"მეუფის აღზრდილი და შვილობილია" - რას ამბობენ მონასტრის წინამძღვარზე, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - კვირის პალიტრა

"მეუფის აღზრდილი და შვილობილია" - რას ამბობენ მონასტრის წინამძღვარზე, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს, დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღოლი წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. მამა დავით კობაიძეს გამოძიება განზრახ მკვლეობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედავება. საქმე 20 აპრილს გორის რაიონის სოფელ რიეთში სასულიერო პირებს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რა დროსაც ყინწვისის მონასტრის წინამძღოლმა მისივე მეგობარს, სასულიერო არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა.

"კურიერის" ინფორმაციით, მამა საბა ჟღენტსა და დაკავებულ სასულიერო პირს შორის კონფლიქტი ყინწვისის მონასტერში დაიწყო. დაპირისპირებას შეესწრო მეუფე იობი, რომელმაც ვითარების განმუხტვა შეძლო. მოგვიანებით ორივე სასულიერო პირმა მონასტერი დატოვა, თუმცა კონფლიქტი საავტომობილო გზაზე გაგრძელდა. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა 7 ტყვია ამოიღეს, რაც იმას ნიშანვს, რომ დავით კობაიძემ საბა ჟღენტის ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა. შეიარაღებულ დაპირისპირებას თვითმხილველები არ ჰყავს, რადგან ინციდენტი კომენდანტის საათის დროს მოხდა.

"მამა დავითი არის ძალიან კარგი პიროვნება, პატიოსანი წესიერი, სულიერად და ფიზიკურად, ყველა თვალსაზრისით ძლიერი ნებისყოფის ბერი. მეუფის აღზრდილი და შვილობილია. არქიმანდრიტი მამა საბაც შესანიშნავი ადამიანია. მამა დავითი, მამა საბა და მეუფე არიან მეგობრები. დაპირისპირება რატომ მოხდა არ ვიცით, ალბათ შემთხვევით მოხდა. მამა დავითი იარაღით არასდროს გვინახავს", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები "კურიერთან" საუბარში.

"დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის

მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს", -აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.