რა დარღვევები დაფიქსირდა ქვეყანაში კომენდანტის საათის დროს და როგორ ემორჩილებიან მოქალაქეები საგანგებო რეჟიმს - კვირის პალიტრა

რა დარღვევები დაფიქსირდა ქვეყანაში კომენდანტის საათის დროს და როგორ ემორჩილებიან მოქალაქეები საგანგებო რეჟიმს

"სპეციალური პოსტები მოწყობილია, ფაქტობრივად, ყველა დიდ ქალაქთან, სადაც მობილიზებული არიან როგორც შსს-ს, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოებზე პოლიცია მკაცრად აკონტროლებს მოქალაქეთა მიმოსვლას. გარდა ამისა, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურად პატრულირებენ ქალაქებსა და სოფლებში. ყველას დეტალურად უხსნიან საგანგებო მდგომარეობის წესებს და ეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში..."

კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე დღეა, ქვეყანა საგანგებო რეჟიმით ცხოვრობს. ცოტა უჩვეულოა კომენდატის საათი და დაცლილი ქუჩები, მაგრამ ყველაფერი თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის კეთდება. ამ ვითარებაში ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველდღე ვხედავთ წესრიგის დამრღვევებს, რომელთა დევნა სამართალდამცავებს უწევთ... ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილთან 3 აპრილს ჩავწერეთ, ამიტომ დღეისთვის კანონის დამრღვევთა რაოდენობა, შესაძლოა, გაზრდილი იყოს...

- ქალბატონო ნინო, რამდენიმე დღეა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საღამოს 9 საათის შემდეგ კი ე.წ. კომენდატის საათი მოქმედებს. საზოგადოება ემორჩილება ამ რეჟიმს?

- ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის დაცვა სავალდებულოა მოქალაქეებისთვის. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილებაც. ჩვენ მოქალაქეებს ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას საინფორმაციო საშუალებებით, შს სამინისტროს თანამშრომლებიც რეგულარულად განუმარტავენ მათ, როგორია საგანგებო რეჟიმის პირობები.

რა თქმა უნდა, არავის მიზანი არ არის მოქალაქეთა დაჯარიმება, მაგრამ თუ ისინი წესებს დაარღვევენ, სამართლებრივი რეაგირება ჩვენი ვალდებულებაა.

- ხშირია რეჟიმის დარღვევის ფაქტები? და უფრო ხშირად რა სახის კანონდარღვევას აწყდებით? - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე დარღვევის 1567 ფაქტია გამოვლენილი; 1551 ფაქტი მოდის ფიზიკურ, ხოლო 16 - იურიდიულ პირებზე. ძირითადად, ირღვევა იზოლაციისა და კარანტინის წესები, ხშირია სამზე მეტი პირის თავშეყრა, აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა და ა.შ. ბოლო 24 საათის მონაცემებით, გამოვლენილია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი (490 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი), მათგან 189 ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაა.

- ასეთი დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3.000 ლარით ჯარიმდება. რამდენ ხანში უნდა გადაიხადოს მან ჯარიმა? - დიახ, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საგანგებო მდგომარეობის პირველად დარღვევისას ფიზიკური პირი ჯარიმდება 3.000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15.000 ლარით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30-დღიანი ვადა.

- ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ვინმეს წინააღმდეგ უკვე ხომ არ აღძრულა საქმე? - ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევის შემთხვევა არ გამოვლენილა და სისხლის სამართლის წესით გამოძიებაც არ დაგვიწყია.

- განსაზღვრულია მგზავრთა გადაყვანის წესები და დამრღვევი ამ შემთხვევაშიც 3.000 ლარით ისჯება, თუმცა ამ საკითხზე მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ - ოჯახებს არ მოსწონთ, რომ მშობლებს საკუთარი მანქანით ორი შვილის ერთდროულად წაყვანა არ შეუძლიათ. დადგენილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით რამე ხომ არ შეიცვალა? - მთავრობის დადგენილებით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესდა შეზღუდვები, რომლებიც ეხება ოჯახის წევრებსაც. ამ მხრივ არაფერი შეგვიცვლია.

- შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქეებმა მიიღეს მესიჯები, თითქოს ისინი დაჯარიმებული იყვნენ 3.000 ლარით. ამ საქმის მოკვლევა თუ დაიწყეთ და ხომ არ გამოვლინდა დამნაშავე? - დიახ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქართველოს მობილური ოპერატორების აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს ისინი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ 3.000 ლარით. ეს შეტყობინებები არ იყო შსს-ს გაგზავნილი. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამ და სხვა ანალოგიური ფაქტების მოკვლევა, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება...

