მართლმსაჯულება დისტანციურად
მართლმსაჯულება დისტანციურად
"ვფიქრობთ, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც შევძლებთ დისტანციური სხდომების წარმატებით ჩატარებას. რაც შეეხება პროკურატურის სისტემას, ჩვენ ყველა ტერიტორიული დანაყოფი შესაბამისად აღვჭურვეთ, რომ შევძლოთ მონაწილეობა დისტანციურ სხდომებში. სულ 4 სამუშაო დღეში მთელი ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტი დისტანციური სხდომა გაიმართა"

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 22 მარტიდან სასამართლო პროცესები დისტანციურად იმართება. მონაწილე მხარეებს­ სასამართლოში მისვლა აღარ უწევთ - როგორც ბრალდებულები, ასევე მათი ადვოკატები, პროკურორები და მოწმეებიც კი დისტანციურად ერთვებიან სასამართლო სხდომებში. დისტანციური წესით
უკვე 60-ზე მეტი სასამართლო სხდომა გაიმართა. ამ ფორსმაჟორულ რეჟიმში როგორ უწევთ მუშაობა პროკურორებს, რა პრობლემებს აწყდებიან, ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე ნათია მერებაშვილი. ის ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნამდეც სისტემაში მუშაობდა - ის გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული
განვითარების დეპარტამენტის უფროსი გახლდათ.

- თითქმის ერთი კვირაა სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვები დისტანციურად მიმდინარეობს. როგორ შეხვდა ამ გამოწვევას პროკურატურა?
- მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცოვიდ-19-ის გავრცელებამ ბევრი მიმართულებით კრიზისი შექმნა. შეიძლება ითქვას, ამ გამოწვევას საქართველოს პროკურატურა უმკლავდება. ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი სიტუაციისთვის სრული მზაობა არსებობდა, თუმცა როგორც კი დადგა სოციალური დისტანცირების შესახებ რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა, გადავედით დისტანციურად მუშაობის, მათ შორის, სასამართლო სხდომების დისტანციურად განხილვის რეჟიმზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, რამაც კრიზისულ სიტუაციაში იმის საშუალება მოგვცა, რომ არ გაჩერებულიყო მართლმსაჯულების პროცესი. მართალია, არის ბევრი გადასაჭრელი საკითხი თუ ტექნიკური პრობლემები, თუმცა დაგეგმვისა და შედეგების გაანალიზებისთვის ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ვფიქრობთ, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც შევძლებთ დისტანციური სხდომების წარმატებით ჩატარებას.

რაც შეეხება პროკურატურის სისტემას, ჩვენ ყველა ტერიტორიული დანაყოფი შესაბამისად აღვჭურვეთ, რომ შევძლოთ მონაწილეობა დისტანციურ სხდომებში. სულ 4 სამუშაო დღეში მთელი ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტი დისტანციური სხდომა გაიმართა. გადასაწყვეტია განსაზღვრული პროცესუალური საკითხები, რათა არ დაირღვეს პროცესის მონაწილეთა უფლებები. ცხადია, ზოგჯერ გვხვდება ტექნიკური პრობლემებიც. პროგრამა, რომელიც გამოიყენება პროცესის დისტანციურად ჩასატარებლად, სათანადო სიჩქარის ინტერნეტმიწოდებას საჭიროებს. შესაბამისად, მოწმეთა, არაპატიმარ ბრალდებულთა, ადვოკატთა დისტანციური ჩართვისას იყო შეფერხების შემთხვევები (გამოსახულებისა და ხმის ხარვეზი), რაც მნიშვნელოვნად ხელის შემშლელი არ არის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოუხდა პროკურორს დისტანციური პროცესიდან გამოთიშვა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, რაც ტექნიკურმა შეფერხებამ განაპირობა. ასევე, ერთეულ შემთხვევაში დაფიქსირდა პროგრამის ხარვეზი, რაც გლობალურ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა დროულად აღმოიფხვრა.

- ხომ არ დადგა რომელიმე საქმეზე უკვე განაჩენი?
- უკვე გაიმართა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის ანუ საპროცესო შეთანხმების რამდენიმე პროცესი. ასევე, არსებითად განხილვის შედეგად რამდენიმე საქმეზე დადგა განაჩენი. იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ჯერ დიდი დრო არ გასულა, საქმეთა განხილვა სრული მოცულობით მცირე დროში შეუძლებელია, დასახელებულ შემთხვევებში კი საქმეთა განხილვა თითქმის დასრულებული იყო, ძირითადად, დარჩენილი იყო დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა და დასკვნითი სიტყვები.

