"მოკლულის ცოლი ამბობს, ვერ დავიჯერებ, რომ გურამმა თემური განზრახ მოკლაო" - რა მოხდა გურიაში?
"მოკლულის ცოლი ამბობს, ვერ დავიჯერებ, რომ გურამმა თემური განზრახ მოკლაო" - რა მოხდა გურიაში?
9 მაისს, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში ტრაგედია დატრიალდა. მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, რის შემდეგაც სახლში შევიდა და თვითონაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ეს სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა, რასაც მეზობლები კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, გურამ კუკულავასა
და მოკლულ თემურ ფოფხაძეს შორის შელაპარაკება და ჩხუბი არასოდეს ყოფილა.

როგორც შევიტყვეთ, მოკლული და მკვლელი თანაკლასელები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მათ სახლებს ერთი ღობე ჰყოფს. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მან ორი გასროლა გაიგონა, რასაც ქალის განწირული კივილი მოყვა. მოკლული თემურ ფოფხაძის მეუღლე სასწრაფო დახმარების გამოძახებას ითხოვდა. კივილზე მთელი სოფელი შეიკრიბა.

მეზობლის მონათხრობი:
-  შეძრული ვარ მომხდარით. გურამი და თემური
ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ერთი ღობე ყოფს მათ სახლებს. თანაკლასელები და ერთად გაზრდილები არიან. 68 წლისანი, მიჭირს იმის დაჯერება რომ გურამ კუკულავამ თემურ ფოფხაძე მოკლა. ვფიქრობ, რომ სანადირო თოფი გაუვარდა და ტყვია მოხვდა თემურს, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა. ეტყობა დაინახა ველოსიპედიდან თემური როგორ გადმოვარდა, იფიქრა, რომ მოკლა და ისე, რომ არც უცდია მასთან ახლოს მისვლა, რომ ენახა მართლა გარდაცვლილი იყო თუ არა, შევარდა თავის ეზოში და სახლის უკან, თავი მოიკლა.

უშუალოდ გასროლას თვითმხილველი არ ჰყავს, მაგრამ მოკლული თემური პირველდ ცოლმა ნახა, ეტყობა სროლის ხმაზე ის ჭიშკარში გავიდა და ძირს დაგდებული ქმარი დაინახა.

თემურის მეუღლის კივილზე გამოვცვივდით მეზობლები სახლებიდან. კიოდა ჩქარა სასწრაფო გამოიძახეთო. მეგონა, დოდო იყო ცუდად და დახმარებას ითხოვდა. თავიდან თემური არც დამინახავს, მერე ახლოს რომ მივედი ეს საშინელი ამბავი ვნახე. ტრაგედია კუკულავას სახლის წინ მოხდა. თემურის მეუღლე ამბობს, თემური ველოსიპედით გოჭის საყიდლად მიდიოდა და უცებ მოხდა ეს ამბავიო. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. ტყუილია რაც ტელევიზიებმა გაავრცელეს.

ერთს ნამდვილად გეტყვით, მათ შორის დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. თვითონ მოკლულის ცოლი ამბობს, ვერ დავიჯერებ რომ გურამმა თემური განზრახ მოკლაო.

მე 2 გასროლა გავიგე, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, შეიძლება ითქვას, ზედიზედ იყო ეს ორი გასროლა, ამას მოჰყვა დოდოს - მოკლულის მეუღლის კივილი და ეს სურათი დაგვხვდა. გურამი მარტოხელა იყო, მას ცოლ-შვილი არ ჰყოლია, არც მშობლები და დედმამიშვილები ჰყავს.
თემურის ერთი შვილი ჰყავს, რომელიც უცხოეთშია ცხოვრობს.
მეზობლები ვართ ჭირისუფალი ორივე ოჯახის, განვიცდით. გურამი არ იყო ის ადამიანი, რომ ვინმე მოეკლა. არ იყო კონფლიქტური. უბრალოდ ნადირობა უყვარდა და ამიტომ ჰქონდა სანადირო იარაღი.

- იარაღი რატომ უნდა ჰქონოდა ჭიშკართან?
- ხანადახან ქორს ან ვირთხას ესროდა ხოლმე. სავარაუდოდ, ახლაც ამიტომ იდგა სახლთან ეზოში თოფით. ბოლო დროს სანადიროდ ვერ დადიოდა, ძირითადად სახლში იყო, დიაბეტი ჰქონდა. წამებში გავარდა მეორე ტყვია და სახლის უკან იპოვეს გარდაცვლილი, ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი... თემურისაც გულმკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

ბესიკ ტაბიძე, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე:
"ველოსიპედით მოდიოდა თეიმურაზ ფოფხაძე და თავისი სახლის წინ, გურამმა ესროლა სანადირო თოფიდან, ამის შემდეგ სახლის უკან მოიკლა თავი. მიზეზი უცნობია და გამოძიება დაადგენს, შესაძლოა რაღაც უსიამოვნება ჰქონდათ კიდეც, რაც  გარედან არ ჩანდა, როგორც ჩანს, იყო რაღაც მიზეზი. საქმეში სანადირო თოფი ფიგურირებს, მონადირე იყო გურამი და თოფი გაფორმებულიც ჰქონდა. ორივეს ვიცნოდი, როგორც კარგ ადამიანებს, ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს".


რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები