"შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები" - კვირის პალიტრა

"შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები"

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.

როგორც "საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს, ვინაიდან, მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

"სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ კლინიკებში სულ რეგისტრირებული იყო აქციისას დაშავებული 217 პაციენტი. მათგან 80 დაშავებული პოლიციელი იყო. ვიზიტისას მიღებული ინფორმაციით, ძირითადი დაზიანებები მიყენებული იყო თავისა და ზედა კიდურების არეში.

2019 წლის 22 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება 20-21 ივნისის აქციის დაშლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გენერალურმა პროკურატურამ მის მიერ წარმოებულ გამოძიების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, სახალხო დამცველი მიიწვია და საგამონაკლისო წესით საქმის მასალების გაცნობის უფლება მიანიჭა.

სახალხო დამცველის წინადადებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, ვინაიდან, მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური საშუალების არაპროპორციული გამოყენება) და როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, მას ჰქონდა ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები. ეს დასკვნა ეფუძნება რაციის ჩანაწერებს, რომელსაც გაეცნო სახალხო დამცველის აპარატი. აღსანიშნავია, რომ რაციის ჩანაწერებში ფიქსირდება წყვეტები“, - ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, არ შესრულდა სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილი ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა მიზანიც აქციის დაშლის პროცესზე ხელმძღვანელი პირების მოქმედებისა თუ უმოქმედობის სამართლებრივი შეფასება იყო.

"განმეორებით და დეტალურად არ გამოიკითხნენ შსს-ს ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილეები (საჭიროება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გამოძიების მიერ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თავდაპირველი გამოკითხვა არ იყო სრულყოფილი). არ დგინდება, თუ რა ღონისძიებები გაატარეს მათ, როგორც 20-21 ივნისის ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა და ხელმძღვანელმა პირებმა, უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების აღსაკვეთად; არ ჩატარდა ექსპერტიზები რაციების ჩანაწერებში არსებული ხმის წყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით იმ პერიოდში, როდესაც წყდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხი; არ იქნა ამოღებული ქვემდგომი თანამშრომლების რაციის ჩანაწერები და მობილური ტელეფონები“, - ნათქვამია ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"