"კატასტროფულად გაიზარდა განქო­რწინების მსურველთა რაოდენობა. ასეთი­ რამ არ მახსოვს!" - კვირის პალიტრა

"კატასტროფულად გაიზარდა განქო­რწინების მსურველთა რაოდენობა. ასეთი­ რამ არ მახსოვს!"

"არიან ქალები, რომლებიც წლები არჩენდნენ ოჯახებს, ახლა კი საქართველოში დაბრუნება სურთ, მაგრამ რამდენიმეს ქმარი მოკვლით ემუქრება - თუ ჩამოხვალ, მოგკლავო. ერთმა მითხრა, ჩამოვედი და დაფარულად ვცხოვრობ თბილისში. ჩემმა ქმარმა ეს რომ იცოდეს, უეჭველად მომკლავსო. თან უნდათ, იქიდან ცოლებმა არჩინონ, თან უცხოეთში ქალის სამუშაოდ წასვლას ცუდ ყოფაქცევასთან აიგივებენ!"

"გამარჯობა. თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, მეუღლესთან მსურს განქორწინება. დიდი ხანია, რაც კონფლიქტი გვაქვს. ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხშირად ვჩხუბობთ. ყველაფერი ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა. მეუღლე ეჩხუბება ბავშვებს, ჩემს მშობლებს. ამ პანდემიის გამო 24 საათი სახლშია, სამსახურიც დაკარგა. ოჯახში სულ ჩხუბი და დაძაბულობაა. ყველაფერს ბავშვები უყურებენ და განიცდიან. ამის გაგრძელება მიმძიმს და მინდა გავეყარო. რა შეიძლება ამისთვის გავაკეთო?" - ასეთ შეტყობინებებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პანდემიის დროს სისტემატურად იღებს. ამბობს, რომ განქორწინებაში დახმარებისთვის ბევრმა მიმართა და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში სამოქალაქო დავების განხილვა შეჩერებულია, რამდენიმე სარჩელი მაინც შეიტანა.

- კატასტროფულად გაიზარდა განქორწინების მსურველთა რაოდენობა. ასეთი რამ არ მახსოვს! მომმართეს ძალადობის ფაქტების გამოც. ზოგი სოფელში იყო ჩარჩენილი და ერთად გამოკეტილებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს.

ყველაფერი რომ გადაივლის, განქორწინებების რაოდენობა კოლოსალური იქნება. ბევრი მწერს, როგორ დავაჩქაროთო. ვუხსნი, რომ წყვილს სასამართლო მორიგებისთვის სამთვიან ვადას აძლევს, მაგრამ ამბობენ, ამდენი ხანი ლოდინი არ შეგვიძლია, იქნებ მეუღლე დავითანხმო და პირდაპირ იუსტიციის სახლში მოვაწეროთ ორივემ ხელი, ასე ყოფნა შეუძლებელიაო.

ბევრმა მითხრა, ქმარი აქამდეც მაყენებდა შეურაცხყოფას, მაგრამ გავდიოდით სახლიდან და მავიწყდებოდა, ახლა აღარ შემიძლიაო. ძირითადად, ქალბატონები მოგვმართავენ. მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო და ონლაინ უკვე შეტანილი ჰქონდა სარჩელი... რამდენიმე ასეთი ფაქტიც იყო - კარანტინის გამო ქალი ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ, მშობლებთან წავიდა, ქმარმა კი ეს თავნებობად ჩაუთვალა, თანაც შორს ყოფნამ ორივე მიახვედრა, რომ ერთად ცხოვრება არ უნდოდათ... როდესაც ქმარი განქორწინებაზე უარს ამბობს, ვცდილობ, ოჯახის დანგრევაში მონაწილეობა არ მივიღო. ქალს ისეთ რაღაცებს ვეკითხები, რაც მას საკუთარი თავისთვის არასდროს უკითხავს, მაგრამ თუ დავრწმუნდი, რომ ქმარი გამოუსწორებელია, მაშინ ქალს ვიცავ...

"რატომ არ აღძრეს საქმე ჩემი ქმრის წინააღმდეგ - ხომ ნახეს, რომ ნაცემი ვიყავი?!"

24 წლის ნანა ცეცხლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საგანგებო რეჟიმის დროს იძულებული გახდა, ქმარს გაშორებოდა და იმ ქალაქიდანაც წასულიყო, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.

