"უმთავრესი მიზანი საქართველოს ხელისუფლების კომპრომეტირებაა" - კვირის პალიტრა

"უმთავრესი მიზანი საქართველოს ხელისუფლების კომპრომეტირებაა"

"ამის უკან შეიძლება იდგნენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები, ყველა ის პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაერთიანება, რომლებიც დაინტერესებული არიან დესტრუქციით საქართველოში"

ბრიტანულ პორტალ ძდნეტ.ცომ-ის ინფორმაციით, 28 მარტს ჰაკერების საიტზე ქართველი მოქალაქეების მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც პირად მონაცემებს - დაბადების თარიღებს, პირად, ტელეფონისა და საბანკო ანგარიშების ნომრებს მოიცავს. ბაზაში ასევე იძებნება მონაცემები გარდაცვლილი და არასრულწლოვანი მოქალაქეების შესახებაც (დაახლოებით 5 მილიონამდე პირადი ინფორმაცია). შსს კიბერთავდასხმაზე მოკვლევას აწარმოებს. "მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები", - აცხადებენ უწყებაში. სანამ კიბერდანაშაული გაიხსნება და საქმეს მსვლელობა მიეცემა, ამ საკითხზე უსაფრთხოების ექსპერტს დავით კუხალაშვილს ვესაუბრეთ.

- თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, არა მარტო პერსონალური, სავარაუდოდ, სხვა მონაცემებიც მოიპარეს. ინფორმაციის გაჟონვის მაორგანიზებელი ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ დესტრუქციით დაინტერესებული პარტიების ზეგავლენაში მოქცეული პირები, ან ისინი, ვინც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან. სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შეიძლება დღესაც არიან ყოფილი ან ამჟამინდელი თანამშრომლები, რომლებსაც ამ ინფორმაციაზე დაშვება ჰქონდათ. თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი გარკვეულ კომპანიებს ქირაობენ, რომლებმაც პერსონალური მონაცემები უნდა შეიყვანონ, აუცილებელია შემოწმდეს მათი სანდოობა, მათზე სათანადო კონტროლი და მეთვალყურეობა დაწესდეს.

- მაგრამ პერსონალური მონაცემები ხომ დაცული უნდა იყოს და გამოდის, ყველას მიუწვდება მათზე ხელი... - ყველას არა, მხოლოდ განსაზღვრულ პირთა წრეს. პირები, რომლებსაც ამ ინფორმაციასთან შეხება აქვთ, სანამ მუშაობას დაიწყებენ, ხელს უნდა აწერდნენ დოკუმენტზე, რომელშიც განმარტებულია, რომ პერსონალური და სხვა სახის მონაცემების გამჟღავნება აკრძალულია... რაც შეეხება ვერსიას, რომ ეს იყო კიბერშეტევა, მაშინ მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს კიბერსივრცის არასაკმარის დაცვასთან...

ვფიქრობ, საქმე გვაქვს ე.წ. დაგროვებითი ინფორმაციის რეალიზაციასთან. გავიხსენოთ, წინა ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, რომლებიც ხვდებოდა ოპერატიულ თანამშრომლებთან და საბოლოოდ ამ ინფორმაციამ რეალიზაციის ან თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ საზღვრებს გარეთ გაჟონა... მაღალი ალბათობით, გაიტანეს პერსონალური და სხვა მონაცემებიც. უზარმაზარ ინფორმაციაზეა ლაპარაკი, ჩვენ კი ამდენი მოსახლეობა არა გვყავს, გამოდის, სხვადასხვა ჩანაწერებია.

ძდნეტ. ცომ-ის ინფორმაციაში შესაძლოა დეზინფორმაციის ელემენტებიც არსებობდეს. როდესაც მასალა პირველად გამოქვეყნდა, წყარო მიანიშნებდა, რომ ინფორმაცია გაიჟონა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. მეორე დღეს ეს განცხადება უარყვეს და წყარო ამბობს, რომ მონაცემები შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ცესკოში არ იკრიბება. თუ ეს კიბერშეტევის ბრალი არ არის, გამოდის, ინფორმაცია ისეა გაჟონილი...

მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილიც რომ იყოს, მაინც იმუშავა - ადამიანთა ნაწილს, დაუცველობის გამო, მცდარად შეექმნა უარყოფითი განწყობა საკუთარ ხელისუფლებაზე. საერთაშორისო არენაზეც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს კიბერსივრცე დაუცველია და გამოდის, სახელმწიფო კომპრომეტირებულია.

