"ერთად ვიბრძოდით სამაჩაბლოში" - რას ჰყვებიან ახლობლები 42 წლის მამაკაცზე, რომელიც სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს? - კვირის პალიტრა

"ერთად ვიბრძოდით სამაჩაბლოში" - რას ჰყვებიან ახლობლები 42 წლის მამაკაცზე, რომელიც სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს?

2 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, ამავე სამსახურის თანამშრომელი 42 წლის ალუდა ზვიადაური გარდაცვლილი ნახეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. იქვე ეგდო დანაშაულის იარაღი. ფაქტი უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა.

ალუდა ზვიადაური ბოლო  რამდენიმე წელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, სადაც მუშაობა ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობის დროს დაიწყო. ძმები ზვიად და ალუდა ზვიადაურები შს მინისტრ ვახტან გომელაურთან ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ისინი ერთი უბნელები იყვნენ - ადრე ვარკეთილში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.

ალუდა ზვიადაური სუს-ში სამეურნეო ნაწილში მუშაობდა. როგორც ჩანს, მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. მისი მეუღლე ადასტურებს, ალუდა იარაღით რომ გადაადგილდებოდა, თუმცა მას არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა მოეკლა თავი მის მეუღლეს.

შოკირებული ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მომხდარზე არაფერი იცის. ამ დრომდე არც ახლობლებს აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი. არავინ იცის რა მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. ხომ არ ჰქონდა ტრაგედიამდე რაიმე ინციდენტს ადგილი, ეს და სხვა დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები. ალუდა ზვიადაურის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, სავარაუდოდ, მას ერთი ტყვია თავის არეში აქვს მიყენებული. საღამოს ცხედარი ვარკეთილში, მის საცხოვრებელ ბინაში მიასვენეს, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ზვიადაურების მეზობლები მომხდარს ძალიან განიცდიან, თუმცა დეტალებზე ვერაფერს ამბობენ. ალუდას ძმა, ზვიად ზვიადაური სპოტსმენია, ის ბავშვებს ძიუდოში ავარჯიშებს. როგორც მისმა მეგობარმა მითხრა, ალუდაც სპორტსმენი იყო.

"შემძრა ალუდას გარდაცვალების ამბავმა. წლებია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ალუდას დედა ერედვიდან არის, ძმები ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენს სოფელში და იქიდან ვძმაკაცობდით. მერე ტერიტორიების დაკარგვას ალუდა ძალიან განიცდიდა. სამშობლოს მოყვარული, კარგი პატრიოტი კაცი იყო. მართლა კარგი მამულიშვილი, უზომოდ უყვარდა საქართველო და სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, იქ იდგა. ერთად ვიბძროდით სამაჩაბლოში. დიდი სანათესაო ყავს ერედვში. დედამისი ძალიან კარგი ქალბატონია. ორი ბიჭი გაზარდა. ორივე ბავშვობიდან სპორტს მისდევდა - ლუდა კარატისტი იყო, მას არაჩვულებრივი ძმა ჰყავს, ზვიად ზვიადაური. წარმოშობით ხევსურები არიან, ვარკეთილში ცხოვრობდნენ. ამ საშინელ ამბავს როგორ წარმოვიდგენდით, მიზეზი მართლა არ ვიცი, შოკირებულები ვართ", - გვითხრა ალუდას მეგობარმა ბესო მახნიაშვილმა.

სოციალურ ქსელში ბევრი ტკივილიანი სტატუსი გაჩნდა. განიცდიან მომხდარს ახლობლები და უსამძიმრებენ ოჯახს ტრაგედიას. ერთ-ერთმა ნათესავმა სოციალურ ქსელში ალუდას ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ალუდ, ეს რა ჩაიდინე ჩემო ძმაო, უფალმა მოგიტევოს და ნათელში ამყოფოს შენი სული... ეს რა გააკეთე როგორ გვატკინე გული".

მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ იმ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ალუდა ზვიადაურის ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე მომხდარის დეტალებზე ვერავინ საუბრობენ. ალბათ გამოძიებით გაირკვევა რა მოხდა სუს-ის შენობაში.