გურიაში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

გურიაში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ.საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.