- ურთულესი რეჟიმით უწევთ მუშაობა სამართალდამცავებს. როგორ არიან ისინი დაცული?

- სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობის დაცვა. ისინი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, აღჭურვილი არიან შესაბამისი დამცავი საშუალებებით: ნიღბით, სათვალით, ხელთათმანით; პერმანენტულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები პოლიციის დანაყოფებში, სადაც პოლიციელებს უწევთ მოქალაქეებთან ურთიერთობა.

- პოლიციელები ბლოკპოსტებზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დგანან. როგორ არის განაწილებული მათი ფუნქციები? - სპეციალური პოსტები მოწყობილია, ფაქტობრივად, ყველა დიდ ქალაქთან, სადაც მობილიზებული არიან როგორც შსს-ს, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოებზე პოლიცია მკაცრად აკონტროლებს მოქალაქეთა მიმოსვლას. გარდა ამისა, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურად პატრულირებენ ქალაქებსა და სოფლებში. ჩვენს თანამშრომლებს მუდმივი ურთიერთობა აქვთ მოქალაქეებთან, დეტალურად უხსნიან მათ საგანგებო მდგომარეობის წესებს და როცა საჭიროა, ეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში.

- ოზურგეთში პოლიციელები დაეხმარნენ ოჯახს და მშობიარე საავადმყოფოში წააყვანინეს... - დიახ, ეს მართლაც მოხდა და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა - პოლიცია რთულ სიტუაციებში ხშირად ეხმარება მოქალაქეებს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ დახმარება. რაც შეეხება ოზურგეთის შემთხვევას, როდესაც მთელ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, პატრულის ეკიპაჟმა ოზურგეთიდან ბათუმისკენ მიმავალი ავტომობილი გააჩერა. ჩვენმა თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის დახმარებით ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მივიდა სამშობიარომდე და გვიან ღამით აჭარაში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ პირველი ბიჭი დაიბადა.

იყო კიდევ ერთი შემთხვევა - ორ ახალგაზრდას ე.წ. კომენდანტის საათის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე ავტომანქანა გაუფუჭდა. მათ 112-ში დარეკეს და დახმარება ითხოვეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოპერატიულად მივიდა დასახმარებლად და ისინი დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა.

- ამბობენ, რომ ბოლო დროს იმატა ოჯახში ძალადობის ფაქტებმა. ამას ადასტურებთ? - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ოჯახში ძალადობის ბოლო სამი თვის ანალიზი.

მონაცემები ადასტურებს, რომ პანდემიის გავრცელების შემდეგ ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა არ გაზრდილა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მიზნით გამკაცრებულია პოლიციის პატრულირება ქუჩებში, რაც დაცულობის განცდას უჩენს ოჯახური ძალადობის მსხვერპლს.

- ზოგადად კრიმინოგენური ვითარება როგორია?

- ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის თაობაზე ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ

კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა მომატებული არ არის. რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები, თუმცა თუ თვალს გადავავლებთ ერთიან სტატისტიკას, რაოდენობა შემცირებულია. ამას, ალბათ, ისიც განაპირობებს, რომ ქუჩებში გაზრდილია პოლიციელთა რაოდენობა, რომლებიც, ფაქტობრივად, 24-საათიანი რეჟიმით პატრულირებენ და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვას აკონტროლებენ.

- ვის აქვს ე.წ კომენდატის საათის დროს ქვეყანაში მიმოსვლის უფლება და მათთვის საშვი სად გაიცემა?

- ე.წ. კომენდანტის საათის დროს აკრძალულია ნებისმიერი პირის გადაადგილება, მათ გარდა, ვისი მუშაობაც აუცილებელია საგანგებო რეჟიმის დროს (მაგ.: პოლიციელები, სამხედროები, ექიმები და ა.შ.). ეს შეზღუდვა ასევე არ ეხება იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არიან საჯარო დაწესებულებებისა და მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილება აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება. ამ დროს მოსახლეობა რეგიონებში მიდის. ხომ არ გეგმავთ რამე ცვლილებას ამ პერიოდისთვის და ხომ არ შეიზღუდება ქალაქიდან ქალაქში წასვლა? - პროგნოზის გაკეთება არ იქნება მართებული. ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და რეალობის გათვალისწინებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მათ შორის - შეზღუდვების მხრივაც.

- დასასრულ რას ეტყოდით საზოგადოებას? - უპირველესად, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას და ემორჩილება დადგენილ წესებს. ამასთან, მინდა მივმართო მათ, ვინც არღვევენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოთხოვნებს - კარგად გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ამ ურთულეს სიტუაციაში და გაუფრთხილდნენ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ ურთიერთდახმარებით შეიძლება და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.