"კაი სიტუაცია როცა იყო ქვეყანაში, მაშინ ვერ გამომყავდა ხალხი და ახლა რას გამოვიყვანდი?" - კვირის პალიტრა

"კაი სიტუაცია როცა იყო ქვეყანაში, მაშინ ვერ გამომყავდა ხალხი და ახლა რას გამოვიყვანდი?"

"ჩემი პროტესტი ბანკების წინააღმდეგ იყო მიმართული. არავითარი კანონი არ დამირღვევია, არც აქცია ჩამიტარებია, ეს იყო ჩვეულებრივი ბრიფინგი. პატრული მაწვება, აქცია გქონდაო. მერიასთან მარტო ვიყავი სამ ჟურნალისტთან ერთად სრული დისტანციით. მათ მიკროფონები სელფის ჯოხზე ჰქონდათ დამაგრებული და ასე ჩავატარე ბრიფინგი"

"პატრული მაწვება, აქცია გქონდაო. კაი სიტუაცია როცა იყო ქვეყანაში, მაშინ ვერ ვმართავდი აქციებს, ვერ გამომყავდა ხალხი და ახლა რას გამოვიყვანდი? მერიასთან მარტო ვიყავი სამ ჟურნალისტთან ერთად სრული დისტანციით. მათ მიკროფონები სელფის ჯოხზე ჰქონდათ დამაგრებული და ასე ჩავატარე ბრიფინგი. ჩემი პროტესტი ბანკების წინააღმდეგ იყო მიმართული", - გვიყვება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია, რომელიც 1-ლ აპრილს პოლიციელის შეურაცხყოფისა და საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ქუთაისის მერიის წინ დააკავეს, 7 აპრილს კი დისტანციურად გაიმართა სასამართლო პროცესი, რა დროსაც ის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. გოგი წულაიასთვის მსგავსი ვერდიქტი იანვრის შემდგომ მეოთხეა. მიუხედავად ამისა, რესპონდენტი არ თვლის, რომ დანაშაული ჩაიდინა, გვარწმუნებს, რომ უაღრესად კანონმორჩილია და რეკომენდაციებსაც ზედმიწევნით ასრულებს.

- ბატონო გოგი, როგორ უმკლავდებით "იძულებით თავისუფლების აღკვეთას"?

- როგორც ყველა, მეც ამოვარდნილი ვარ კალაპოტიდან, მაგრამ როცა ასეთი ვერაგი მტერი გყავს, სხვა რა გზაა, უნდა მისდიო დაწესებულ რეკომენდაციებს. რომ ვთქვა, დედა, რა სასწაულად კანონმორჩილი ვარ-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ეს ისეთი სიტუაციაა, კანონს და წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს. მაქსიმალურად ვიცავ დისტანციას, ჰიგიენასაც, ვცდილობ ნაკლები კონტაქტები მქონდეს. თუმცა არც ის მინდა ამ ძნელბედობის ჟამს პოლიტიკას მთლიანად მოვწყდე... ისე, ეს ამბები რომ დაიწყო, პირველი, რაც გავაკეთე, თათბირი ჩავატარე ოჯახში, რომელსაც ჩემი მეუღლე და ორი შვილი ესწრებოდნენ. მათ ვუთხარი, რომ მძიმე დღეში ვართ, ყველას გვაქვს დისკომფორტი და ნერვები მოშლილი, ამიტომ ერთმანეთს უნდა შევუწყოთ ხელი და მძიმე დრო გადავატანინოთ. ასეც ვიქცევით... დღისით ერთხანს წიგნს ვკითხულობ, სახლის უკან ეზოში გავდივარ და ვსეირნობ, ხან ტელევიზორი, ხან კომპიუტერი და, როგორც ყველას, ისე გამყავს დრო... საღამოობით "ჯოკერის" თამაში დავიწყეთ ოჯახში... ამ ვირუსმა შეიძლება ოჯახის წევრები კი შეკრა და დააახლოვა, მაგრამ ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, ნერვების ომი იმ დონემდე მიგვიყვანს, შეიძლება პირიქითა პროცესი გამოიწვიოს.