- ანუ გამავრცელებლების მიზანი ეს იყო?

- დიახ, უმთავრესი მიზანი საქართველოს ხელისუფლების კომპრომეტირებაა - ვერ იცავს თავის კიბერსივრცეს და მის მოქალაქეებსო. ამის უკან შეიძლება იდგნენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები, ყველა ის პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაერთიანება, რომლებიც დაინტერესებული არიან დესტრუქციით საქართველოში.

- ითქვა, რომ ეს მონაცემები პირადი შანტაჟის, დევნის ან თაღლითური საბანკო ოპერაციებისთვის იქნება გამოყენებული...

- შეიძლება ასეთი ინფორმაციის მოპოვებას მიზანი ამ მიმართულებითაც ჰქონდეს. ასეთი თაღლითური პროცესები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა მაღალი დონის სახელმწიფოებშიც მიმდინარეობს. რაც შეეხება ეკონომიკური დაზვერვის მიზნით კიბერთავდასხმას, საბანკო სექტორის უსაფრთხოება ისე უნდა იყოს გამართული, რომ თაღლითური ოპერაციები არ განხორციელდეს. თუ მომხმარებლის ინტერესი დაზიანდება, ბანკი აგებს პასუხს... პოლიტიკური დაზვერვის კუთხით ზემოაღნიშნული მონაცემების მოპოვება შესაძლოა ემსახურებოდეს საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. საქართველოში დესტრუქციით დაინტერესებული პოლიტიკური სპექტრი ამ მონაცემების მიხედვით წარადგენს ხელმოწერილ სიებს (საარჩევნო პროცესში მხარდამჭერები, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი და სხვ.), რომლის გადამოწმების მექანიზმი, პრაქტიკულად, არ არსებობს.

- გასული წლის ოქტომბერშიც მოხდა კიბერთავდასხმა და ასობით საიტს შეექმნა პრობლემა. თუ დადგინდა, ვინ იდგა ამის უკან? - ეს იყო სამხედრო დაზვერვის ქმედება და ამ შემთხვევაშიც დიდ სეგმენტს მიადგა დარტყმა. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საქმე გამოძიებულია და დადგენილია რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ-ს) ქმედებები. ვფიქრობ, მათთვის სამხედრო ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთისთვის საქართველოში ნატოს მოქმედებები მიუღებელია. ამიტომ კიბერთავდასხმები შესაძლოა სხვადასხვა მიზნით კიდევ განმეორდეს.

- როგორც ვიცით, ჰაკერული თავდასხმების გამოძიება არ არის ადვილი... - კიბერთავდამსხმელების გამოვლენა ურთულესი მიმართულებაა, რადგან არსებობს შენიღბვის უამრავი საშუალება. შეიძლება ერთი ქვეყანა სადღაც, თავისი სახელმწიფოსგან ძალიან მოშორებით აწყობდეს თავდასხმას და მისი იდენტიფიცირების საშუალება ნაკლებად არსებობდეს...

- როგორც აღნიშნეთ, შესაძლოა, რომ პირადი მონაცემები საარჩევნოდ გამოიყენონ. იქნებ დეტალურად განმარტოთ ეს სქემა. - საარჩევნო კომპანიის წარმოებისთვის ასეთ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ შორის ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გაჩნდეს და სქემები შემუშავდეს. კიდევ ერთი მომენტი: ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერი სახელმწიფოს დაბრალდეს. არადა, დღეს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ბევრ ადამიანს. მათ აქვთ სიები, სადაც ყველა მონაცემია მითითებული. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მონაცემები თითქოს ცესკოდან არის გატანილი, არ არის დამაჯერებელი.

ეს არის რაღაც ნაკრები ინფორმაცია და შესაძლოა გასამრჯელოს სანაცვლოდაცაა გადაცემული ხელიდან ხელში... შსს-მ ჯერჯერობით არ დაადასტურა კიბერთავდასხმა, მაგრამ დაიწყო მოკვლევა. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს კიბერთავდასხმა იყო. მაგალითად, 2019 წლის კიბერშეტევა მაშინვე დაადასტურეს უცხო ქვეყნებმა, განაცხადეს, ეს რუსეთის ნახელავიაო და მხარი დაუჭირეს საქართველოს.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა: თუ კიბერშეტევით ინფორმაცია არ გატანილა, ვის ან რა ინტერესებს ემსახურება ინფორმაციის მომწოდებელი სააგენტო?