- ბუნებრივია, საქმეების განხილვის დროს სახელმწიფო ბრალმდებელს პროცესზე მოწმეების მოყვანა უწევს. მათი დაკითხვაც დისტანციურად ხდება?
- პრეზიდენტის დეკრეტში "საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ" ჩამოთვლილია ყველა ის ღონისძიება, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა იყოს გატარებული. მათ შორის მუხლი N7 ადგენს, რომ "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არც ერთ პირს არა აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით. დისტანციური წარმოების წესი ვრცელდება მოწმის დაკითხვაზეც. შესაძლებელია მოწმე სასამართლო სხდომაში ჩაერთოს მისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ადგილიდან როგორც ლეპტოპით, ასევე სმარტფონით, რაც ამარტივებს მოწმეთა მონაწილეობას დისტანციურ პროცესებში. იმ შემთხვევაში, თუ მოწმეს არა აქვს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა დისტანციური ჩართვისთვის, სხდომაში მათი ჩართვა ხდება სასამართლოში გამოცხადების გზით. მოწმე შეიძლება დაიკითხოს როგორც სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ასევე სპეციალურად მათთვის გამოყოფილი დისტანციური ჩართვისთვის მოწყობილი ოთახიდან.

- გამოძიებას აქვს თავისი ვადა და მოწმეების პროცესზე გამოუცხადებლობამ, პროცესების გადადებამ შეიძლება ვადა დაარღვიოს, რაც შეიძლება შემდგომ ბრალდებულის ციხიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს. ამ მხრივ ხომ არ აწყდებით პრობლემებს? ისიც ცნობილია, ხშირად, როცა საქმის ვადა იწურება, დაინტერესებული მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. ასეთი საფრთხეები ამ ვითარებაში ხომ არ არსებობს?
- საქმეების ერთი ნაწილი გადადებას ვერ დაექვემდებარება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე. ასეთი საქმეების პროცესები ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე დისტანციურად იმართება. ასეთია ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და წინასასამართლო სხდომები. რაც შეეხება არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის სხდომებს, ვინაიდან მათი ჩატარება არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან და მათი დასრულება შესაძლებელია პირველ სხდომაზე, ასეთი კატეგორიის საქმეთა განხილვა შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება არსებითი განხილვის სხდომებს, არსებითად განიხილება ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა განხილვაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვის თვალსაზრისით პრიორიტეტულია. შესაბამისად, შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ვითარებაშიც, როგორც სასამართლო, ასევე მხარეები ვალდებული არიან დაიცვან საპროცესო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები (მათ შორის სასამართლო საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში სავალდებულო წესით განიხილავს პატიმრობის გადასინჯვის საკითხს). თუმცა, ცხადია, დისტანციურად ვერ ჩატარდება ყველა სხდომა იმ მოცულობით, რა მოცულობით და სიჩქარითაც ჩატარდებოდა ჩვეულებრივ ვითარებაში. ამიტომ შესაძლებელია, მაგალითად, საპატიმრო ვადის გასვლაც. ჩვეულებრივ პირობებში ჩატარებულ სხდომებზეც ეს საკითხი ხანდახან დგება დღის წესრიგში. ხშირად ეს დაცვის მხარის ტაქტიკაცაა და, ცხადია, ეს პრობლემა დადგება დისტანციურ სხდომებზეც. ამ ვითარებაში, თუ განხილვის განმავლობაში ბრალდებულის პატიმრობის ვადა გავიდა, შეიცვლება აღკვეთის ღონისძიება - ის გათავისუფლდება პატიმრობიდან, თუმცა გაგრძელდება სასამართლო განხილვა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლებელია გამოიყენოს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სასჯელი.

- ითქვა, რომ ბესიკ თამლიანი გირაოთი სწორედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ პროკურატურა პატიმრობის 9-თვიან ვადაში ვერ ეტეოდა. რას იტყვით ამ საქმეზე?
- ვინაიდან ბესიკ თამლიანს პატიმრობაში ყოფნის 9-თვიანი ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ხოლო დაცვის მხარემ, მისივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესზე მოწმეები ვერ წარმოადგინა, სასამართლომ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადასინჯა და პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. რადგან ბრალდების მხარემ ამოწურა მტკიცებულებების გამოკვლევა, ხოლო დაცვის მხარე 15-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს, ჩვენ დავეთანხმეთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

- მეორე ვერსიით, ეს პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგი იყო.
- ამ კითხვაზე უკვე გიპასუხეთ, მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი, ნეიტრალური უწყებაა, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონითა და სამართლებრივი საფუძვლებით.

- მნიშვნელოვანია თავად ბრალდებულის მონაწილეობა საქმის განხილვებში. არის თუ არა სათანადოდ აღჭურვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებები?
- პენიტენციარული დაწესებულებებიც თითქმის სრულად აღიჭურვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, რაც ყველა საპატიმრო დაწესებულებიდან საჭირო პირების სხდომებში დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობას გვაძლევს სასამართლო პროცესზე მიყვანის (ესკორტირების) ნაცვლად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად აღჭურვა დროებითი მოთავსების იზოლატორებიც, საიდანაც შესაძლებელია როგორც ბრალდებულების, აგრეთვე მათი კანონიერი წარმომადგენლების, თარჯიმნებისა და ადვოკატების სხდომაში დისტანციურად ჩართვა.

- როცა სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი, ეს სხდომებიც ანალოგიურ რეჟიმში იმართება?
- დიახ. როგორც აღვნიშნე, დროებითი მოთავსების იზოლატორებიც სრულად აღიჭურვა ტექნიკური საშუალებებით და პროცესში დაკავებული პირების მონაწილეობა უზრუნველყოფილია.

- მუდმივად ისმის მოწოდება, რომ დავრჩეთ შინ. პროკურატურის თანამშრომლების მუშაობის რეჟიმიც დისტანციურია?
- პროკურატურის თანამშრომელთა დაახლოებით 70% დისტანციურ სამუშაო რეჟიმზეა. ასევე, გვაქვს დაწესებული მორიგეობები ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც აუცილებელია თანამშრომლის გამოცხადება. მოგეხსენებათ, პროკურატურა ასრულებს იმგვარ ფუნქციებს, რომელთა სრულად შეჩერება შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დისტანციური რეჟიმით, სადაც ეს შესაძლებელია. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მისაღებებში მოეწყო სპეციალური სივრცეები, სადაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებთან ონლაინშეხვედრა.
საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისში მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება დისტანციურად ხდება. საქართველოს გენერალური, საოლქო და რაიონული პროკურატურების მოქალაქეთა მისაღებში დაიდგა სპეციალური ყუთები საჩივარ/განცხადებებისთვის. ყუთი სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე იხსნება. განცხადება/საჩივრების გადმოგზავნა შესაძლებელია აგრეთვე ელფოსტაზე და ფოსტით. საშვთა ბიუროსა და კანცელარიის თანამშრომლების მოქალაქეებთან პირადი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით, დამონტაჟდა დამცავი შუშები. საქართველოს პროკურატურის ოფისებში გადაუდებელი აუცილებლობით შესვლისას მოქალაქეებს დისტანციური თერმომეტრით უმოწმებენ ტემპერატურას და თითოეული მათგანი ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებს. პროკურატურის ყველა ოფისი პერიოდულად მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

- ადვოკატები პროცესებს საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ერთვებიან. სახელმწიფო ბრალმდებელს თუ აქვს ამის შესაძლებლობა? თუ ვალდებულია მოვიდეს სამსახურში და თავისი კაბინეტიდან ჩაერთოს პროცესში?
- როგორც მოგახსენეთ, პროკურატურის ყველა ოფისი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ინტერნეტთან შეუფერხებელი წვდომით. პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი მუდმივ რეჟიმში მზად არის, ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, პროკურორს დროული დახმარება აღმოუჩინოს, რათა არ შეფერხდეს პროცესი. გამონაკლისი შემთხვევის გარდა, პროკურორები დისტანციურ სასამართლო სხდომებში ერთვებიან მხოლოდ პროკურატურის ოფისებიდან.

- ძალიან მნიშნელოვანია საქმის სრულყოფილი გამოძიებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ხომ არ შეიცვალა რაიმე წესები და პრობლემებს ხომ არ აწყდებით? პროკურორები და გამომძიებლები ახერხებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლას? რა წესების დაცვა უწევთ მათ?
- პრეზიდენტის დეკრეტი შეეხო დისტანციური წესით მხოლოდ სასამართლო სხდომების გამართვას. დისტანციური წარმოების წესი არ ვრცელდება საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე, მათ შორის პენიტენციარულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე. შესაბამისად, თუ გადაუდებლადაა საჭირო საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედების ჩატარება, ცხადია, ვატარებთ მონაწილეებისთვის უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით.

მინდა მადლობა ვუთხრა როგორც პროკურატურის, ისე ყველა უწყების თანამშრომლებს, ადვოკატებს, თარჯიმნებს, რომელთა ძალისხმევითა და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი გახდა ამგვარ ვითარებაში მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირება და ვისურვო, რომ დისტანციური მუშაობის აუცილებლობა დიდხანს არ გაგრძელდეს. თუმცა ეს გამოცდილება და შესაძლებლობები შესაძლოა განსაზღვრული კატეგორიის საქმეებზე მომავალშიც გამოვიყენოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები