"ნანახი მაქვს უმძიმესი კადრები და დამიჯერეთ, საშინელი სანახავია" - კვირის პალიტრა

"ნანახი მაქვს უმძიმესი კადრები და დამიჯერეთ, საშინელი სანახავია"

"პროკურატურამ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელებასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ პირებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა"

თბილისის საქალაქო სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა მიმდინარეობს. 14 მაისს გამოცხადდა, რომ პროკურატურამ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელებასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ 10 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და ყველას უკვე ხელიც მოწერილი აქვს. მხოლოდ ფორმალური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი და მალე შეთანხმებას მოსამართლე ოფიციალურად დააკანონებს. როგორც ჩანს, პროკურატურა ძალიან ჩქარობს, რადგან 26 მაისს საქმის ორგანიზატორებს პატიმრობის ვადა ეწურებათ და სასამართლო იძულებული იქნება, ისინი თუნდაც დროებით გამოუშვას.

შეგახსენებთ, შარშან 19 სექტემბერს შსს-მ გამაოგნებელი დანაშაულის დეტალები გაახმაურა. გაირკვა, რომ შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, აშშ-ისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებები რამდენიმე თვე არასრულწლოვანებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანის გამოსახულებით პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღების სქემის გაშიფვრაზე მუშაობდნენ. შარშან აგვისტოში ჯერ დააკავეს საქმის ორგანიზატორები - აშშ-ის მოქალაქე, ავსტრალიის მოქალაქე და ერთი ქართველი ქალი, სექტემბერში კი ამას მოჰყვა ხმაურიანი დაკავებები. თავზარდამცემი იყო ის, რომ ამ ყველაფერში არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები მონაწილეობდნენ. თითქმის ყველა ბრალდებული ერთმანეთის ნათესავი თუ ახლობელია. დღეს საპატიმროშია 24 პირი. უმრავლესობა ბავშვების მშობელია, ერთი კი - პედაგოგი.

გამოძიების ცნობით, არასრულწლოვანებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდეა, პორნოგრაფიულ ფოტოებს აშშ-ის მოქალაქე 58 წლის მამაკაცი უღებდა. მას გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კარგად იცნობენ, რადგან საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და პროგრამით - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" - სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. მან ბავშვებთან ცხრა თვე იმუშავა. იქაურები არ მალავენ, რომ ხშირად ხედავდნენ ფოტოაპარატით ხელში - მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფოტოებს უღებდა, შემდეგ ბეჭდავდა და მათ ჩუქნიდა. თურმე ფოტოსტუდიის გახსნაზეც ლაპარაკობდა და ყველას ეგონა, რომ ეს მისი გატაცება იყო. მერე საზღვარგარეთ წავიდა, 2017 წელს კი ბავშვების გამოსაშვებ საღამოზე ისევ გამოჩნდა და ისევ ფოტოკამერით. როგორც ჩანს, ნელ-ნელა მოიპოვა ნდობა და თავისი გეგმაც განახორციელა. გამოძიებამ თბილისში მიაგნო მის ნაქირავებ ორ ბინასაც, სადაც კონსპირაციულად მოწყობილი ფოტოსალონები აღმოაჩინეს. მშობლებს ფოტოების სანაცვლოდ 500-დან 3.000 ლარამდე უხდიდნენ. გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ აშშ-ის მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხას თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებულ კრიპტოვალუტის აპარატებიდან ანაღდებდა - სულ ლაპარაკია 500.000 ლარზე. მაშინ ძალოვნებმა ამოიღეს ნივთმტკიცებებიც - ძვირად ღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. ასევე ამოღებულია სამკაული და ტანსაცმელი, რასაც გადაღების დროს იყენებდნენ. მეხსიერების ბარათებზე აღმოჩნდა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალა.

პროკურატურამ ეს საქმე გაყო და დღეს სასამართლოში ერთნაირი შინაარსის ორი საქმე განიხილება (ერთ საქმეში დაკავებულია 10 პირი, მეორეში - 11). გარდა ამისა, ცალკე გამოყოფილია კიდევ ერთი საქმე, სადაც მსგავსი ბრალდებით დაკავებულია ავსტრალიის მოქალაქე და მასთან ერთად ორი პირი (ორივე საქართველოს მოქალაქეა), რომელთაც ასევე 26 მაისს ეწურებათ ცხრათვიანი საპატიმრო ვადა და, ალბათ, მათი ბედიც ამ დღეებში გადაწყდება...

ამჯერად სასამართლოში ცალკე განიხილება 10 პირის საქმე და მათთან საპროცესო შეთანხმებაც მიღწეულია. მათ შორის არის ამერიკელი მამაკაციც. ანალოგიური უმძიმესი ბრალდებით დაკავებული მეორე საქმის 11 ბრალდებულიც (10 მშობელი და ერთი პედაგოგი) განაჩენს ელოდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმეც ამერიკელს უკავშირდება, საპროცესო შეთანხმება ამ პირებთან ჯერ არ გაფორმებულა. საქმის მასალებიც იგივეა, მაგრამ რატომღაც ცალკე წარმოებაშია და მათაც გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო, ჯერჯერობით უცნობია.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები ინანიებენ და აღიარებენ დანშაულს, თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან და სურთ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რეალურ სასჯელზე. ასეთ შემთხვევაში ამერიკის მოქალაქეს მხოლოდ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, დაეკისრება ფულადი ჯარიმა და ჩამოართმევენ ქონებას. დანარჩენ ბრალდებულებს მიუსჯიან 5-დან 7 წლამდე პატიმრობას, დააკისრებენ ხუთ წლამდე პირობით მსჯავრს და ფულად ჯარიმას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებას კი ჩამოართმევენ...

საპროცესო გარიგებით, მძიIმე დანაშაულში ბრალდებულები გადაურჩებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ მკაცრს სასჯელს, რომელიც 17-დან 21 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ამერიკელი აღიარებს, დაზარალებულები მასთან იღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს..."

ადვოკატი სალომე კალაიჯიშვილი ამ საქმეზე სამ ბრალდებულს იცავს, მათ შორის - მთავარ ფიგურანტ ქალს, რომელიც ამერიკელის მარჯვენა ხელი იყო. მან სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა და ყველაფერი აღიარა. სწორედ მან დაუკავშირა 18 არასრულწლოვანი და მათი მშობლები ამერიკელს, რომელიც ერთხანს გორში, მის სახლშიც კი ცხოვრობდა, მერე კი თბილისში, ნაქირავებ ბინაში იყვნენ ერთად. დაუჯერებელია, მაგრამ სქემაში ჩართული იყო ამ ქალის ორი არასრულწლოვანი შვილი და ძმისშვილებიც. დღეს ბრალდებულის სკამზე მასთან ერთად სხედან მისი ძმა და რძალი, ყოფილი ქმარი და მისი მეგობარი მამაკაცი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ დამნაშავეებს საპროცესო შეთანხმება სრულიად მოულოდნელად, ერთი თვის წინ შესთავაზა. მანამდე უწყებაში საპროცესო შეთანხმებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ.

- ამ საქმეში სამ პირს ვიცავ. მათგან ერთს, მ.ც.-ს, საპატიმრო ვადა ეწურება და 26 მაისს უნდა გათავისუფლდეს. როგორც ჩანს, საპატიმრო ვადებმა და იმან, რომ საქმე თითქმის 22 ტომია, აიძულა პროკურატურა, ჩვენთვის ისეთი პირობები შემოეთავაზებინა, რომელთაც დავთანხმდებოდით. მე ვიცავ მ.ც.-ს ძმასა და რძალსაც. ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ბრალდებული, გარდა ამერიკელი მოქალაქისა, ბრალს არ აღიარებდა. ახლა მ.ც.-მაც აღიარა დანაშაული. მისი ძმის, რძლისა და სხვა პირების დაკითხვას პროკურატურა არც ითხოვს, რადგან ბრალს ყველა აღიარებს და საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ. ვითხოვდით, მათი ქმედება განხილულიყო სს კოდექსის 255-ე პრიმა მუხლით, რომელიც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ექვს წელთან მიახლოებული სასჯელი შემოგვთავაზა - მ.ც-ს მიუსჯიან შვიდ წელს და ხუთწლიან პირობით მსჯავრს. ის ციხეში ექვს წელს და სამ თვეს მოიხდის. მის ძმას, რძალსა და სხვა ბრალდებულებს მიუსჯიან ხუთწლიან პატიმრობას და ხუთწლიან პირობით სასჯელს, რასაც დავთანხმდით. ვფიქრობ, პროკურატურას გაუჭირდება მათთვის ბრალის დამტკიცება, რადგან უკვე დაიკითხა ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ ფოტოების უმრავლესობა არ იყო პორნოგრაფიული შინაარსის. ამერიკის მოქალაქე დადიოდა დღესასწაულებზე როგორც ფოტოგრაფი. მას არასრულწლოვნებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და გორში ყველა კარგად ახასიათებს.

ანალოგიური დანაშაულისთვის ის ამერიკაშიც ნასამართლევია, მაგრამ იქაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და მაშინაც დააღწია თავი დიდ სასჯელს - მხოლოდ 18 თვე მოიხადა...

ჩემს დასაცავს 18 არასრულწლოვნის ტრეფიკინგს ედავებიან. მათგანს უმრავლესობა ამერიკელის ყოფილი მოსწავლეა. ამ ქალს თავისი ორი შვილი და ძმისშვილებიც დაჰყავდა გადაღებებზე. ბავშვებს სასამართლოზე ჩვენება არ მიუციათ, უარი თქვეს. ისინი სოცმუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად დაკითხეს, მაგრამ მშობლების დანაშაული უარყვეს. თქვეს, რომ ფოტოგრაფთან გადაღებაზე იყვნენ მხოლოდ თვითონ და ეს საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.

