შეეხებათ თუ არა დაჯარიმებულებს ამნისტია - კვირის პალიტრა

შეეხებათ თუ არა დაჯარიმებულებს ამნისტია

ჯარიმების თანხა 23 მილიონს აჭარბებს

თითქმის ორი თვეა, ქვეყანა საგანგებო რეჟიმით ცხოვრობს. 31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის დარღვევისთვის იურიდიული პირები 15.000 ლარით ჯარიმდებიან, ფიზიკური პირები კი - 3.000 ლარით. ამ დრომდე დაჯარიმებულია თითქმის 8000 ადამიანი. მათ შორის ათეულობით არის იურიდიული პირი, ჯარიმების თანხა კი 23 მილიონს აჭარბებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა გადაიხადა ჯარიმა. საგანგებო რეჟიმის განმეორებით დარღვევა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ამ მუხლის გამოყენება სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დასჭირვებიათ.

თუ პირი არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმას, შეუძლია გაასაჩივროს. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საჩივარი სასამართლოში ონლაინ უკვე შეიტანა, ნაწილი კი საგანგებო რეჟიმის გაუქმებას ელოდება. რა არგუმენტები ექნებათ მათ? დააკმაყოფილებს თუ არა ასეთ საჩივრებს სასამართლო? შევა თუ არა დამრღვევთათვის დაკისრებული ეს კოლოსალური თანხა ბიუჯეტში? - ამ კითხვებს პასუხი მოგვიანებით გაეცემა.

ბევრი ელის, რომ ხელისუფლება დაჯარიმებულთათვის ამნისტიას გამოსცემს, ამიტომაც არ ჩქარობენ თანხის გადახდას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ლოლაძე ამბობს, რომ მათ დახმარებისთვის ბევრმა მიმართა.

- მოქალაქეებს ონლაინრეჟიმით ვუწევთ კონსულტაციას. თუ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება, ამის შემდეგ ყველა მომჩივანს ექნება 10 დღე საჩივრის შესატანად, მაგრამ ზოგიერთი თავს იზღვევს და ახლავე შეაქვს ონლაინსაჩივარი. ფიქრობენ, რომ საპატრულო პოლიციამ უკანონოდ დააჯარიმა. რაკი ჯერჯერობით სასამართლოში ეს საქმეები არ განიხილება, ჩვენ არ შეგვიძლია, შევაფასოთ ვითარება.

- თქვენი აზრით, მომჩივანთა არგუმენტები მისაღები იქნება სასამართლოსთვის? - მათი არგუმენტაცია ხშირად მხოლოდ ის არის, რომ გადახდის საშუალება არ აქვთ. ამბობენ, რომ წესები დაარღვიეს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ 3.000 ლარი დიდი თანხაა და ვერ გადაიხდიან. სამართლებრივად ეს წონადი არგუმენტი ვერ იქნება, მაგრამ მაინც ჰგონიათ, რომ რაკი ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, მათ მიმართ საჯარიმო სანქციები უნდა გაუქმდეს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მართლაც შეიძლებოდა დავა, სწორად იყო თუ არა გამოწერილი ჯარიმა. მაგალითად, ადამიანს გარედან ყვირილი მოესმა და დასახმარებლად კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გავიდა. აღმოჩნდა, რომ მეზობელი შეუძლოდ იყო. ამ მოქალაქემ სასწრაფო გამოიძახა და მის მოსვლას დაელოდა, ამასობაში პატრულიც მოვიდა და დააჯარიმა ის, ვინც გაჭირვებულს დაეხმარა. ასეთ ფაქტებზე დავა მართლაც ღირს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანი სახლში მიდიოდა, მაგრამ ვერ მიასწრო და მხოლოდ რამდენიმე წუთით გადააცილა 9 საათს, თუმცა მაინც დაჯარიმდა. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმეწუთიანი დაგვიანება არ უნდა იყოს დაჯარიმების მიზეზი და ეს უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ.

მოგვმართა რამდენიმე ინდმეწარმემაც, რომლებიც 15.000 ლარით დაჯარიმდნენ. ბუნებრივია, ჩვენი მონაცემები არ იძლევა სრულ სურათს და სასამართლოში სარჩელს გაცილებით მეტი ადამიანი შეიტანს. რამდენიმე მაღაზია დააჯარიმეს იმის გამო, რომ მომხმარებელი პირბადის გარეშე შეუშვეს. იყო შემთხვევები, როცა მოლარეს ხელთათმანი არ ეცვა და მაღაზია დაჯარიმდა.

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობა არაადეკვატურია. - სახელმწიფოს მიზანი თავიდანვე იყო პრევენცია. როგორც რამდენიმე სხვა ქვეყანაში, აქაც შეიძლებოდა ჯარიმა ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ დიდი თანხა დაწესდა იმიტომ, რომ მოქალაქეებს სწორედ ამის შიშით ვერ დაერღვიათ წესები.

- კანონის მიხედვით, ადმინისტრაციული ჯარიმა პირმა 30 სამუშაო დღეში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საურავი ეკისრება, მერე კი საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაიგზავნება და მოქალაქეს თანხის გადახდა იძულების წესით მოუწევს. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დაჯარიმებულთა ნაწილმა მაინც თუ გადაიხადა ჯარიმა? - რადგან საგანგებო რეჟიმის დროს გასაჩივრების ვადა შეჩერებულია, ადამიანები არ არიან ვალდებული, ჯარიმა გადაიხადონ. ჯერ უნდა დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა და მერე გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ გადაიხდიან... სახელმწიფო უწყებამ კი საქმე აღსრულების ბიუროში მას შემდეგ უნდა გაგზავნოს, რაც საგანგებო რეჟიმის დასრულებიდან 30-დღიანი ვადა ამოიწურება და მას მოსთხოვოს თანხის ამოღება. მანამდე იძულებით აღსრულებას ვერ დაიწყებს.

- ბევრი ელის, რომ სახელმწიფო დაჯარიმებულებს არ გადაახდევინებს ამ თანხას, ანუ გამოცხადდება ამნისტია. თუ ეს მოხდა, მას, ვისაც ჯარიმა გადახდილი ექნება, ფული უკან დაუბრუნდება? - თუ ეს მოხდა, ჯარიმები ჩამოიწერება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რა ჩაიწერება კანონში. შეიძლება ყველას ჩამოეწეროს და ვინც გადაიხადა ჯარიმა, მას ფული უკან დაუბრუნდეს, ან ჩამოეწეროს მხოლოდ მას, ვისაც არ გადაუხდია. შეიძლება გარკვეულ კატეგორიას, მაგალითად, შშმ პირს, სოციალურად დაუცველს ან დევნილს შეღავათი დაუწესდეს... ჯერ არ ვიცით, რას იზამს ხელისუფლება, ამიტომ მოქალაქეებს ვურჩევთ, რადგან კანონი ჯერჯერობით ამ თანხის გადახდას არავის ავალდებულებს, დაელოდონ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას... თუ სახელმწიფო მიდგომას არ შეცვლის, მათ ექნებათ დრო და ვალდებული იქნებიან, ამ დროის განმავლობაში გადაიხადონ ჯარიმა. იძულებითი აღსრულება არავის უნდა.