5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო - კვირის პალიტრა

5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბავშვის ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დაზარალებულის ადვოკატმა შალვა მჭედლიშვილმა განაცხადა, მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას მცირე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმეში მხოლოდ ორი არასრულწლოვნის ჩვენება იყო, რასაც განაჩენის გამოსატანად ვერ გაიზიარებდა.

ბრალდებულის ადვოკატის, ლევან ზაქრაძის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მისივე თქმით, წარმოდგენილი მოწმეები არასრულწლოვნები იყვნენ, შესაბამისად, სასამართლომ მათი ჩვენებები არ გაიზიარა.

ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო დაახლოებით, ერთი თვის წინ, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, განაჩენის გამოცხადებამდე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"