5 მკვლელობა და ბრალდებული მამა-შვილი - რას ამბობს საზარელი საქმის პროკურორი? - კვირის პალიტრა

5 მკვლელობა და ბრალდებული მამა-შვილი - რას ამბობს საზარელი საქმის პროკურორი?

რამდენიმე დღის წინ, სოფელ ყანდაურაში დაკავებულ ძებნილ სპეცრაზმელს, 57 წლის ნოდარ გამყრელიძეს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. მას თავდაპირველად დედის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, ამჟამად დედის მკვლელობასთან ერთად მას ბრალს საკუთარი ძმის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობაში სდებენ. ის ძალოვნებმა მშობლების იმ სახლიდან აიყვანეს, სადაც ეს საზარელი მკვლელობები მოხდა.

შეგახსენებთ, დანაშაული ერთი წლის წინ, 2019 წლის 3 მაისს, გამყრელიძეების ოჯახში მოხდა. იმ დილით მეზობლებმა გაიგეს, რომ ომარ გამყრელიძის ცოლი, ელზა ტაველიშვილი ცუდად იყო. პედაგოგი მზია მეზვრიშვილი სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მეზობლის ავადმყოფობა რომ გაიგო, სანახავად შევიდა, მას მიყვა მისი ვაჟი, 35 წლის შავლეგ გამყრელიძე. მანამდე დედის ავადმყოფობის ამბავი ომარის ვაჟმა, დავით გამყრელიძემაც გაიგო და ისიც ცოლთან, ლელა სოზონიშვილთან ერთად, დედის სანახავად მშობლების სახლში შევიდა. მეზობლების ეზოში შესვლისთანავე სროლა ატყდა. ერთმანეთის მიყოლებით 4 ადამიანი მოკლეს. პოლიციის მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ დამნაშავის კიდევ ერთი მსხვერპლი, ოჯახის დიასახლისი, ელზა ტაველიშვილი სახლში იყო დაჭრილი. სავარაუდოდ, ის იყო პირველი მსხვერპლი და მრავლობითი ჭრილობებით  საძინებელ ოთახში სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, დიდხანს ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ექსპერტიზით დადგენილია, რომ მკვლელობა ორი სხვადასხვა იარაღიდან გასროლით მოხდა, საქმეში ფიგურირებს "გეკო" და ავტომატი. "გეკოთია" მოკლული ელზა ტაველიშვილი, ხოლო დანარჩენები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით.

ბრალდებულის ადვოკატ გიორგი ქართველიშვილის თქმით, ნოდარ გამყრელიძე არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, დაკავებულის ბრალეულობის დასამტკიცებლად საქმეში მტკიცებულებები არ არის. "რა უნდა ეთქვა, რა უნდა ეღიარებინა, რაც არ ჩაუდენია?  რის საფუძველზე მოხდა დაკავებულისთვის ბრალის დამძიმება, ეს ჩემთვის უცნობია", - გვითხრა ადვოკატმა.

პოლიციამ თავდაპირველად  ნოდარ გამყრელიძის მამა - ომარ გამყრელიძე დააკავა, მას 4 ადამიანის მკვლელობაში და მეუღლის დაჭრაში დასდეს ბრალი. მოხუცი ირწმუნებოდა, უდანაშაულო ვარო, მაგრამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიებამ მოხუცს წაყენებული ბრალდებები მოუხსნა და პატიმრობიდან 2000-ლარიანი გირაოთი გაანთავისუფლეს. თუმცა მას ამ დრომდე ცოლის მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ციხიდან გამოსული მოხუცი ამჟამად თბილისში, ბრალდებული შვილის, ნოდარ გამყრელიძის ბინაში ცხოვრობს.

მართალია გამოძიება აცხადებს, რომ დანაშაული გახსნილია და დამნაშავე დაკავებულია, ჯერ არ ჩანს პასუხი მთავარ კითხვაზე - რატომ მოკლა ოჯახის სამი წევრი და ორი მეზობელი ბრალდებულმა ნოდარ გამყრელიძემ.  შევეცადეთ მეტი ინფორმაცია მიგვეღო პროკურატურისგან.

საქმის დეტალებზე გვესაუბრება კახეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი:

- 2019 წლის 3 მაისს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქვემო ყანდაურაში ხუთი ადამიანი მოკლეს. ამ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ: ნოდარ გამყრელიძე, რომელსაც ბრალად ედება დედის - ელზა ტაველიშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა და სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა ტარება; ასევე ომარ გამყრელიძე, რომელსაც მეუღლის - ელზა ტაველიშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში დახმარება და სპორტული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, გასაღება, ასევე საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ბრალდება. უმცროსი ომარ გამყრელიძე კი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის არის ბრალდებული.

