"თუ დამტკიცდება ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, ის ამ სასჯელს არ გაექცევა" - კვირის პალიტრა

"თუ დამტკიცდება ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, ის ამ სასჯელს არ გაექცევა"

თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, - ამის შესახებ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, ბასილაშვილი სასჯელს არ გაექცევა.

"მე პირველ რიგში ვარ ქალი და მუდმივად ვარ ქალბატონების მხარეს, მყავს ქალიშვილი და არავინ იცის, ვის რა შეემთხვევა მომავალში და არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, თუ რა იქნება ხვალ. ამიტომ მე ქალბატონ ნეკასაც მოვუწოდებ და ნებისმიერ ქალბატონს, რომელიც არათუ ფიზიკური ძალადობის, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლებიც თუ არიან, მათ აუცილებლად ამაზე უნდა ისაუბრონ, უნდა გამოავლინონ მოძალადე ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ ესენი, ხშირად მეუღლეები, ძმები, მამები, არ აქვს მნიშვნელობა და თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს. ასევე თუკი დამტკიცდება ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, ის ამ სასჯელს არ გაექცევა", - განაცხადა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გუშინ იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის დანიშნული.

იხილეთ ასევე: რატომ არ დაესწრო პრესკონფერენციას ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე?

"100 000 დოლარი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან საჩუქარი არაა" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?

"ინტერპრესნიუსი"