ბესიკ თამლიანი: "მაშინ გამომაგდეს, როცა იზოლაციაში უნდა ვყოფილიყავი" - კვირის პალიტრა

ბესიკ თამლიანი: "მაშინ გამომაგდეს, როცა იზოლაციაში უნდა ვყოფილიყავი"

"თავისუფლებას რა სჯობია, მაგრამ გააჩნია, რა ფასად... გამიკვირდა მოსამართლის გადაწყვეტილება, გირაო მოუთხოვიათ, 4000 ლარი. ჩემი აზრით, ერთი ლარიც რომ ყოფილიყო, არ მივცემდი. ბრალი არ მიღიარებია, ვინაიდან რასაც მაბრალებენ, შეუთავსებელია იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქით მინდა წავუყენო ბრალი ჩემს მთავრობას იმისთვის, რაც გააკეთა", - განაცხადა 20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ბესიკ თამლიანი: - მოულოდნელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. 4 აპრილისთვის ველოდი გათავისუფლებას. ალალად გითხრათ, გავბრაზდი. ორი დღე მრჩებოდა 9-თვიანი პატიმრობიდან, ისედაც გამიშვებდნენ და ახლა 4000-ლარიანი გირაო შემიფარდეს კანონით გათვალისწინებული 1000-ლარიანის ნაცვლად. დღეს, როცა კორონავირუსია მოდებული და ცხოვრება გართულდა, მუშაობა ჭირს, ეს ძალზე არაჰუმანურია. ვეცდები ნაკლები თანხით შემიცვალონ, მე მილიონერი არა ვარ - ხეზე ვმუშაობ, ჩემმა ძმამ დაზგა-დანადგარები გამომიგზავნა, შეკვეთები ავიღე, ხელშეკრულებები გავაფორმე, მერე დამაკავეს და მთავრობამ 30.000 ლარის ვალში გადამაგდო, ანუ ფული ავიღე, მასალა ვიყიდე და დავრჩი გაღიმებული.

20 ივნისს არაფერიც არ მოხდებოდა, უმრავლესობას სპეცრაზმი რომ არ გამოეყვანა და ხალხისთვის არ დაეჯახებინა. ამიტომ იყო, რომ პირველ სასამართლო სხდომაზე 20 ივნისის მოვლენები 9 აპრილს შევადარე. მაშინ თუ რუსები ჟლეტდნენ ხალხს, ახლა ქართველი ქართველს დააჯახეს.

- ჯგუფურ ძალადობაში გედებათ ბრალი, მაგრამ ბრალს არ აღიარებთ და იქით აპირებთ სარჩელის შეტანას მთავრობის წინააღმდეგ. - სუსტი სულის ადამიანი არა ვარ, რაც დავაშავე, იმას არ უარვყოფ და ვაჟკაცურად ვაღიარებ - პოლიციელს კი არ დავარტყი, ხელისგული ჩავარტყი მის ფარს, ისიც მოაჯირის მიღმა, რაზეც მივანიშნე, რომ არასწორად იქცეოდნენ. იქ რკინის ჯებირები იყო და შეხლა-შემოხლაში შეიძლებოდა ვინმე დაღუპულიყო. ვნახე ჩემი ბრალდების ოქმი, სადაც ჩემთვის მიუღებელი ბევრი რამ ჩაწერეს, მათ შორის ის, თამლიანი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას, სახელმწიფო გადატრიალებასო და ა.შ. მე რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ სხვა დანარჩენს - არასოდეს. ბრალდება გავაპროტესტე და მოსამართლემ ჩაწერა, თამლიანი არათუ არ აღიარებს, არც ინანიებსო. 4-დან 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება და რისთვის? რა უნდა ვაღიარო? მოსამართლეს ვუთხარი, რომ ბოდიშსაც მოვუხდიდი იმ პოლიციელს. ვინც დანაშაული აღიარა, გირაოთი გაუშვეს, მე არ ვაღიარე და დავრჩი. ჩემს სიმართლეს კანონის ძალით მაინც დავამტკიცებ! პროცესი 24 აპრილსაა დანიშნული, მაგრამ, ვფიქრობ, გადადებენ. ჩემი მიზანია, მოსამართლე იაშვილმა გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღოს, გამოტანილი სასჯელი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

- პოლიციელზე ძალადობა არ არის დანაშაული?