ხომ გსმენიათ, "კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო", ასე თუ დიდხანს გაგრძელდა, კარანტინი ბევრ ოჯახზე უარყოფითად აისახება - დილიდან დაღამებამდე რომ ერთად იქნებიან, საჭმელ-სასმელი არ ექნებათ, უთანხმოება რომ მოიმატებს, ამას ლაპარაკი რად უნდა.

- საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა, როცა თქვენი დაკავების ვიდეოფირი ვნახე. რას აპროტესტებდით, თქვენზე არ ვრცელდება საყოველთაო მოწოდება "დარჩი სახლში"? - არავითარი კანონი არ დამირღვევია, არც აქცია ჩამიტარებია, ეს იყო ჩვეულებრივი ბრიფინგი. პატრული მაწვება, აქცია გქონდაო. კაი სიტუაცია როცა იყო ქვეყანაში, მაშინ ვერ ვმართავდი აქციებს, ვერ გამომყავდა ხალხი და ახლა რას გამოვიყვანდი? მერიასთან მარტო ვიყავი სამ ჟურნალისტთან ერთად სრული დისტანციით. მათ მიკროფონები სელფის ჯოხზე ჰქონდათ დამაგრებული და ასე ჩავატარე ბრიფინგი. ჩემი პროტესტი ბანკების წინააღმდეგ იყო მიმართული. ხელისუფლებამ ბანკებს ჩაუგდო ხელში ყველაფერი, ამ გაჭირვების ჟამს ისევ ბანკებმა დაიწყეს ფულის შოვნა.

აგვისტოს ომის მერე ხელისუფლება ბანკებს დაეხმარა, რომ არ გაკოტრებულიყვნენ, მათ კი ხალხი გაწირეს და მოახრჩვეს. ახლაც იგივე ხდება. თითიდან გამოწოვილია მიზეზი, კორონას შიშით დავხურეთ სავალუტო ჯიხურებიო. რა სისულელეა?! ისინი მშვენივრად არიან დაცული. მათ "გადარჩენაზე" რომ ზრუნავენ, ბანკის თანამშრომლები არ უნდა დაიცვან? ასეთ დროს ისევ ბანკებს მისცეს დოლარის ბრუნვის საშუალება, უსაშველოდ ბევრ ფულს შოულობენ. ბევრ ბანკს გადავადებაც არ გაუკეთებია და სულს ხდის ხალხს. ესაა კატასტროფა, ამას ვჩიოდი და ვაპროტესტებდი. ადგნენ და დამიჭირენ. 3 იანვარს 1000 ლარით, მერე გაზი და დენი რომ გათიშენ, შეშა მივიტანე მერიასთან და 500 ლარით დამაჯარიმეს, ახლა 1000 ერთი და 3000 მეორე ჯარიმა. არაფერიც არ გადამიხდია და არც გადავიხდი!

- პოლიციელის შეურაცხყოფისთვისაც დაგაჯარიმეს, მართლა აგინეთ? - კი, პოლიციელებს ვუთხარი, დედას გიტირებთ გამოძახებებით-თქვა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მოხიბლული ვარ ჩემი საქციელით, მაგრამ ვფიქრობ, ეს მიმართვა ისეთი შეურაცხმყოფელი ნამდვილად არ ყოფილა, როგორც კალაძის ნათქვამი, გამეექანეთ ფუნიკულიორიდანო და... მერე აღარ დავასრულებ; ან ისეთი, იზორიას ძმამ რაც გაუკეთა პატრულებს, მკვდარი და ცოცხალი აგინა. იმათთან შედარებით ჩემი ნათქვამი უწყინარი იყო. არ ვამბობ, რომ ეს კარგია და ასე უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ შერჩევითობაც არ ვარგა.

