"მზად ვარ სასჯელისათვის!" - კვირის პალიტრა

"მზად ვარ სასჯელისათვის!"

"ჩემი ჩვენების გამო უდანაშაულო ადამიანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ციხეშია გამომწყვდეული"

ახლახან რედაქციაში ერთი ქალბატონი გვეწვია და განაცხადა, რომ გაზეთისთვის "აღიარებითი ჩვენების" მიცემა სურს. ინგა ჯიგიტოვი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეში მოწმეა. როგორც ამბობს, გამოძიებას (მართალია, დაშინებითა და მუქარით, მაგრამ მაინც) ცრუჩვენება მისცა!

ინგა ჯიგიტოვი: - 9 სექტემბერს ჩემი დისშვილი იგორ პოპოვი ჩემთან მძიმედ დაჭრილი მოვიდა და შველა მთხოვა. მაშინვე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოვიძახე. იგორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალე პოლიციელები მოვიდნენ და ოჯახის წევრები განყოფილებაში წაგვიყვანეს. ჩემთან იყო ჩემი მეორე დისშვილი ალექსანდრეც, რომელიც ჩემთან ცხოვრობდა. როცა იგორი დაჭრილი მოვიდა, ამ დროს მის ძმას, ალექსანდრეს ეძინა. პოლიციის განყოფილებაში რომ მიგვიყვანეს, რატომღაც ჩაგვაჟინდნენ, ძმებმა იჩხუბეს და იგორი  ალექსანდრემ დაჭრაო. ვუარობდით, არა, იგორი ვიღაცამ დაჭრა-მეთქი, მაგრამ ისეთი დღე გვაყარეს, ისე დაგვაშინეს, მე, ჩემმა 17 წლის შვილმა და რძალმა ხელი მოვაწერეთ თავად პოლიციელების დაწერილ ჩვენებას, რომ იგორი მისმა ძმამ, ალექსანდრე პოპოვმა დაჭრა.

- უდანაშაულო დისშვილს როგორ დაადეთ ხელი?

- თქვენ იმ მუქარისა და ზეწოლის წარმოდგენა გაგიჭირდებათ. შუაღამისას აგვყარეს და პოლიციაში მიგვიყვანეს, ჩემი შვილი დააპატიმრეს და ადმინისტრაციული სახდელი დაადეს. საწყალი ხალხის ამბავი ხომ იცით, შეშინებული და დაბნეული ყველაფერზე მიდიხარ.

- ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ცრუჩვენებისთვის შეიძლება თავი ციხეში ამოგაყოფინონ თქვენც, თქვენს არასრულწლოვან შვილსაც და რძალსაც.

- ვიცი და მზად ვართ სასჯელისთვის. ღამეები არ მძინავს, ჩემი ჩვენების გამო უდანაშაულო ადამიანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით რომ ციხეშია გამომწყვდეული. როცა მივხვდი, რა გამოიწვია ჩემმა შიშმა და უპრინციპობამ, პროკურატურაში შევიტანე განცხადება, რომ ჩვენება, რომელიც მივეცით, არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ჩემს შვილს თავზე გადაახიეს განცხადება, დაემუქრნენ, თუ ჩვენების შეცვლას გაბედავთ, დაგიჭერთო.

ლუდა პოპოვი, იგორ და ალექსანდრე პოპოვების დედა: - როცა ეს ამბავი შემატყობინეს და საავადმყოფოში მივედი, იგორი უკვე გამოყვანილი იყო ინტენსიური თერაპიის პალატიდან. ვკითხე, რა მოხდა, ვინ დაგჭრა-მეთქი? მითხრა, ვოვამო. იმ ბიჭის მისამართიც კი ვიცი, კიკეთის ქუჩაზე ცხოვრობს. საავადმყოფოში ძველი თბილისის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებიც მოვიდნენ. იგორს გამოჰკითხეს, რა მოხდაო. ჩემმა შვილმა იგივე გაუმეორა პოლიციას, რაც მე. ცოტა ხანში შემატყობინეს, რომ პოლიციამ ჩემი შვილი ალექსანდრე დააკავა. განყოფილებაში ჩემი და, დისშვილი და მისი რძალი დამხვდნენ. თურმე იძულებით მოაწერინეს ხელი, რომ იგორი მისმა ძმამ, ალექსანდრემ დაჭრა.

- უცნაურია, რატომ ან ვის სჭირდებოდა ეს?

