"ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ბასილაშვილის მამაზე პროკურატურა - კვირის პალიტრა

"ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ბასილაშვილის მამაზე პროკურატურა

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, ბასილაშვილს გირაოს სახით 100 000 ლარი შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, გირაოს გადახდის ვადა 30 დღეა.

"ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა და სწორედ ამ მტკიცებულებებით მოითხოვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა. სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმალვა. თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და დაადგინა, რომ რეალურად არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი, მტკიცებულებათა ერთობლიობა. გირაო აქვს შეფარდებული 100 ათასი ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე", - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორ ნათია გურულის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ედება.

"ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს. ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური ძალადობისთვის არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. 16 ივლისს საქმეზე ჩაინიშნა წინასასამარლო სხდომა და ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომამდე მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"