ელზა ტაველიშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განსახილველად წარიმართა სასამართლოში, ხოლო ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, ოთხი ადამიანის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ცალკე გაგრძელდა.

- იმ დღეს 5 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ოჯახის 3 წევრი. ბრალდებულის დედა, რძალი, ძმა და კიდევ ორი მეზობელი, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულს მხოლოდ დედის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, რატომ?

- თავდაპირველად, ნოდარ გამყრელიძეს ბრალი წარედგინა მხოლოდ დედის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის და სპორტული სანადირო დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. როდესაც დააკავეს და სახლიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ექსპერტიზით დადგინდა, რომ სწორედ ამ იარაღიდან მოკლეს დანარჩენი ოთხი ადამიანი.

დაკავებულს ასევე აღმოაჩნდა სპორტული სანადირო დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი. შესაბამისად, მას წარედგინა ბრალდება ოჯახის 2 წევრის, ასევე 2 სხვა პირის (მეზობლის) დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის.

- თავდაპირველად ამ დანაშაულისთვის 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, მოგვიანებით, მას განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის წაეყენა ბრალი და გირაოთი გათავისუფლდა, რა ჩვენება მისცა საქმის ირგვლივ ფაქტის თვითმხილველმა ომარ გამყრელიძემ? ის საკუთარ ვაჟს ამხელს დანაშაულში?

- ომარ გამყრელიძე შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს სახლში დახვდათ. იგი არა თუ თავის შვილს არ ამხელს დანაშაულის ჩადენაში, არამედ გასროლის ხმების გაგონებასაც კი უარყოფს, მაშინ, როდესაც მის სახლში ერთი ადამიანის, ხოლო სახლის ეზოში ოთხი ადამიანის მკვლელობა მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, საქმის სასამართლოში განხილვის დროს კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობა შეეცვალა გირაოთი.

- დღემდე ბურუსით მოცულია მკვლელობის მოტივი, რა გაირკვა გამოძიებით?

- გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, ამ ეტაპზე, მკვლელობის მოტივი უტყუარად გამოკვეთილი არ არის.

- ითქვა ისიც, რომ გამოძიებას სიმართლის გარკვევაში დაეხმარა ბრალდებულ ნოდარ გამყრელიძის ვაჟი, უმცროსი ომარ გამყრელიძე, რომელიც ასევე დაკავებული იყო იარაღის უკანონო შენახვის და ტარებისთვის. ისიც გირაოთი გათავისუფლდა, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას?

- ომარ გამყრელიძეს უშუალოდ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებასთვის ჩვენება არ მიუცია.

- ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გამყრელიძე უდანაშაულოა და პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, ხომ არ ისაუბრებთ მტკიცებულებებზე?

- გამოძიებას მოპოვებული აქვს უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის არის დანაშაულის ჩადენის ორივე ცეცხლსასროლი იარაღი. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მასრები და ტყვის გულები, ასევე ერთ-ერთი მოკლულის სხეულიდან ამოღებული ტყვიის გულები გასროლილია ამ ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან. ასევე ბიოლოგიური (დნმ) ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთ იარაღზე, მასში მოთავსებულ ვაზნაზე და ამავე იარაღიდან გასროლილ მასრაზე არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის ბრალდებულ ნოდარ გამყრელიძეს.

- ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარება ხომ არ დგება ეჭვქვეშ და ხომ არ დაინიშნება ექსპერტიზა?

- ვინაიდან ის დააკავეს 2020 წლის 25 აპრილს, ამ ეტაპისათვის ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ არის დანიშნული.

- ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ყანდაურაში მომხდარი უმძიმესი დანაშაული გაუხსნელია, რას იტყოდით ამაზე?

-2019 წლის 3 მაისს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქვემო ყანდაურაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია და ამ დანაშულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია მამა-შვილი.

- ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე მკვლელობის ადგილას, ამაზე რას ამბობს თავად ბრალდებული? რატომ გამოჩნდა ის ტრაგედიის ადგილას?

- ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას.

იხილეთ ასევე: "როგორ ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, ჩვენს მეზობლად დაიმალებოდა"

(სპეციალურად საიტისთვის)