საბერძნეთის პოლიციამ ათენში 9 ქართველი დააკავა, 8 მამაკაცი და ერთი ქალი - კვირის პალიტრა

საბერძნეთის პოლიციამ ათენში 9 ქართველი დააკავა, 8 მამაკაცი და ერთი ქალი

საბერძნეთის პოლიციამ ათენში 9 ქართველი დააკავა, 8 მამაკაცი და ერთი ქალი. მათ ბრალი ედებათ კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და წლების განმავლობაში ათენში საცხოვრებელი სახლების ძარცვაში. პოლიციის ინფორმაციით, ნივთმტკიცებულების სახით ამოღებული ნაძარცვის საერთო ღირებულება 150 ათას ევროს აღწევს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, ბერძენი სამართალდამცველები 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ კრიმინალურ დაჯგუფებას. მათი ინფორმაციით, დამნაშავეებმა 31 სახლი გაძარცვეს ათენის ტერიტორიაზე. ოფიციალური ცნობით, სახლების შესახებ ინფორმაციას ისინი, ძირითადად, მომვლელი ქალებისგან იღებდნენ. სავარაუდოდ, დაკავებული ერთი ქალიც მომვლელად მუშაობდა ოჯახში.

გამოძიების ცნობით, დაჯგუფებას ჰქონდა სპეციალური გასაღები, რომლითაც ყველა კარის საკეტს ადვილად აღებდნენ. ჩხრეკის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა, საათები, მობილური ტელეფონები, ტექნიკა, კომპიუტერები და სხვადასხვა აქსესუარი. ნაძარცვის საერთო ღირებულება, გავრცელებული ინფორმაციით, 150 000 ევრომდეა. ნაღდი ფულის სახით პოლიციამ 6500-მდე ევრო ამოიღო. საუბარია, აგრეთვე, 3 მოპარულ მანქანაზე.

პოლიციის თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 3 წლის წინ შეიქმნა და მის წევრებს ფუნქციები ჰქონდათ განაწილებული.

დაკავებული 9 ქართველი ამჟამად პროკურატურაში იმყოფება და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება.

წყარო