ია მეტრეველი: "მათ ყველაფერი აღიარეს, ახლა ველოდები სასჯელს უფლისგან. ყველა მიიღებს, რასაც იმსახურებს!" - კვირის პალიტრა

ია მეტრეველი: "მათ ყველაფერი აღიარეს, ახლა ველოდები სასჯელს უფლისგან. ყველა მიიღებს, რასაც იმსახურებს!"

"წარმოიდგინეთ, ჩემი შვილის საფლავზეც არ მივდივარ. ამირან გამყრელიძესაც გარდაცვლილი ჰყავს შვილი, მაგრამ ვერც ის მიდის. ჩვენზე გამწარებული ვინ არის, მაგრამ ჩვენ ვემორჩილებით მოთხოვნას და ვრჩებით სახლში!"

ამ დღეებში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გამოვიდა შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე. მან და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლეს. მეტიც - შს მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს და დღეს ამ საქმეზე ბრალდებულია ყოფილი მინისტრიც.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დროს მოკლეს... ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა გაასამართლა. დონაძეს ხუთი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი. ციხიდან გამოსული დონაძე ამბობს, რომ დანაშაული აღიარა, არადა ყველას ახსოვს, როგორ ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო. "გამოძიებასთან თანამშრომლობა გადავწყვიტე, ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი. ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ვაღიარე უდავოდ. ჩემი განცხადებისა და თხოვნის საფუძველზე საპროცესო შეთანხმება გამიფორმდა... ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი ჩემი დაუფიქრებლობით ტკივილი მივაყენე", - განაცხადა მან. მალე ციხეს დატოვებს ზურაბ მიქაძეც...

ბუტა რობაქიძის ოჯახი 9 წელი იბრძოდა შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და დამნაშავეების დასასჯელად. როგორ შეხვდა ბუტას დედა დონაძის გათავისუფლებას? რას ითხოვს დღეს მისგან? ამ საკითხებზე ია მეტრეველი გვესაუბრება.

- ცოტა გამიკვირდა ეს გადაწყვეტილება. ასე უცებ დონაძის გათავისუფლებას არ ველოდი, თუმცა ვიცოდი, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა. მან მნიშვნელოვანი დეტალები გაუმხილა პროკურატურას, რის გამოც გამოუშვეს. ჩემთვის მთავარია ბუტას სახელის რეაბილიტაცია, თანაც სიმართლე მთელმა საქართველომ გაიგო, თუმცა დღევანდელი სიტუაციის გამო ეს საკითხი მეორეხარისხოვნად ჩავთვალე. ახლა მთავარია, უფალმა ბევრი რამ შეგვინდოს, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ჩადგეს და წინ უარესი არ გველოდეს. ამიტომ დღეს გურამ დონაძის ციხეში ყოფნა-არყოფნა ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს. ერთადერთს მოვითხოვ - გამოვიდნენ ტელევიზიით დონაძე და მიქაძე და საჯაროდ აღიარონ ყველაფერი, მოუყვნენ საზოგადოებას, როგორ იცრუეს, რა ჩაიდინეს...

- ზურაბ მიქაძე როდის გამოდის? - ისიც თანამშრომლობს პროკურატურასთან. როგორც მითხრეს, მალე გამოვა.

- პროკურატურამ ამ დროს თქვენი, დაზარალებულის აზრი გაითვალისწინა? - ჩემთვის მთავარია, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. ვიცი, ორივემ მნიშვნელოვან საკითხებზე ითანამშრომლა, ყველაფერი აღიარეს, ამიტომ ახლა მე ველოდები სასჯელს უფლისგან. ყველა მიიღებს იმ სასჯელს, რასაც იმსახურებს. ეს არის ჩემთვის მთავარი, თორემ ჩემს შვილს ვერავინ დამიბრუნებს.

