ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაურეკა მიხეილ სააკაშვილს სიტუაციაში გარკვევის თხოვნით. - კვირის პალიტრა

ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაურეკა მიხეილ სააკაშვილს სიტუაციაში გარკვევის თხოვნით.

განა ძნელი გამოსაცნობი იყო, რომ დადგებოდა დრო, როცა ცურმოგლეჯილი ბიზნესი აღარ მოიწველებოდა! ეს დროც მალე დადგა.

მოგეხსენებათ, ქობულეთში ტურისტული ზონის განვითარებისთვის ფიჭვნარის ტერიტორიაზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს შეღავათები შესთავაზა. პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა სიმბოლურ ფასად შეიძლება, ხოლო დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს უსასყიდლოდ გადაეცემა. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებითა და ინფრასტრუქტურით. სასტუმროს მშენებლობის დროულად დასრულების შემთხვევაში, მთავრობა ინვესტორს 15 წლით ქონებისა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებასაც ჰპირდება.

ამ ფანტასტიკური ბიზნესპირობების მიუხედავად, მთავრობამ ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროების მშენებლობით დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღების ვადა უკვე მესამედ, 28 თებერვლამდე გაახანგრძლივა.  როგორც ამბობენ, ამდენჯერ გადავადება იმას ნიშნავს, რომ დატერორებულ რეალობას თავბრუდამხვევი პიარკამპანიაც  ვეღარ  შველისო.

რამდენიმე თვის წინ "კვირის პალიტრაში" ვწერდით, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ებრაელი ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი დააკავეს.  მათ ბრალად ქრთამის მიცემა ედებათ, ბერძენი ბიზნესმენი იოანის კარდასოპოლუსი კი იძებნება.

1991 წელს ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი საქართველოში რამდენიმემილიონიანი ინვესტირებისთვის ჩამოვიდა, მთავრობის წევრებსა და "საქნავთობის" ხელმძღვანელს შეხვდა და საქართველოში არსებული მილსადენების სრული მენეჯმენტი მოითხოვა. მართლაც, წლისთავზე "ტრამექსმა" საქართველოში არსებულ ყველა მილსადენზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. 1996 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოში ბი-პი შემოვიდა, საქართველოს ხელისუფლებამ "ტრამექსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც "ტრამექსის" მეწილეებმა საქართველოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს და 2010 წლის თებერვალში ჩვენს ქვეყანას 97 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა "ტრამექსის" სასარგებლოდ.

გამოძიების ინფორმაციით, ზეევ ფრენკელი ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს (ავთანდილ ხარაიძეს) შეხვდა და რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სახელით შესთავაზა ქრთამი - 5 მლნ აშშ დოლარი, თუკი საქართველოს მთავრობა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა. 2010 წლის 15 სექტემბერს რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი სტამბოლში შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და ამჯერად 7 მლნ აშშ დოლარი შესთავაზეს. 2010 წლის 14 ოქტომბერს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ბათუმში და ხარაიძეს დაუდასტურეს მზადყოფნა 7 მლნ აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე.

არჩილ კბილაშვილი, დაკავებული ბიზნესმენების ადვოკატი: - საინტერესოა, რაში უნდა დასჭირვებოდა მოგებულ მხარეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ქრთამის მიცემა? რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსისთვის საქართველოს სახელმწიფოს დაახლოებით 100 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა (გადაწყვეტილების აღსრულებამდე ქვეყანას ყოველთვიურად 350.000 დოლარი ერიცხება, ანუ ახლა უკვე დაახლოებით 104 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი). სწორედ ამ მოგებული თანხის  გამო მიმდინარეობდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ფინანსთა  მინისტრის მოადგილესა და დაკავებულ პირებს შორის.

მოლაპარაკება ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო, რათა 97 მლნ-ის ნაცვლად უფრო ნაკლები (კონკრეტულად, 50-დან 85 მლნ-მდე) გადაეხადა. საბოლოოდ ფუქსი და კარდასოპოლუსი 72 მილიონზე დათანხმდნენ, ოღონდ იმ პირობით, რომ გადახდას საქართველო არ გააჭიანურებდა. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე ინგლისელი ადვოკატები. შეთანხმების ტექსტიც შემუშავდა და ვიზირებულ იქნა. რონი ფუქსი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ოფიციალურად მოიწვია საქართველოში მოსალაპარაკებლად(!). ახლა კი მათ ბრალს სდებენ, რომ შეთანხმებული 72-დან 7 მილიონი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქრთამად შესთავაზეს.

სინამდვილეში 72 მილიონიდან 65-ს ბიზნესმენები პირადად მიიღებდნენ, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ იხდიდა სახელმწიფო ამხელა თანხას, პიარაქცია  დაიგეგმა.

უნდა გამოცხადებულიყო, რომ გადახდილი თანხის ნაწილს (ანუ 7 მილიონ დოლარს) ბიზნესმენები ისევ საქართველოში დატოვებდნენ ინვესტიციის სახით (იმ ანგარიშზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ან ფინანსთა მინისტრი დაასახელებდნენ). ეს იყო საქართველოს მთავრობის წამოყენებული პირობა, ამას კი ახლა ბრალდების მხარე ქრთამის შეთავაზებად ნათლავს. არადა, რონი ფუქსი ინვოისს იმ 7 მილიონზე ითხოვდა, რომელიც საქართველოში ინვესტიციად უნდა დაებრუნებინა, მას დასამალი არაფერი ჰქონდა.

ერთი სიტყვით, იურისტებმა ხელშეკრულებები მოამზადეს, მაგრამ რონი ფუქსი საქართველოს ხელისუფლებას, ჩანს, მაინც არ ენდობოდა და გარანტიებს ითხოვდა. ამის  გამო პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად, საკუთარი ხელმოწერით დადასტურებული პერსონალური მოსაწვევი გაუგზავნა და საქართველოში, როგორც პირადი სტუმარი მოიწვია. ბიზნესმენი ზეევ ფრენკელი, კარდასოპოლუსისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრს ენდო და ჩამოფრინდა საქართველოში, სადაც დააკავეს კიდეც.

იმ დღეს ბიზნესმენებს პრემიერ-მინისტრთან 2 საათზე ჰქონდათ შეხვედრა დანიშნული. მანამდე, პირველ საათზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ და როცა კუდ-ის თანამშრომლები მიადგნენ დასაკავებლად, რონი ფუქს ეგონა, პრემიერ-მინისტრი მოვიდაო.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ებრაელი ბიზნესმენები. "ის, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ ფუქსი და ფრენკელი ჯერ მიიწვია ქვეყანაში და შემდეგ დააპატიმრა, შეიძლება სერიოზული დაბრკოლების მიზეზი შეიქნეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ახლა ებრაელი ბიზნესმენები უფრთხიან საქმის დაჭერას ქართულ მხარესთან. ეს ანგრევს  ეკონომიკურ ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის", - ნათქვამია ქართველი კოლეგისთვის მიწერილ წერილში.

ფრენკელის ინტერესების დამცველი ადვოკატი მორდეხაი ცივინი: - რონი ფუქსის ადვოკატთა ჯგუფს კონსულტაციას უწევს გრეგორი კრეიგი, რომელიც ბარაქ ობამას მთავარი იურიდიული მრჩეველი იყო. საქმეში ჩარეულია ისრაელის ხელისუფლებაც.

ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაურეკა მიხეილ სააკაშვილს სიტუაციაში გარკვევის თხოვნით.

სავარაუდოდ, ოფიციალური თელ-ავივი ევროკავშირსა და ამერიკას საქართველოს საბანკო ანგარიშების გაყინვასა და მისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას მოსთხოვს. უკმაყოფილება გამოთქვა თურქეთმაც, რადგან რონი ფუქსი თურქეთის საპატიო კონსულიც არის.

არჩილ კბილაშვილი: - რონი ფუქსი პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წერილით შემოიტყუეს. რას იფიქრებდა, თუ პრემიერ-მინისტრის პირად სტუმარს დააპატიმრებდნენ. ბერძენი კარდასოპოლუსი კი მაინც არ ენდო საქართველოს ხელისუფლებას.

ძალიან ცუდი რეზონანსი აქვს ამ ამბავს ისრაელში და არა მარტო იქ. ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოს მოუგეს პროცესი, მორიგების ინიციატივაც ქართული მხარისაგან მოდიოდა, პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ მოსაწვევში კი ეწერა, რომ იწონებს ფინანსთა მინისტრთან მიღწეულ შეთანხმებებს. წინასწარგანზრახული პროვოკაციაა, აბა, რა არის?