- სიმართლე გითხრათ, ვერც მე გამიგია. სამართალდამცველებმა იგორს საავადმყოფოში მიაკითხეს და დედის გინებით აიძულებდნენ, ეთქვა, ძმამ დამჭრაო.

იგორ პოპოვი: - ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. სწორედ ამ დროს მომადგნენ და მაიძულებდნენ ხელი მომეწერა ჩვენებაზე, სადაც ეწერა, რომ ჩემმა ძმამ დამჭრა. ვასახელებდი დამნაშავის ვინაობას, მის მისამართსაც, მაგრამ რატომღაც ეს არავის აინტერესებდა. სამართალდამცველების ნებას რომ არ დავყევი, დაზარალებულს ბადრაგი დამიყენეს. პალატაში კაციშვილს არ უშვებდნენ და დაჭრილს გინებით, მუქარით მაიძულებდნენ, ცრუჩვენებაზე მომეწერა ხელი.

ლუდა პოპოვი: - საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგაც იგორი რამდენჯერმე დაიბარეს პროკურატურაში და აიძულებდნენ ძმის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, მე კი მაიძულებდნენ საპროცესო გარიგებაზე დავთანხმებულიყავი. როგორ დავთანხმდე, როცა ერთი შვილი დაჭრილი მყავს, ვიცი, ვინც არის დამნაშავე და ის დაუსჯელი დადის, მეორე, უდანაშაულო შვილი კი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზის ციხეში?

სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა ინგა ჯიგიტოვმა გვთხოვა, რომ მისი აღიარებითი "ჩვენება" დროებით შეგვეჩერებინა, რადგან სასამართლოში აპირებდა მისვლას და სიმართლის თქმას. პროცესი 12 იანვარს შედგა. პროკურატურის მოწმეები ინგა ჯიგიტოვი და სალომე ღვინიაშვილი (ჯიგიტოვის რძალი) სასამართლოში გამოცხადდნენ. ღვინიაშვილმა მუქარასა და ზეწოლაში პირდაპირ დაადანაშაულა გამომძიებლები და პროკურორი გიზო უბილავა: "თქვენ გადაშალეთ სისხლის სამართლის კოდექსი და დაშინებითა და მუქარით მაიძულეთ, მეთქვა ტყუილი. მეუბნებოდით, რომ თუ ჩვენების შეცვლას გავბედავდი დამიჭერდით, ხოლო ჩემი ორი შვილი ბავშვთა სახლში გაიზრდებოდა".

გაოცებული მოსამართლე (რადგან ასეთი ამბები ჩვენს სასამართლოში არ ხდება, პროკურატურა სასამართლო დარბაზამდე აგვარებს ყველაფერს) მოწმეს მიუბრუნდა: - კი მაგრამ, მაშინ გეშინოდათ დაჭერის და ახლა არა?

- ახლაც მეშინია, ოღონდ საკუთარი თავის გადასარჩენად უდანაშაულო ადამიანს ხელს ვერ დავადებ. პოლიციის განყოფილებაში ყველაფერი წვრილად მოვყევი. ასჯერ მაინც გავიმეორე, რომ ალექსანდრეს ეძინა. პოლიციელები კი მეუბნებოდნენ, რა მატყუარა ყოფილხარ, დაწერე ახლავე, რომ იგორ პოპოვი ძმამ დაჭრაო. ორი კაცი მადგა თავზე, მეუბნებოდნენ, შენც დაგიჭერთ, შენს ქმარსაც და შვილები უპატრონოდ დაგრჩებიან, მაგრამ არა უშავს, "პრიუტში" მივაბარებთო. მუქარა რეალური იყო, რადგან ჩემი მეუღლე, რომელმაც სამართალდამცველებს სასურველი ჩვენება არ მისცა, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააპატიმრეს და ადმინისტრაციული სახდელიც შეუფარდეს. ამ სტრესისა და სიტუაციისთვის არ ვიყავი მზად და იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა ცრუჩვენებაზე.

სალომე ღვინიაშვილის შემდეგ მოწმე ინგა ჯიგიტოვი უნდა დაკითხულიყო, მაგრამ პროკურორმა მოუცლელობა მოიმიზეზა და პროცესის გადადება ითხოვა(?!).

