რატომ გაეხვია მსოფლიოს ქართველი ჩოგანი სკანდალში - კვირის პალიტრა

რატომ გაეხვია მსოფლიოს ქართველი ჩოგანი სკანდალში

"თუ მოძალადე იყო ნიკა ბასილაშვილი, ნელი დოროყაშვილი რატომ არ შორდებოდა?"

ნიკოლოზ ბასილაშვილი, პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი, საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო - ეს იმ წოდებათა ნაწილია, რომელთაც ნიკოლოზ ბასილაშვილზე "გუგლში" იპოვით...

საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, მოსამართლის ვერდიქტს ელოდება. ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილი 28 წლის ჩოგბურთელს ფიზიკურ ძალადობაში ამხელს. მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დააკავეს კიდეც, მოგვიანებით კი სასამართლომ 100.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2019 წელს წყვილი ისე განქორწინდა, ამის შესახებ საზოგადოებას არაფერი გაუგია. მათ შეეძლოთ, იუსტიციის სახლში განქორწინებულიყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ცოლი ამას არ დაეთანხმა, ამიტომ განქორწინებაზე განაცხადი სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეიტანა. დღეს ირკვევა, რომ ამასთან ერთად სასამართლოში განიხილებოდა ქონებრივი და სხვა სახის დავებიც.

ნიკოლოზმა და ნეკამ 2013 წელს იქორწინეს. მალე ვაჟი შეეძინათ. ჩოგბურთელის ოჯახი მუდმივად იყო მედიის ყურადღების ცენტრში და თავიანთ სასიყვარულო ურთიერთობაზეც ხშირად ლაპარაკობდნენ, დღეს კი საქმე დიდ სკანდალამდე მივიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლო პროცესი დახურული იყო. ოჯახის წევრები და ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული, ჩოგბურთელი შარლოტა ელენა მოსამართლის გადაწყვეტილებას ეზოში ელოდებოდნენ. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ნიკოლოზის გვერდით ამ გოგონას გამოჩენამ ყოფილი მეუღლე გააღიზიანა და მას შანტაჟი მოუწყო.

ბასილაშვილის ინტერესებს სამი ადვოკატი იცავს. ისინი ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლებასა და გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი ჩოგბურთელის დაპატიმრებას ითხოვდა. საქმის პროკურორ ნათია გურულის განცხადებით, ბრალდებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს:

"ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა და მოითხოვა ბასილაშვილის დაპატიმრება. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა და შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა არ დაგვეთანხმა, რომ არსებობდა რისკი, ჩადენილიყო ახალი დანაშაული, განადგურებულიყო მტკიცებულება, ან ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმალულიყო, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა".

პროკურორმა ჟურნალისტებს ისიც დაუდასტურა, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ნიკოლოზ ბასილაშვილის მამის, ნოდარ ბასილაშვილის მიმართაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მედიასთან არ ჩანს. "ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია, ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს დავამტკიცებ", - ეს განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

დაზარალებულად ცნობილ ნეკა დოროყაშვილსა და მის არასრულწლოვან შვილს იცავენ არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" - იურისტები. სკანდალის შემდეგ ჟურნალისტებთან არც ნეკა ჩანს. მხოლოდ პირველ დღეს დაწერა მან "ფეისბუკის" გვერდზე: "უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად. ფიზიკურად გამისწორდა არასრულწლოვნის თანდასწრებით. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება... ჩემს შვილს რომ მივაკითხე, არ ვიცი, რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა ჭირდა. გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს იარაღით, თვითონ ამბობს, რომ ეს იყო გიტარა თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ, რა იყო. რაღაც დიდტარიანი იყო. მე მეგონა ნაჯახი. არც მახსოვს, იმდენად ვიყავი აფექტში. ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ მანქანაში ჩავჯექი. მამაც გამომეკიდა რაღაც დიდტარიანი საგნით".

"ვწუხვართ, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, საკუთარი თავია.…ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი, რაც ყველას გვიხარია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი ვინმეზე უნდა ძალადობდეს. მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის წარმატებული ადამიანი, ჩვენ ვერ გავჩუმდებით", - ამბობს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე.

დოროყაშვილს პრეტენზიები ადრე ჰქონია ნიკოლოზის დედასთანაც, ამიტომ მის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი შემაკავებელი ორდერი. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი ცდილობს, ნიკასა და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს... განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად, ეს სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკას ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. დოროყაშვილი განქორწინების შემდგომ ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკას დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ის გაამართლა..." - ნათქვამია ბასილაშვილების განცხადებაში.

დოროყაშვილის ადვოკატი ანა თავხელიძე ამბობს, რომ ბებიას შემაკავებელი ორდერი შვილიშვილთან კონფლიქტის გამო გამოუწერეს: "ეს ფაქტი ბავშვთან არის დაკავშირებული და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მაშინ პოლიციამ საჭიროდ ჩათვალა, გამოეცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა განაჩენი გაასაჩივრეს. ჩვენდა გასაოცრად, სააპელაციო სასამართლომ რეალური ფაქტები უგულებელყო და შემაკავებელი ორდერი გააუქმა...

ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ნელის მხრიდან შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. ეს არ იყო მასზე ძალადობის ერთადერთი შემთხვევა. თანაცხოვრების პერიოდშიც ის არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ მაშინ არ მიუმართავს პოლიციისთვის... ძალადობის არაერთი მტკიცებულება არსებობს, ჩატარებულია ექპერტიზა და ველოდებით დასკვნას".

"პირიქით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკა იყო ნელის ძალადობის მსხვერპლი"

ირმა ჭკადუა, ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი: - სიამოვნებით გამოვაქვეყნებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა არასრულწლოვნის ინტერესები. ნიკოლოზისთვის ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია. ის არ აკეთებს საჯარო განცხადებებს არა იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ ბავშვმა ტრავმა არ მიიღოს. ამბობს, სულ რომ დაინგრეს ჩემი კარიერა, ჩემი შვილი არ უნდა დაზარალდესო. ხუთშაბათი და შაბათი ჰქონდა გამოყოფილი შვილთან ურთიერთობისთვის. ხუთშაბათს სახლში ჰყავდა ბავშვი ნახევარ საათზე ცოტა მეტხანს. მერე გამოვიდნენ გარეთ - სტუმრად უნდა წასულიყვნენ და ჩასხდნენ მანქანაში. ამ დროს ნიკოლოზის მშობლების სახლში მისი ყოფილი მეუღლე გამოცხადდა და კატეგორიულად მოითხოვა ბავშვის წაყვანა. მოვიდა ტაქსით და ტაქსი გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ჰყავს. ნიკოლოზმა, ბუნებრივია, უთხრა, ჩემი დრო მინდა გამოვიყენო შვილთან ურთიერთობისთვისო, მაგრამ რადგან ყოფილი ცოლი კატეგორიული იყო და ბავშვიც ატირდა, შვილის გატანებას დასთანხმდა, ოღონდ უთხრა, ეზოში არ შესულიყო. ყველაფერი 7 წამს გაგრძელდა. არანაირი ძალადობა არ ყოფილა და ამას ვიდეოჩანაწერებითაც დავამტკიცებთ. ნიკა საჯაროდ არ ლაპარაკობს ურთიერთობაზე. განქორწინება მისი ინიციატივით მოხდა. მანამდე ნელი დოროყაშვილმა ქონებრივი დავა წამოიწყო. ნიკამ მას მისცა ჭავჭავაძის #80-ში სახლი ორი ავტოფარეხით და სასაწყობე ადგილით, მეორე სახლი ქობულეთის ქუჩაზე, კომერციული ფართი გოგებაშვილის ქუჩაზე, რომელიც 8-წლიანი იჯარით "ნიკორასთვის" არის გადაცემული და ასევე ერთჯერადად 100.000 დოლარი. აქედან გადახდილი აქვს 15.000 დოლარი და წლის ბოლომდე ამ თანხას გადაიხდის. ბავშვთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსაც ნიკოლოზი იხდის.

- როგორც ირკვევა, ეს თანაცხოვრების პროცესში შეძენილი ქონება იყო და ნელი დოროყაშვილმა იქიდან წაიღო წილი...

