"ილია სალაპარაკოდ გაიყვანა სახლიდან... ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, უცბად დაურტყამს დანა ზედიზედ ხუთჯერ" - კვირის პალიტრა

"ილია სალაპარაკოდ გაიყვანა სახლიდან... ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, უცბად დაურტყამს დანა ზედიზედ ხუთჯერ"

14 მაისს, საინგილოში, აზერბაიჯანის ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში, 18 წლის ქართველი ბიჭი ილია ილიასოვი (ასლამაზაშვილი) მოკლეს. ილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა, პარალელურად კი სუპერმარკეტ "სპარში" კონსულტანტად მუშაობდა.

საზარელი მკვლელობა ახალგაზრდების ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით მოხდა. მკვლელმა ილიას 5-ჯერ დაარტყა დანა, მათგან ერთ-ერთი - გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა ახალგაზრდისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული, მისივე თანასოფლელი ალი ალიმამედოვი.

ილიას ერთი სტუდენტი და ჰყავს, დედა კი მოსულის სკოლაში ქართულის პედაგოგია.

kvirspalitra.ge მოკლული ბიჭის ნათესავს ზაქათალაში ესაუბრა:

- მკვლელობა 14 მაისს მოხდა მოსულში, ჩვენსავე უბანში. ეს ტრაგედია ორი წლის წინ დაწყებულ უთანხმოებას მოჰყვა, თუმცა მათ შორის ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ილია სასიკვდილოდ გაემეტებინა. იმ დღეს, ალი ალიმამედოვმა ილია სალაპარაკოდ გაიყვანა სახლიდან. იქვე, მოედანზე პატარა ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, უცბად დაურტყამს დანა ზედიზედ ხუთჯერ – გულში, ფილტვში, კუჭში, დანარჩენი ორი ჭრილობა შედარებით მსუბუქი იყო. როგორც ჩანს, მას განზრახული ჰქონდა ილიას მოკვლა და ამიტომ მოაკითხა დანით შეიარაღებულმა. ყველანი გავვარდით შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ, ხელში ჩაგვაკვდა ბავშვი. ციხეშია ამოსალპობი ის მკვლელი, ანგელოზივით და სიცოცხლით სავსე ბავშვი მოგვიკლა და მერე მშვიდად ჩაიარა უბანში, მეტიც, მამასთან დაუტრაბახია, რაც გააკეთა. ილია ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი, კეთილი ბიჭი იყო. სიტყვები არ მყოფნის მის დასახასიათებლად. მარტო ნათესავებისთვის კი არა, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, ყველას ამახსოვრებდა თავს. არ ვიცით, როგორ გადავიტანთ ამხელა ტრაგედიას.

ლევან ოსიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ილიას ლექტორი:

- საოცარი ინგილო ბიჭი იყო ილია, ძალიან კარგად დაგვამახსოვრა თავი. მას პირველ სემესტრში პოლიტმეცნიერებას ვასწავლიდი. კარგი ქართველი და თავანკარა ქართულით მოლაპარაკე იყო. ერთხელ ვკითხე, ილია, საინგილოდან ჩამოსულების უმრავლესობამ ქართული ცუდად იცის და შენ საიდან ასეთი ცოდნა-მეთქი? მითხრა, დედა ქართულის პედაგოგია და მან მასწავლა, პატივცემულო, იმდენჯერ მომხვედრია იმისთვის, ენა კარგად რომ მესწავლა, ნეტა იცოდეთო. ბიძამისს ზაქათალაში მმაჩის ბიუროში უმუშავია და როდესაც დაბადების მოწმობას უვსებდნენ, ახალდაბადებულისთვის სახელი ილია ჩაუწერია და ამისთვის სამსახურიდან გაუგდიათ - ილია ქართული სახელიაო და მერე ილიას-ი ჩაუწერიათ. ილიასი-თ თუ მიმართავდნენ, ბრაზდებოდა, ილია ვარო. "ფეისბუკზე" ილია ჭავჭავაძედ იყო დარეგისტრირებული, - ძალიან მიყვარსო, - ამბობდა. ილია ნიჭიერი, გამორჩეული და მონდომებული ბიჭი იყო, კარგად სწავლობდა და პარალელურად დოლიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "სპარში" მუშაობდა კონსულტანტად. რაც კორონა ამბები დაიწყო, ზაქათალაში იყო. ყველას ძალიან დაგვწყდა გული...

ანა ჩიტეიშვილი, ილიას მეგობარი და თანაკურსელი: - გადავირიეთ, ეს ამბავი რომ გავიგეთ, ჩვენი ჯგუფელი იყო ილია. მკვლელობის მოტივზე ბევრი არაფერი ვიცით, მარტო ის გავიგეთ, რომ ადგილობრივმა ბიჭმა მოკლა და 5-ჯერ დაარტყა დანა. ეს ყველასთვის მოუნელებელი ტკივილია. ჯერ ვერ ვაწუხებთ და ვერაფერს ვეკითხებით მის ოჯახს, ისედაც საშინელ მდგომარეობაში არიან. ილია ძალიან ემოციური, გულწრფელი, ლაღი, სუფთა და ზრდილობიანი ბიჭი იყო. ასეთი პატრიოტული სულის ქართველი ბიჭები ცოტა თუ მინახავს. ძალიან უყვარდა საქართველო. მოჭიდავე იყო და მოგვიყვა, ერთხელ აზერბაიჯანში შეჯიბრებაზე გავიმარჯვე და საქართველოს დროშა აღვმართეო.

მერე იქ დაპირისპირება წასულა, დროზე მოაშოროს საქართველოს დროშაო. ძალიან უყვარდა საქართველო და სულ აქეთ მოუწევდა გული. ის ძალიან უშუალო, კონტაქტური და განსაკუთრებული ბიჭი იყო, ყველასთან ემოციებს ტოვებდა, ყველას თავს აყვარებდა. აპრილში 18 წლის გახდა. პარალელურად სუპერმარკეტში მუშაობდა, ძალიან მონდომებული იყო, დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობდა. არაჩვეულებრივად იცოდა ქართული. უნივერსიტეტში ბევრი ინგილო სწავლობს, მაგრამ მასავით სუფთად და გამართულად არავინ ლაპარაკობდა.

(სპეციალურად საიტისთვის)