ამხელა ქალაქში ჩემს მეტი დასაჯარიმებელი თუ ვერ ნახენ, კარგად ყოფილა საქმე. მარტო მე თუ ვარ დამნაშავე, წავალ, გადავიხვეწები... საარჩევნო წელია და ჩემი დევნა დაიწყენ. ჩემი ჯარიმებით უნდათ ააშენონ ქვეყანა, თუ რაა, ვერ გავიგე?!

- თქვენც ონლაინ ჩაგეტარებინათ ეს ბრიფინგი თუ აქცია... - ბრიფინგი თუ აკრძალულია, ეს ჩვენი მთავრობის წევრები ან გმირი ექიმები (მადლობა მათ) ყოველდღე რომ მართავენ ბრიფინგებს, სადაც 30 კაცი მაინცაა შეკრებილი, იგი არაა კანონდარღვევა? ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა და ამის მერე ახლა ექიმებს არ მიადგებიან.

- თქვენი სამიზნე გიორგი ჭიღვარია გადამდგარა, აკადემიურ საქმიანობას უბრუნდებაო ქუთაისის ექსმერი.. - თათბირს, სადაც მისი წასვლა გადაწყდა, სუს-ი ესწრებოდა. ჩემზე რომ გადეირია პოლიცია, იმ თათბირზე მისულიყო, 10 კაცი რომ ესწრებოდა, და იქ აღესრულებინა კანონი. თათბირი მერიაში გაიმართა, მას გუბერნატორის მოადგილე, სუს-ი, ვიცე-მერები და სხვები ესწრებოდნენ. ჭიღვარიამ ფულის აღების და ქეიფის მეტი არაფერი იცოდა. იფიქრა, რა კაი ყოფილა ცხოვრებაო და, ცხოვრობდა კაცი. ეს კაცი დიდი ხანია, "ლაფათქაზე" იდო. ჭიღვარია მართლა უნიათო იყო. ისიც ტრაგედიაა, ამ კაცს ქუთაისის უნივერსიტეტში პრორექტორად რომ უშვებენ. ასეა, ჩასვრილ ადამიანს უმუშევარს არ ტოვებენ. ვფიქრობ, ჭიღვარია "ოცნებაში" შიდა დაპირისპირებას შეეწირა.

- თქვენც დაგტოვათ "უსაქმოდ" - თქვენი აქცია-პერფორმანსების უმრავლესობის მუზა ხომ ჭიღვარია იყო... - არა, ვინც მოდის (ვიცე-მერი), ჭიღვარიაზე უკეთესი არაა, ასე რომ, კიდევ მექნება საქმე. ასეთ დროს, როცა ქვეყანა თავზე გვექცევა, მაინც იმაზე რომ ფიქრობ, სხვადასხვა ქალაქში პოზიცია გაიმყარო, ამას რა ჰქვია ახლა?

- როგორც გამოიკვეთა, ახლა კორონას გარდა, მეორე დიდი გამოწვევა ეკონომიკური კრიზისია. რას ფიქრობთ, როგორ გაართმევენ თავს ამას ჩვენი ხალხი და ხელისუფლება? - კორონა რომც არ ყოფილიყო, ეს ქვეყანა სოციალური აფეთქების წინაშე მაინც იდგა. 2 წლის წინ დენი ჩაუჭრეს 12 000 ოჯახს, შარშან - 18 000-ს. ეს ხომ მიანიშნებდა, რომ ქვეყანა სოციალური აფეთქებისკენ მიექანება? მძიმე სოციალურ ფონს, სიდუხჭირეს, რომელიც რეალურად არსებობდა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ეკონომიკური დარტყმა მიადგება. ქვეყანას მილიონობით ლარი უჯდება კორონასთან ბრძოლის ყოველი დღე, თან არც ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. სხვა ქვეყნები და მსოფლიო ბანკი თუ არ დაგვეხმარებიან, შანსი არაა, ამას გავუძლოთ. ქუთაისის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონის გამოთავისუფლება შეიძლება და ეს ფული სასწრაფოდ ეკონომიკის აღორძინებისა და ადამიანების გადარჩენისკენ უნდა მიიმართოს, სხვანაირად ვერ გადავრჩებით.

