"ხუდოევმა გაგვაფრთხილა, თუ ჩემთან არ ითანამშრომლებთ, ყველას მანქანა გაჩერდებაო" - კვირის პალიტრა

"ხუდოევმა გაგვაფრთხილა, თუ ჩემთან არ ითანამშრომლებთ, ყველას მანქანა გაჩერდებაო"

"ვიღაცას ჩვენი გვერდის ავლით სომხეთის ბაზრის ათვისება უნდა"

უკვე რამდენიმე ხანია, ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელები ბიზნესის შეფერხებას უჩივიან, მეტიც, ბიზნესის დახურვის საფრთხის წინაშეც კი დადგნენ. საქმე ის არის, რომ მათი თქმით, სატვირთო მანქანებს, რომლებითაც ტვირთს თურქეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ეზიდებიან, 10-15 დღის განმავლობაში სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) საგანგებოდ აყოვნებენ. ბიზნესმენების თქმით, ყველა როდი ზარალდება, პრობლემა ექმნებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც ამ საქმეში რამდენიმე თვის წინ გამოჩენილი რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდოევი ბიზნესს ართმევს. რამდენიმე კომპანიას ამ გზით სომხეთში ტვირთი მაინც მიაქვს ფინანსური ზარალის ფასად და იმ იმედით, რომ ერთ დღეს ყველაფერი ძველებურად იქნება. როგორც გადამზიდავები ამბობენ, მათ ტვირთებს ხელოვნურად აფერხებს შემოსავლების სამსახური. მათივე ინფორმაციით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში შეკრება, სადაც მათ რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდოევი შეხვდა და გააფრთხილა, ვინც მასთან არ ითანამშრომლებდა, გაჩერდებოდა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ხუდოევს არაერთი მაღალი თანამდებობის პირი უმაგრებს ზურგს.

ბესიკ ქორიძე, კომპანია "რეექსპოტრანსის" წარმომადგენელი: - თურქეთში მივდივარ და მაინტერესებს, უკან დაბრუნების შემდეგ სარფის საზღვარზე უპრობლემოდ გამატარებენ თუ ისევ 15-20 დღეს მოგვიწევს გაჩერება. როდესაც შემოსავლების სამსახურში დავრეკე, მიპასუხეს, არავითარ პრობლემას არ გიქმნით, ზედამხედველობა მხოლოდ კამერალურ დათვალიერებას ითვალისწინებსო. ამას 15 დღე აქამდე არ დასჭირვებია, ახლა რატომ გახდა საჭირო-მეთქი, კანონში ასეა მითითებული, ამ დროის განმავლობაში უნდა დაგაყოვნოთო. ყველა გზას ხუდოევამდე მივყავართ. არ ვიცი, ვინ უმაგრებს ზურგს, მაგრამ აშკარაა, იმ საქმის წართმევას აპირებს, რომელსაც წლები შევალიე.

- თქვენ ესწრებოდით შეხვედრას, რომელიც მან გამართა? - დიახ, თბილისში, რუსთაველზე მდებარე სასტუმროში დაგვიბარა. შესასვლელთან დაგვხვდა კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ ალექსანდრე ჰქვია, ფელიქსის მძღოლია და გვთხოვა შეხვედრაზე მობილური ტელეფონები და საათები არ შეგვეტანა. მობილური გასაგებია, საათი რატომ არ მოსწონდათ, ვერ გავიგე. სწორედ მის სახელზე ყოფილა გაფორმებული კომპანია "არარატ ჯორჯია", რომელმაც ჩვენი საქმიანობა შეითავსა. შეხვედრა ხანმოკლე იყო - გაგვაფრთხილა, თუ ჩემთან არ ითანამშრომლებთ, ყველას მანქანა გაჩერდებაო. მაშინ კი ჩაგვაწერინა ყველას სატელეფონო ნომრები, მაგრამ იმდენად არადამაჯერებელი მომეჩვენა, გვარიც არ ჩამინიშნავს, მეგონა ხუდოევმა მაღალჩინოსნებზე საუბრისას, ყველაფერი გარკვეული მაქვსო, იტრაბახა. თუმცა მალე ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც სასტუმროში გვითხრეს - ჩვენი სატვირთო ტრაილერები სარფის საბაჟოზე გააჩერეს.