- გორში ვცხოვრობდი, ახლა ბათუმში ვარ, რადგან სხვა გზა არ მქონდა... გარეთ რომ გავდიოდი, ყველგან ჩემი ქმარი მხვდებოდა. პირველად 17 წლისა გავთხოვდი. შვილი გამიჩნდა, რომელიც მალე 6 წლის გახდება. 2016 წელს დავშორდით... შემდეგ დავიწყე გიორგი დ.-სთან ურთიერთობა, ორი წლის შემდეგ კი ერთად დავიწყეთ ცხოვრება. პირველ ქმართან ჯვარი მაქვს დაწერილი, ხელი კი არც ერთთან არ მომიწერია. გიორგისთან ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ეჭვიანობა დაიწყო.

ბოლოს სახლის კარს მიკეტავდა, თვითონ კი მიდიოდა. რომ ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი, მიპასუხა, გიფრთხილდები, პანდემიაა და მინდა, სახლში იყოო. მანამდეც გვქონდა პრობლემები, მაგრამ მერე ყველაფერი გაუარესდა. თუ დალევდა, უფრო აუტანლად იქცეოდა. თუ მაღაზიაში წავიდოდი, სანამ დავბრუნდებოდი, ტელეფონი ჩართული უნდა მქონოდა და მასთან მელაპარაკა.

გორში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. 17 მარტს დაბადების დღე ჰქონდა და მშობლების სახლში აღნიშნა. გვიანი იყო და ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი. უარი მითხრა. მისი და იყო ჩამოსული და ვიფიქრე, ალბათ, მასთან ყოფნა უნდა-მეთქი, მაგრამ უცებ აყვირდა, ადექი და შენ წადიო. ფაქტობრივად, სახლიდან გამომაგდო. თან მცემდა. ძლივს მომაშორეს. ტაქსით წამოვედი, მაგრამ სახლამდე არ ვიყავი მისული, რომ დამირეკა, სასწრაფოდ უკან დაბრუნდიო.

მივბრუნდი, მაგრამ ახლა ტელეფონი წამართვა და ისევ დამარტყა... ამის შემდეგ ორი დღე სულ ჩხუბობდა, ამ ყველაფერს კი ჩემი შვილი უყურებდა. რომ მივხვდი, მეტის ატანა აღარ შემეძლო, გარეთ გავედი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მოვუყევი ყველაფერი. შემაკავებელი ორდერი ერთი თვით გამოუწერეს, მაგრამ ახლა ვადა გაუვიდა, ამიტომ იძულებული ვიყავი, გორიდან წამოვსულიყავი, რადგან ყველგან მხვდებოდა. მაინც ძალიან ვნერვიულობ, რომ აქაც არ გამოჩნდეს. სასამართლომ დაავალდებულა, რომ ორდერის ვადის გასვლის შემდეგაც არ უნდა მომიახლოვდეს, მაგრამ მაინც სულ დაძაბული ვარ... გორში ვმუშაობდი, დღეს კი არაფერი მაქვს. ველოდები, როდის დამთავრდება საგანგებო მდგომარეობა, რომ სამუშაო ვიშოვო და შვილის რჩენა შევძლო. ვერ გავიგე, რატომ არ აღძრეს საქმე ჩემი ქმრის წინააღმდეგ - ხომ ნახეს, რომ ნაცემი ვიყავი?!

გამომძიებელს ვუთხარი, ყველას იჭერენ და ეს რატომ არ დაიჭირეთ-მეთქი. სასამართლომ ისეთი რეციდივისტი გამოუშვა, მოძალადის გარეთ ყოფნა რა გასაკვირია, თანაც პანდემიის დროს გვიკრძალავენ ციხეში ბევრი პატიმრის გაგზავნასო.

"ახალგაზრდა ქალი ტვინის შერყევამდე მიიყვანეს"

ორგანიზაცია "საფარის" იურისტი ელისო რუხაძეც ამბობს, რომ პანდემიის დროს ოჯახურმა ძალადობამ იმატა.