- ამერიკელი სად და რა ფასად ყიდდა ბავშვების ფოტოებს? - მას ჰქონდა სხვადასხვა საიტი. ამბობს, რომ ნამდვილად იღებდა პორნოგრაფიული ხასიათის სურათებსა და ვიდეოებს და როცა კლიენტი გამოჩნდებოდა, ყიდდა. აღიარებს, რომ ამ საქმეზე ცნობილი დაზარალებულები მასთან იღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს.

საბანკო ანგარიშების განაღდება ხდებოდა ბიტკოინით. მშობლებს ის ინდივიდუალურად უხდიდა თანხას, ზოგს 500 ლარს აძლევდა, ზოგს - 1000 ლარს. თანხა დამოკიდებული იყო ფოტოების რაოდენობასა და სხვა დეტალებზე. ამერიკელი თავიდანვე დაწვრილებით აღწერდა ყველა გარემოებას და ბრალდებულებსაც ამხელდა. მას ახლაც, როგორც ამერიკაში, გაუმართლა - მხოლოდ ათი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, არადა უვადო პატიმრობა ემუქრებოდა...

"თუ ადამიანს შეგნებულად არ აქვს დანაშაული ჩადენილი, როგორ უნდა აღიაროს ბრალი, თანაც - ასეთი მძიმე მუხლით?!"

რაც შეეხება მეორე საქმეს, სადაც 11 პირი ფიგურირებს, ადვოკატ ტანია რაზმაძის თქმით, არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

- მე ორივე საქმეში ვიცავ ბრალდებულებს. პროკურატურა მეორე საქმეზეც გვთავაზობს საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ ყველა ბრალდებული წინააღმდეგია, რადგან მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არის. 11 პირიდან ერთი პედაგოგია, დანარჩენი - მშობლები, ძირითადად, ცოლ-ქმარი, რომელთა დაკავება უკანონობა იყო, რადგან ეგონათ, მათი შვილები სამოდელო სააგენტოში დადიოდნენ. დაკავებული დედების უმრავლესობას სახლში მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და ბავშვებს ორივე მშობელს რომ ართმევ, ეს დანაშაული არ არის? ბევრმა მართლა არ იცოდა, მის შვილს რისთვის იყენებდნენ.

პირველ საქმეში ერთ მშობელს მასწავლებელმა შესთავაზა იქ 10 წლის გოგონას მიყვანა. უთხრა, სამოდელო სააგენტოაო და ესეც სიხარულით დასთანხმდა. დედამ ისიც იკითხა, რამდენი მექნება გადასახდელიო, მაგრამ უთხრეს, რეკლამებში გამოიყენებ ბავშვების ფოტოს და ფულს აქეთ მისცემენო. მხოლოდ ერთხელ აიღო 200 ლარი და ამის გამო იხდის სასჯელს, არადა დაზარალებულია, თანაც სამი შვილი ჰყავს მიტოვებული!

პირველ საქმეში ასევე ვიცავ საქმის ორგანიზატორის დამხმარე ქალის ყოფილ მეუღლეს. ეს კაცი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ მისი ქმარია. მათი ორი შვილია დაზარალებული. მამამ შვილი რამდენჯერმე ჩამოიყვანა თბილისში და ბრალად წაუყენეს, იცოდი, რაც ხდებოდაო. ახლა მას საპროცესო შეთანხმება უფორმდება...

მეორე საქმეშიც არის ერთი ქალი, რომელიც ამერიკელის დამხმარე იყო და მისი ქმარიც დაჭერილია. ის რა შუაშია? ქალმა თავისი შვილები და დისშვილიც გამოიყენა და ახლა დაც ბრალდებულია, ის ორსულად იყო და ცოტა ხნის წინ ციხეში იმშობიარა...

ვერ ვიტყვი, რომ ყველა უდანაშაულოა. საქმეში რამდენიმე ისეთი პირია, რომელთაც ყველაფერი კარგად იცოდნენ. ნანახი მაქვს უმძიმესი კადრები და დამიჯერეთ, საშინელი სანახავია. ამ ამერიკელმა ერთხელ დააღწია ამერიკაში პატიმრობას თავი და ახლა აქ საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

საქმის გამოძიება ავსტრალიამ დაიწყო. ბავშვების ფოტოებით ამოიცნეს საქართველო - რამდენიმე არასრულწლოვანი გორის ციხესთან იყო გადაღებული და იმ კადრებით მოაგნეს აქ დამნაშავეს. კარგად იშრომეს ქართველმა სამართალდამცველებმაც, მაგრამ მტკიცებულებები ყველა დაკავებულის წინააღმდეგ არ არის. ძალიან მძიმე საქმეა. ამდენი პატარა დარჩა უდედოდ, ზოგი - უდედმამოდ, ბევრი წყვილია დაკავებული... პროკურატურა ამტკიცებს, ორივე მშობელმა ყველაფერი იცოდაო, არადა მეორე საქმეში მშობლები ამტკიცებენ, არაფერი ვიცოდითო. თუ ადამიანს შეგნებულად არ აქვს დანაშაული ჩადენილი, როგორ უნდა აღიაროს ბრალი, თანაც - ასეთი მძიმე მუხლით?!

თეა ხურცილავა