"კანონიერი ქურდებიც" თვითიზოლაციაში არიან - დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსით დაინფიცირება კალაშოვის ოჯახის წევრებს? - კვირის პალიტრა

"კანონიერი ქურდებიც" თვითიზოლაციაში არიან - დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსით დაინფიცირება კალაშოვის ოჯახის წევრებს?

ახალი ამბების საშუალებით ყოველდღიურად ვიგებთ, რომ ახალმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, უამრავი ადამიანი დაინფიცირდა და უამრავიც გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა კიდეც. ინფიცირებულთა შორის არიან პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მსახიობები, უამრავი ცნობილი ადამიანი. როგორ აისახა შექმნილი ვითარება კრიმინალურ სამყაროზე მსოფლოს მასშტაბით, ამაზე სტატია უკვე შემოგთავაზეთ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, "ტელეგრამის" ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის ოჯახსაც შეეხო. გამოცემის ცნობით, კალაშოვის მეუღლემ მარინა გოლდბერგმა და 15 წლის ვაჟმა, ჩააბარეს კორონავირუსის აღმოსაჩენი ტესტი და მათ ვირუსი დაუდასტურდათ. როგორც გამოცემა 22 მარტს წერდა, ისინი მოსკოვთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში "კანონიერი ქურდის" ვილაზე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათი საავადმყოფოში გადაყვანა იგეგმებოდა. შეგახსენებთ თავად კალაშოვი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის სასჯელს.

სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით კი, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. "პრაიმ კრაიმის" მთავარი რედაქტორის ვიქტორია გეფტერის თქმით: "კანონიერი ქურდებიც" ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისინიც შეიძლება დაავადდნენ. მათაც ზუსტად ისე შეეხო კარანტინი, საზღვრების ჩაკეტვა და საგანგებო მდგომარეობა, როგორც სხვა მოქალაქეებს, ამიტომ კრიმინალური ავტორიტეტები იძულებულნი არიან დარჩნენ სახლში, თუმცა ისინი სიტუაციას დრამატულად არ აღიქვამენ".

რუსულ გამოცემასთან გეფტერმა კალაშოვის ოჯახზეც ისაუბრა:

"ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის არც ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს არ აღმოაჩნდა COVID-19. ხოლო რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შაქრო კალაშოვის მეუღლე მარინა გოლდბერგი და მათი 15 წლის ვაჟი დაინფიცირდა, არ არის სიმართლე", - განაცხადა ვიქტორია გეფტერმა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ქურდული სამყაროს ნათლიები საქართველოდან არიან. გავიხსენოთ ონიანი, კალაშოვი..." - როგორ მუშაობს "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი საქართველოსა და მსოფლიოში

მოამზადა ნიკა გულუამ