პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში "კანონიერი ქურდი" უჩივის - რას აპროტესტებენ "კრიმინალური ავტორიტეტები"? - კვირის პალიტრა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში "კანონიერი ქურდი" უჩივის - რას აპროტესტებენ "კრიმინალური ავტორიტეტები"?

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა "კანონიერმა ქურდმა" ილია სამსონიამ, იგივე ილია "ოზურგეთსკიმ" საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლა.

საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ქართველ "კრიმინალებს" უცხოეთში დაკავებენ, მათ დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხერხდება. მედიისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეეხო იმ "კანონიერ ქურდებსაც", რომლებიც 2013-2018 წლებში საქართველოს სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

46 წლის ილია სამსონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის მარტში დააკავეს და ბრალი "კანონიერი ქურდობისთვის" წაუყენეს. ის საქართველოში შემოსვლას ყირგიზეთიდან ცდილობდა, სადაც 2012 წლიდან დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

სამსონიას სხვადასხვა ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საერთო ჯამში, 15 წელზე მეტი აქვს გატარებული.

ილია "ოზურგეთსკის" ადვოკატის თქმით, პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა.

"პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. ეს მოხდა ისე, რომ არ გადამოწმებულა, რეალურად ჰქონდათ, თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება. ეს მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. სავარაუდოდ, პრეზიდენტს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ჰქონდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

დღეს ისინი არცერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან, შეზღუდული აქვთ მთელი რიგი სერვისები, მათ შორის, დიდი ძალისხმება გვიწევს სასამართლოში მათი საქმის წარმოება ეფექტურად რომ განვახორციელოთ", – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე. წყარო

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამსონიას სხვა კრიმინალური ავტორიტეტებიც შეუერთდნენ, რომლებიც პრეზიდენტს, სავარაუდოდ, სასამართლოში დაუპირისპირდებიან.

იხილეთ ასევე: "პირველად ვხედავ, როცა "ქურდი" გარბისო..." - "კვეჟოვიჩი" სტამბოლში დააკავეს