- ამ დანაშაულს არც უარვყოფ, რაც უნდა მომეხადა, პირნათლად მოვიხადე. მქონდა შანსი, 500 ან 1000-ლარიანი ჯარიმით გამოვსულიყავი, მაგრამ რა ბრალდებაც მქონდა წაყენებული, იმას ვერ ვაღიარებდი, ის დამაბრალეს, რაც არ ჩამიდენია - სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა.

- 20 ივნისის აქციაზე როგორ მოხვდით, რომელიმე პარტიის აქტივისტი ან მხარდამჭერი ხართ?

- 20 ივნისის მოვლენები კარგად დაგეგმეს და ოსტატურადაც გამოიყენეს. ეს იყო ხაფანგი ოპოზიციური სპექტრისთვის, რათა პარტიების დისკრედიტაცია მოეხდინათ. გავრილოვის ფაქტორი სოხუმელ ადამიანს როგორ მომეწონებოდა?! სოხუმის დაცემის ღამეს უკრაინელების გემით გამოვედი. საომარ მოქმედებებში არ ვმონაწილეობდი, ბებია მყავს აფხაზი და ვისთვის უნდა მესროლა? არც ერთი პარტიის წევრი და აქტივისტი არა ვარ, უბრალოდ, ყველას ჩვენი პოლიტიკური სიმპათიები გვაქვს. 2012 წელს დედაჩემი "ოცნების" აქტივისტი იყო, მაგრამ ადამიანებს ტვინი იმისთვის გვაქვს, დასკვნა გამოვიტანოთ. "ოცნებამ" არ გაამართლა. ახლა მეც და დედაც სხვა აზრის ვართ. თუ დღეს ჩემი აზრი მაქვს, ეს დანაშაულია? აქციაზე წინ დაგვიყენეს ფარებიანი სპეცრაზმელები და ეს იყო გამაღიზიანებელი ფაქტორი. არსად შეჭრას ჩვენ არ ვაპირებდით. ძალიან გამაღიზიანა, გავრილოვი რომ ჩამოგვითრიეს და სავარძელში დააბრძანეს. მე, სოხუმელი კაცი, იქიდან გამომაგდეს, ბიძაშვილი, კახა იოსელიანი მომიკლეს (ჭურვით ააფეთქეს და მისი სხეულის ნაწილები ძლივს მოვაგროვეთ, რომ დაგვემარხა), 300 000 კაცია დევნილი და ჩამოგვითრიეს ეს ვიღაცა ოხერი და დაგვისვეს იმ სავარძელში, სადაც ჩვენი პირველი პრეზიდენტი იჯდა.

- დანარჩენ დაკავებულებთან რა გაკავშირებდათ, თქვენი მეგობრები არიან? - ცდილობდნენ დაედგინათ კავშირები, მაგრამ გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. ყველანი ციხეში გავიცანი. აქციაზე მარტო ვიყავი მისული. 20-ში სამსახურში ვიყავი. დედამ დამირეკა, აქციაზე ხომ არა ხარო, ტელევიზიით უნახავს, რაც ხდებოდა რუსთაველზე. დამაფიცა, არ წახვიდეო. შევპირდი, მაგრამ უკან დამხევი არ ვიყავი. უცებ ჩავყარე ჩემი სამუშაო ინსტრუმენტები მანქანაში და დაკეტვაც კი დამავიწყდა. ისე ავღელდი, გასაღები მანქანაში ჩამრჩა. 47 წლის ვარ და თურმე დედაჩემი არ მცნობია. მოხუცი ქალია და როგორ იბრძოდა, რომ გამოვეყვანე, რამდენი ცრემლი ღვარა. ყველას მინდა ვუთხრა, გაუფრთხილდით დედებს.

- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რა პირობებში იყავით?

- ოფიცრები, მედპერსონალი, ყველა პატივს მცემდა და არანაირი დისკომფორტი არ მიგრძნია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 4 კვადრატულში 6 კაცი ვიყავით და უსაქმურობისგან ლამის გავგიჟდი...

- გამოხვედით და იზოლაციიდან იზოლაციაში მოხვდით... - როცა გარეთ უნდა ვყოფილიყავი, მაშინ ჩამკეტეს, და მაშინ გამომაგდეს, როცა იზოლაციაში უნდა ვყოფილიყავი. არა უშავს, მალე ამასაც გავისტუმრებთ და დალაგდება ყველაფერი. მეც გავაგრძელებ სიმართლისთვის ბრძოლას და გავიმარჯვებ, თუნდაც ამ სასამართლოს ხელში.