- თანაცხოვრების დროს კი შეიძინეს ქონება, მაგრამ ნიკამ მას იმაზე მეტი მისცა, რაც მაშინ შეიძინეს. მან ყველაფერი მისცა თავის შვილს და ფიქრობს, მეტიც მისცეს. ქონება არ არის მისთვის მნიშვნელოვანი, მხოლოდ ბავშვზე ნერვიულობს. როგორც ჩანს, ნელი დოროყაშვილი ვერ შეეგუა ნიკოლოზთან განქორწინებას. ალბათ, ისიც გაიგო, რომ ნიკამ საქართველოში შეყვარებული ჩამოიყვანა და ძალიან განიცადა, თუმცა მანამდეც აშანტაჟებდა, ბავშვის ნახვაში ხელს უშლიდა...

ტყუილია, თითქოს ბავშვმა დაურეკა დედას და სთხოვა, მისულიყო. ისე გაიხლართნენ ტყუილებში, ახლა გამოსვლა უჭირთ.

- ადვოკატი ამბობს, რომ ნელი მანამდეც არაერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი.

- ეს ტყუილია. პირიქით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკა იყო მისი ძალადობის მსხვერპლი. ნიკოლოზის დედაზეც გაიცა შემაკავებელი ორდერი, მაგრამ მერე გაუქმდა, რადგან ფაქტები არ დადასტურდა. ამორალური და ამაზრზენია 5 წლის ბავშვით პოლიციაში დაკითხვაზე სიარული. ამ ასაკში ბავშვებს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ახასიათებთ იმ მშობლის მიმართ, რომელთანაც იზრდებიან და აქვთ მისი დაკარგვის შიში. ისინი იმეორებენ იმას, რასაც ეს მშობელი ეუბნება. ბავშვი დაკითხულია და გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეს ყველაფერი წერია. დოროყაშვილი ნიკას რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად. საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინიც, ვინც კონკრეტული ფაქტები იცის. მაგალითად, როდესაც ნელი ამერიკის ღია პირველობაზე ჩავიდა, იქაც მოხდა ინციდენტი. მაშინ საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ის დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გაუუქმეს. ნიკას უკვე ესაუბრა ნოვაკ ჯოკოვიჩი და მხარდაჭერა გამოუცხადა; ამასთან,D დაჰპირდა, რომ მის მხარდამჭერ განცხადებას "ტვიტერზე" განათავსებს. ბასილაშვილები ბავშვს უფრთხილდებიან, თორემ სათქმელი ძალიან ბევრი აქვთ... თუ მოძალადე იყო ნიკა ბასილაშვილი, ნელი დოროყაშვილი რატომ არ შორდებოდა? ყველგან გაიძახოდა, გადასარევი ქმარი და გადასარევი მამააო და ახლა გახდა მოძალადე?

"ნელის სამართლებრივი დავა რომ გაეგრძელებინა, შეიძლება მეტი ქონება მიეღო"

ანა თავხელიძე, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: - ნელი დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის სასამართლოში ბევრი დავა არსებობდა, მაგრამ ყველა დავა დასრულებულია. მხარეები მორიგდნენ, თუმცა ქალბატონ ნელის სამართლებრივი დავა რომ გაეგრძელებინა, შეიძლება მეტი ქონება მიეღო, მაგრამ ბავშვის ტრავმირება არ უნდოდა, ამიტომ გადაწყვიტა შეთანხმება. მას სურდა, ნორმალური ურთიერთობა შეენარჩუნებინა ყოფილ მეუღლესთან. არ ვადასტურებთ, თითქოს ნელი ნიკოლოზ ბასილაშვილზე რაღაც ინფორმაციას ფლობდა და ამის გამხელის მუქარით თვეში 100.000-ს სძალავდა. ეს იყო ერთჯერადი თანხა, რაც საერთო საკუთრების სანაცვლოდ უნდა მიეღო. სამწუხაროა, რომ ადვოკატები ფიზიკური ძალადობის ფაქტს გვერდს უვლიან. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ნელისგან შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. ის არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.