუდამ რისკის ჯგუფში შედის. ყველა ქვეყანაში იღუპებიან პოლიციელები და ამის დაბრალება პრესისა თუ ოპოზიციისთვის სასაცილოა. ეს არის კონიუნქტურული განცხადება, აშკარაა, პრეზიდენტის სურვილიც, რომ ეს შემთხვევა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა.

p.s.ისე, საინტერესოა, სამი სათანადოდ მომზადებული პოლიციელი როგორ დაჭრა ერთმა, მხოლოდ დანით შეიარაღებულმა დამნაშავემ? რას ასწავლიან  ჩვენს პოლიციელებს, ნუთუ მხოლოდ დამნაშავის ლიკვიდაციას? დამნაშავის დაკავება-განიარაღებას მათ არავინ ასწავლის?