- ცხრაწლიანი თავგანწირული ბრძოლის შედეგად მიაღწიეთ საქმის გამოძიებას და ამ პირთა პასუხისგებას... - უმძიმესი სასამართლო პროცესები იყო. სწორედ დონაძისა და მიქაძის ტყუილების მოსმენა გვიწევდა. გამაოცა პროცესებზე კიდევ ერთი ბრალდებულის, იაშვილის საქციელმა. ძალიან ცუდად მოიქცა, არადა თავიდან ისე იქცეოდა, თითქოს ნანობდა და მეგონა, მას ნაკლები დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ჩემი შვილის საქმეში. დღეს ისიც იხვეწება, ოღონდ აქედან გამიშვით, ყველაფერს ვიტყვიო. ურთულესი წლები გამოვიარე, ძალიან გაგვამწარეს. ახლა ყველაფერს აღიარებენ, ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე ლაპარაკობენ, ამიტომ ვეღარ შევუშალე ხელი მთავრობას მათ გათავისუფლებაში. დანარჩენი უფლისთვის მიმინდვია. გურამ დონაძეს იმდენი ცოდვა აწევს კისერზე, სანდრო გირგვლიანის საქმით დაწყებული, რომ ვერ გაექცევა ამ ცოდვებს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ციხეში იქნება თუ გარეთ...

- მათი აღიარებითი ჩვენების შემდეგ მისცეს პასუხისგებაში ირაკლი ოქრუაშვილი...

- ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს პროკურატურას. ციხიდან გამოსული დონაძე ამბობს, ბოდიშს ვიხდი, რომ ვაწყენინე ოჯახს და ცუდად ვიქცეოდიო, მაგრამ მე მისგან საჯარო აღიარებს მოვითხოვ! რაც შეეხება ოქრუაშვილს, მას ჩვენს საქმეზეც წარუდგინეს ბრალი და მიმდინარეობს გამოძიება. რა თქმა უნდა, დამტკიცდება მისი ბრალეულობა. როგორც ვიცი, სააკაშვილთან ერთად ოქრუაშვილმა გასცა ბრძანება, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო. "მიაწექით ბოლომდე"- თქვა მან და ისიც მიიღებს დამსახურებულ სასჯელს.

- ამდენი წელი იბრძოლეთ დამნაშავეთა დასასჯელად. დღესაც ბევრი ელის სამართალს. რას ეტყოდით მათ? - ჩემი შვილის და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები ბოლომდე მივიდა, თუმცა იური ვაზაგაშვილის საქმე - ჯერ არა. არ არის გამოძიებული, ვინ დაავალა მკვლელს მისი მოკვლა. გამცემლიძით დაწყებული, უამრავი ადამიანი ელოდება სამართალს. ეს ძალიან მაღელვებს. იმედი მაქვს, ის უჩვეულო ვითარება, რომელშიც დღეს ვართ მთელი მსოფლიო, გადაივლის და როცა ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება, ამ საქმეებსაც გამოიძიებენ. მე მარტო ჩემი უბედურების გამო არ მიბრძოლია. ჩემს შვილს ვერავინ გამიცოცხლებდა. ვიბრძოდი იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. ვიბრძოდი, რომ სხვების შვილები გადამერჩინა, თუმცა, სამწუხაროდ, ბუტას მერეც ბევრი ოჯახი გააუბედურეს, 160 ბიჭი ქუჩაში დახვრიტეს... ჩემი საქმე ბოლომდე რომ არის მიყვანილი, არ ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვარ. ველოდები სხვა საქმეების გამოძიებასაც. იმედი მაქვს, პანდემიის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ.

- როგორ ეგუებით პანდემიის გამო შეცვლილ ცხოვრებას?

- ძალიან დათრგუნვილი ვარ. ამ ვირუსმა დედამიწაზე ცხოვრება შეაჩერა და ეს უფლის ნების გარეშე არ მოხდებოდა. ეს დამაფიქრებელია. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის გაფრთხილება და, ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად დამთავრდეს. თუ გონს არ მოეგო ადამიანი, არავინ იცის, კიდევ რა მოგველის.

- ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლება ბევრ საჭირო ნაბიჯს დგამს, თუმცა ოპოზიციის კრიტიკა ისევ ისმის... - ბევრი რამ არ მომწონდა ამ ხელისუფლების, მაგრამ დღევანდელი ვითარების გაანალიზებისას უნდა ვაღიარო, რომ მართლაც ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება გვყოლია. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება. პრემიერი ბრწყინვალედ მართავს პროცესს. ქალაქის მერი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი - რომელი ერთი ჩამოვთვალო...

საოცარი ექიმები გვყავს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლევან რატიანი - უჭკვიანესი ადამიანი. ლევანმა დედა გადამირჩინა და იმ დღიდან მას შვილად ვთვლი. მისი ადამიანობით და პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვარ. მადლობა მას და მთელ მედპერსონალს ასეთი თავდადებისთვის... და ამ ფონზე "ნაცმოძრაობა" ვითომ აკრიტიკებს მათ! თუმცა მათგან რა არის გასაკვირი?! ადამიანებს ქუჩაში რომ ხვრეტდნენ და ციხეებში აუპატიურებდნენ, იმ ხალხისგან ვერც კი წარმოვიდგენ, რომ რამეს მოინანიებენ და შეიცვლებიან. ბიძინა ივანიშვილი ამდენს რომ აკეთებს, მასზე ნაკლები ფული კი არ აქვთ სააკაშვილს და სხვებს, მაგრამ ერთი თეთრი არ გაუღიათ! ორი მტერი ჰყავს დღეს ხელისუფლებას - კორონავირუსი და "ნაციონალური მოძრაობა".

- საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია აღდგომის ლიტურგიაზე მორწმუნეების დასწრებამ. თქვენც დაესწარით ლიტურგიას? - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის, მაგრამ ვეთანხმები ხელისუფლების მოწოდებას და დავრჩი სახლში. უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლების მოთხოვნებს და ასე გადავარჩინოთ უამრავი ადამიანი, თავიდან ავიცილოთ კატასტროფული შედეგები. უფალი ყველგან არის, სადაც მოუხმობ. ჩვენ უნდა ვილოცოთ სახლში, რიტუალების შესრულება არ არის მთავარი, მთავარია, სწორად ვიცხოვროთ, არ ჩავიდინოთ ბოროტება, ვაკეთოთ სიკეთე, რაც ჩვენთვის გვინდა, ის გვინდოდეს სხვისთვისაც. წარმოიდგინეთ, ჩემი შვილის საფლავზეც არ მივდივარ, იმიტომ, რომ დღეს ასეა საჭირო.

- თუმცა ეს ძნელი იქნება... - ძალიან ძნელია. მე სულ ბუტასთან ვარ - ახალ წელსაც მის საფლავთან ვხვდები, აღდგომასაც ყოველ წელს იქ ვატარებდი, მაგრამ ახლა არ მივდივარ. ახლა ყველა გონივრულად უნდა მოვიქცეთ, დავრჩეთ სახლში და ვიფიქროთ ჩვენ გარშემო მყოფებზეც, სასულიერო პირებზეც... ლევან რატიანმა თქვა, საშინელებაა, რომ ნახოთ, როგორ იხრჩობიან ადამიანები რეანიმაციაშიო. მართლაც ყველა წვრილმანს ხომ ვერ გვეტყვიან ექიმები?! ამირან გამყრელიძესაც გარდაცვლილი ჰყავს შვილი, მაგრამ ვერ მიდის საფლავზე. ჩვენზე გამწარებული ვინ არის, მაგრამ ჩვენ ვემორჩილებით მოთხოვნას და ვრჩებით სახლში. მოვუწოდებ ყველას, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, სხვებზეც იფიქრონ; იფიქრონ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს ჩვენს პატარა ქვეყანაში. მდგომარეობა რომ გართულდეს, საავადმყოფოები და მედპერსონალი არ გვეყოფა. ამიტომ ვალდებული ვართ, ისე მოვიქცეთ, როგორც საჭიროა.