ემიგრანტების თემას მინდა შევეხო შევარდნაძის დროს მსოფლიო საფინანსო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში შადმან ვალავი იყო. მას აქვს ინტერვიუში ნათქვამი, ემიგრაციაში იყო და ფულს უგზავნიდე მეგობარს, მშობელს, შვილს, ახლობელს, ძმას, მეზობელს, ამნაირი ქვეყანა არ მინახავსო. ემიგრანტებმა გადაარჩინეს ქვეყანა და დღეს ეს პოლიტიკური იწილბიწილო მართლა უადგილოა.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება გაართმევს თავს კოვიდთან ბრძოლას? - ქედს ვიხრი ექიმების წინაშე, მაგრამ ჩვენი ტრაგედია ისაა, როცა ეს კორონა დასრულდება, იმისთვის, რომ ქვეყანაში კორონა დაამარცხეს, მინისტრები თავისთვის ათიათასობით პრემიებს გამეიწერენ, ექიმებს კი 10-10 ლარს. გადაგორდეს ეს ყველაფერი და მერე იმის დროც დადგება, როცა ხელისუფლების და პოლიტიკოსების ყველა ნაბიჯს შევაფასებთ. ამას წინათ კაცს ტრაქტორი გაუფუჭდა, მეპატრონემ უცებ გააღო მაღაზია, ნაწილი მიჰყიდა და 3.000 ლარით დააჯარიმეს. კორონა მეტ ზიანს მოუტანს ქვეყანას თუ შიმშილი, ეს კიდევ საკითხავია. ამაზე ექსპერტები და სპეციალისტები გავცემენ კვალიფიციურ პასუხს.

დღეს გვერდზე გადავდოთ ხელისუფლების მუშაობის შეფასება, ამის ჩამოთვლის და საყვედურების დროც მალე დადგება.

ვირუსის გადავლის შემდეგ მსოფლიო რომ სხვა იქნება, ბევრი რამ რომ გადაფასდება, მათ შორის ურთიერთობები. კორონამ დაგვანახა ერთი რამ - რომ ადამიანი არ არის სამყაროს და ბუნების მბრძანებელი, რომ ერთმანეთთან ჭიდაობას თავი უნდა დავანებოთ და ვეძიოთ გადარჩენის გზები. ამ კორონამ პრობლემები ისეთ უძლიერეს ქვეყნებსაც შეუქმნა, რომელთაც მსოფლიო მმართველობაზე აქვთ პრეტენზია. თურმე, რაც უნდა მეტი იარაღი, ტანკი და ატომური ბომბი გქონდეს, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ხარ ყველაფერი და უძლეველი. თურმე რაღაცა უხილავ პაწია სხეულს, მიკროსკოპის გარეშე რომ ვერ ვხედავთ, შეუძლია დაგინგრიოს ყველაფერი, ქვეყანა, ეკონომიკა. ახლა ყველა - ქრისტიანი, მაჰმადიანი, ბუდისტი, ათეისტი ერთად ვებრძვით ამ უხილავ მტერს. ყველა ომის მერე იდება ზავი, რომელიც ასახავს, მერე როგორ უნდა იცხოვროს კაცობრიობამ. ახლა სხვანაირი ზავი დაიდება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს საუკუნე ეპიდემიებისა და ვირუსების საუკუნე იქნება.

ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავენ, უკეთ გადახედავენ მსოფლიო პოლიტიკას და იმ თანხებს, რომლებიც აქამდე იარაღის თუ ატომური ბომბების შექმნას ხმარდებოდა, და აწი სხვა მიმართულებით, სხვა სფეროების განვითარებისკენ მიმართავენ.