ირაკლი არძენაძე, შპს "რექტრანსის" წარმომადგენელი: - ეს ყველაფერი ახალი წლიდან დაიწყო, ავტომანქანის ყოველმხრივ დათვალიერების შემდეგ 15-20 დღით გვაჩერებდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ტვირთის დათვალიერება არ იყო დასრულებული. ყველა უწყებასთან შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ ხდებოდა ეს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საბაჟო დეპარტამენტი შეგვპირდა, ამ საქმეს გამოვიძიებთო, თუმცა არავინ დაგვკავშირებია.

- რა იცით ხუდოევის შესახებ? - ვიცით, რომ რუსეთის მოქალაქეა და კიდევ ორი კომპანია აქვს, მათ შორის ერთ-ერთი "ყაზბეგი" და სამივე მათგანი საქართველოში წელს დარეგისტრირდა.

- რას აპირებთ? - ჩემს პარტნიორებს დავურეკე და გადავწყვიტეთ მუშაობა გავაგრძელოთ... თუ არაფერი შეიცვლება, რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ სამართლის საპოვნელად. ჩვენ სომხეთში ყველაფერი შეგვაქვს - საშენი მასალა, ჰიგიენური ნივთები და ა.შ.. დაგვიანებისთვის ჯარიმა გვეწერება, რომ არაფერი ვთქვათ სომხეთის კომპანიებთან მოპოვებული ნდობის დაკარგვაზე. ხშირი დაგვიანების გამო კი მათაც პრობლემები ექმნებათ და ალტერნატიული მიმწოდებლის ძებნას იწყებენ. ვიღაცას ჩვენი გვერდის ავლით სომხეთის ბაზრის ათვისება უნდა. რადგან სომხეთსა და თურქეთს კარგი ურთიერთობა არა აქვთ, ჩვენ მათ რეექსპორტისა და გადაზიდვის ერთიან მომსახურებას ვუწევდით. თურქული ტრანსპორტის სომხეთში შესვლა ძვირია, ვიდრე ქართულის. ჩვენ რეექსპორტში ერთ მანქანაზე ოფიციალურად 100 დოლარს ვიხდიდით, ხუდოევი კი 450 დოლარს ითხოვს, მაგრამ დაგვიანებისთვის ჯარიმისა და მთლიანად ბიზნესის დაკარგვის საფრთხის გამო დამატებით 350 დოლარის გადახდა გვიწევს. აქამდე გადაზიდვების 50% ქართული მხარის იყო, 50% - თურქეთის. ახლა კი რეექსპორტში ფელიქს ხუდოევის კომპანია გამოჩნდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა და პრობლემები სომხურ მხარესაც შეუქმნა.

ვინ არის ფელიქს ხუდოევი

ჩვენ ხუდოევის მძღოლის, ალექსის ნომერი გავიგეთ და დავურეკეთ, თუმცა გვიპასუხა, საჭესთან ვარ და ვერ დაგელაპარაკებითო. კითხვაზე, რამდენ ხანში შეძლებდა საუბარს, ტელეფონი გაგვითიშა. თავად ხუდოევის შესახებ კი ინტერნეტში ბევრი არაფერია, გარდა იმისა, რომ მის სახელზე 2013 წლის ივლისში რეგისტრირებულია არასაჯარო სააქციო საზოგადოება НАО Феликс, რომლის მისამართად მითითებულია მოსკოვის ოლქი, დომოდედოვო, კაშირის შოსე #21. ჩვენი წყაროებით გავარკვიეთ, რომ ის რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესშია ჩართული.

P.S. "კვირის პალიტრა" ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურისგან რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა პასუხის მიღებას. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კითხვების გადაგზავნა გვთხოვა, თუმცა არაერთგზის ცდის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.

ლალი პაპასკირი