ემზარ საბანაძე, ალექსანდრე პოპოვის ადვოკატი: - მოწმეებზე მორალურად და ფსიქოლოგიურად იმოქმედეს, რაც მოწმე სალომე ღვინიაშვილმა დაადასტურა კიდეც პროცესზე. მან პირდაპირ დაადო ხელი პროკურორს. ეს ის პროკურორია, რომელმაც დაზარალებულს ბადრაგი დაუყენა საავადმყოფოში. პროკურატურა უფრო შორსაც წავიდა. როცა  საშიშროება იგრძნო, არასრულწლოვანი ავთანდილ ჯიგიტოვი მოსასმენი აპარატურით აღჭურვეს და ჩემთან გამოგზავნეს. ბავშვი აკეთებდა ჩანაწერს მათი დავალებით. კომპრომატი სჭირდებოდათ, თითქოს ბრალდებულის ადვოკატი ზეწოლას ახდენდა მოწმეზე, სჭირდებოდათ  ჩანაწერი იმის დასამტკიცებლად, რომ ადვოკატმა შეცდომაში შეიყვანა მოწმეები და არ განუმარტა, რომ პირველი თუნდაც იძულებით მიცემული ჩვენების შეცვლისთვის ისინი მიეცემოდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მერე მეც დამიჭერდნენ მოწმეებზე ზეწოლისათვის და ამით მორჩებოდა ყველაფერი, მაგრამ არ გაუვიდათ. მე მოწმეებს რამდენჯერმე განვუმარტე, რაც მოჰყვებოდა ამ ამბავს. სხვათა შორის, პოლიციის განყოფილებაში მოწმეებზე ზეწოლას შემთხვევით შეესწრო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც მზად არის სასამართლოს ჩვენება მისცეს.

- რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი, მით უმეტეს მაშინ, როცა დაზარალებული ასახელებდა დამნაშავის სახელსაც და მისამართსაც?

- ეს გამოძიებას უნდა ვკითხოთ. მეც მაინტერესებს, რატომ მოიქცა პროკურორი ასე? მაინტერესებს ისიც, რატომ დააკავეს სალომე ღვინიაშვილის მეუღლე? კაცი პოლიციის თანამშრომლებმა საწოლიდან წამოაგდეს და პოლიციაში წაიყვანეს, მერე ოქმში მიუთითეს, რომ თითქოს სახლში კი არა, სულ სხვა ადგილას დააკავეს.

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მის თვალწინ უპატიმრებ უდანაშაულო ქმარს, ემუქრები, რომ მასაც დაიჭერ და შვილები უპატრონოდ დარჩებიან, როგორ მოიქცევა?

- ღვინიაშვილის ჩვენების შემდეგ ინგა ჯიგიტოვი უნდა დაკითხულიყო. პროკურორმა პროცესის გადადება ითხოვა, ჯიგიტოვის დაშინებას გამორიცხავთ?

- ინგა ჯიგიტოვმა ისიც  იცის, რომ თუნდაც დაუდასტუროს თავისი პირველი ჩვენება პროკურატურას, მის შვილს მაინც დაიჭერენ. ასეთი ხალხი პროკურატურას გარეთ არ სჭირდება. მას შეასრულებინებენ პროკურატურის საქმეს და მერე ნებისმიერი საბაბით  შეაგდებენ ციხეში.

P.S. საქმეში არ დევს არანაირი ნივთმტკიცება, დანა ან სხვა რამ, რაც ალექსანდრე პოპოვის ბრალეულობას დაამტკიცებს. ვინაიდან სასამართლო პროცესი გრძელდება და მოწმეები დასაკითხი არიან, ამ ეტაპზე პროკურატურის მხრიდან კომენტარები არ გაიცემა. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს ამ ისტორიას და მის შედეგებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

P.P.S. რამდენიმე წლის წინ რედაქციას 19 წლის ზურა დალაქიშვილმა გამოუგზავნა წერილი ანალოგიური აღიარებით. ის ძარცვის საქმეში ბრალდებული და განზრახ მკვლელობის საქმეში "მოწმე" იყო. დალაქიშვილს ცრუმოწმეობის სანაცვლოდ პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა და გაათავისუფლა. მაგრამ 19 წლის ზურაბ დალაქიშვილმა სიმართლე ვერ დამალა, საპროცესო გარიგება გაასაჩივრა, ამბობდა, ამ ტვირთის ტარება ჩემს ძალას აღემატებაო. ასეთი ურჩობისათვის დალაქიშვილი დაისაჯა - მას ოთხ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.