- ჩვენთან მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. მსხვერპლთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ახლა პოლიციას მათთვის არ სცალია და იშვიათად მიმართავენ. შესაბამისად, შს სამინისტრო აცხადებს, მომართვიანობა არ გაზრდილაო, მაგრამ ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით მოიმატა ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის შემთხვევებმა. ხშირია ძმის, დედის ძალადობა, ქონების გამო დავა. ძმები თვლიან, რომ და სახლში ზედმეტია... ამ დღეებში მქონდა დუშეთისა და გორის საქმეები, როცა ძმამ პოლიციას დის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა. ერთ შემთხვევაში ძმა ამტკიცებდა, თითქოს დას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემა, რაც ტყუილი იყო, მაგრამ პოლიციამ სიტუაცია სათანადოდ არ შეაფასა და დის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. და იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. არადა თვითონ იყო მსხვერპლი - მასზე ძალადობის გამო ახალგაზრდა ქალი ტვინის შერყევამდე მიიყვანეს. მერე გზები ჩაიკეტა და ეს შემაკავებელი ორდერი ვერც კი გაასაჩივრა... ბოლოს ოჯახში დაბრუნდა და ისევ მოხდა ძმასთან კონფლიქტი. დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ დაგვეცვა... Pსაბოლოოდ ის დატოვეს სახლში და მოძალადე ძმა განარიდეს.

ამ დღეებში გვქონდა ასეთი შემთხვევაც: ცოლ-ქმარსა და ბავშვებს ერთი კომპიუტერი ჰქონდათ. მოძალადეს კომპიუტერი უნდოდა, რომ აზარტული თამაშები ეთამაშა, ქალი პედაგოგია და ონლაინგაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა, ბავშვები კი ასევე ონლაინგაკვეთილებს უნდა დასწრებოდნენ. პედაგოგი მაღალკლასელებს გაკვეთილს უტარებდა, როცა ოთახში შევარდა მისი მეუღლე, მოსწავლეების თვალწინ მიაყენა შეურაცხყოფა და კომპიუტერი წაართვა...

- რეგიონებიდან ხშირად მოგმართავენ? - რეგიონებში ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი პოლიციის დამამცირებელი დამოკიდებულება. მაგალითად, ნაცემმა გოგონამ გორში ექსპერტიზა რომ მოითხოვა, პოლიციელმა დასცინა, რა ექსპერტიზა გჭირდებაო?! არადა მეუღლემ ბავშვის თვალწინ სცემა...

ქალებს ეუბნებიან, შენი ქმარი რომ დავიჭიროთ, ხომ იცი, რაც მოხდებაო... ამ დღეებში რძალმა სცემა მოხუც დედამთილს და პოლიციამ ის მხოლოდ გააფრთხილა, შემაკავებელი ორდერიც კი არ გამოუწერია... ოფიციალური სტატისტიკა არ გაზრდილა იმის გამო, რომ ბევრი მომხდარის გახმაურებას ერიდება, ზოგი პანდემიის გამო პოლიციაში მისვლას არიდებს თავს, არც ტრანსპორტი დადის და ესეც ხელს უშლის ადამიანს, მოძალადეს გაერიდოს. ხშირად წასასვლელიც არსად აქვთ... თბილისში მსხვერპლი უფრო თამამად იქცევა, რეგიონებში მათ დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ ისინი, ვინც უნდა იცავდეს.

პოლიციის გამოწერილი არაერთი ორდერი გვაქვს, სადაც წერია, მსხვერპლი პოლიციის წინაშე იქცეოდა არაადეკვატურადო. ადამიანს თუ სცემენ, საჭმელს არ აჭმევენ, ამცირებენ, ადეკვატური ქცევა როგორ უნდა მოვთხოვოთ?!

პანდემიამ უფრო გამოააშკარავა ეს პრობლემა. გვწერენ სხვა ქვეყნებიდანაც. არიან ქალები, რომლებიც წლები არჩენდნენ ოჯახებს, ახლა კი საქართველოში დაბრუნება სურთ, მაგრამ რამდენიმეს ქმარი მოკვლით ემუქრება - თუ ჩამოხვალ, მოგკლავო. ერთმა მითხრა, ჩამოვედი და დაფარულად ვცხოვრობ თბილისში. ჩემმა ქმარმა ეს რომ იცოდეს, უეჭველად მომკლავსო. თან უნდათ, იქიდან ცოლებმა არჩინონ, თან უცხოეთში ქალის სამუშაოდ წასვლას ცუდ ყოფაქცევასთან აიგივებენ!

ახლა განქორწინების საქმეების განხილვა, ძირითადად, შეჩერებულია, მაგრამ ყველაფერი რომ ჩაივლის, ვფიქრობ, სასამართლოში ძალიან ბევრი ასეთი საქმე შევა.