რას ამბობს შს მინისტრი ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც პოლიციამ ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრები სცემა - კვირის პალიტრა

რას ამბობს შს მინისტრი ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც პოლიციამ ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრები სცემა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციას ძალადობა არ განუხორციელებია.

როგორც გომელაური აცხადებს, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მინისტრი ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პოლიციელებს უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებიათ.

"თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, აგინეს მათ? ამაზე არსებობს უამრავი სამსახურები. სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ამაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს თემა არ მომხდარა, რომ [პოლიციელმა] ცემა ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანა, შეუზღუდა თავისუფლება და ა.შ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია რაც მაქვს დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა", - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯარიმის გადახდის ვადა მოქალაქეებს 1 თვის ვადაში შეუძლიათ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ მოხდება მოქალაქეებისთვის საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა, მინისტრის თქმით, ამ ჯარიმების ჩამოწერაზე ვერაფერს იტყვის.