"100 000 დოლარი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან სა­ჩუ­ქა­რი არაა" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"100 000 დოლარი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან სა­ჩუ­ქა­რი არაა" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?

ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის, ანა აბაშიძის განცხადებით, განქორწინების შემდეგ 100 000 დოლარი დოროყაშვილს სასამართლომ მიაკუთვნა და ეს თანხა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან საჩუქარი არაა.

როგორც აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაცია, რომ ნელი დოროყაშვილი ყოფილი ქმრისგან ყოველთვიურად გარკვეულ თანხას იღებდა, ტყუილია.

„თითქოს მოდავეებს შორის არის ქონებრივი ინტერესი და ამიტომ არის აღძრული ეს დავა. მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო უწყებასაც აქვს. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს აქვს დოკუმენტი, მაგრამ არ ახსენებენ, რადგან აქ წერია ის, რაც მათ სტრატეგიას ფაქტობრივად, შლის - 100 000 დოლარი, რომელიც თითქოს არის ნაჩუქარი, ბასილაშვილის კეთილი ნება და ვითომ ამას უწყალობებს მის ყოფილ მეუღლეს. ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საკუთრება. აქ არის სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო ორ ნაწილად, ქალბატონი ნელი დათანხმდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე მას კანონით ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ არ სურდა დავაში შესვლა და არ სურდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს გაწელილი პროცედურების მიდევნება, რადგან ეს არის ურთულესი პროცესი ბავშვისთვის“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, 100 000 დოლარი სრულად გადახდილი არ არის და ნელი დოროყაშვილმა ჯერ მხოლოდ 15 000 დოლარი მიიღო.

„მოუწევს გადაიხადოს დარჩენილი თანხა 2021 წლის ბოლომდე, რაც განჩინებაში წერია. კამათი ან ჭორები, რომ ბატონი ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოველთვიურად თავის მეუღლეს, მარტივად რომ ვთქვათ, უსაფუძვლოა. საუბარი იყო, რომ სავარაუდო მოძალადე შანტაჟის მსხვერპლი იყო და თითქოს ნელი დოროყაშვილი იყენებს რაღაც ინფორმაციას მის წინააღმდეგ, ამაზე გვაქვს მარტივი კომენტარი, ეს არის აბსურდი, არანაირი კავშირი არ აქვს ნელი დოროყაშვილს ამ თემასთან“, - განაცხადა ადვოკატმა.

იხილეთ ასევე: რატომ არ დაესწრო პრესკონფერენციას ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე?

ambebi.ge