ვინ ცდილობს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას?! - კვირის პალიტრა

ვინ ცდილობს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას?!

"რაც სუს-მა განაცხადა, აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ დავამატებდი, რომ ეს არ არის მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი, ეს შეიძლება რელიგიური ჯგუფიც იყოს"

"საქართველოში არიან ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლსა და კახეთში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ" - ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, თითქოსდა პატრიოტული მოტივით წამოჭრილი საკითხები და საჯარო მოწოდებები იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას... სუს-ის განცხადებით, პირთა ჯგუფი ცდილობს ვითარების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ქართველ მოსახლეობას ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით ენიჭებათ უპირატესობა, რაც ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის საფრთხეს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ასეთი ჯგუფი ქვეყანაში ბევრია და წინასაარჩევნოდ ისინი უფრო გააქტიურდებიან: - ხშირად, როდესაც საუბარია ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რისკებზე, საზოგადოების დიდი ნაწილი ყურადღებას მხოლოდ რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე ამახვილებს.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებით არ შემოიფარგლება, სხვა ბევრი მაგალითის მოყვანაც შეიძლება.

ახლა მინდა ვილაპარაკო იმაზე, რაზეც ხშირად ვლაპარაკობ - სამხრეთიდან მომავალ საფრთხეზე, რომლის უკან გარკვეული ეთნიკური და რელიგიური ძალები, ზოგიერთ შემთხვევაში კი - ქვეყნები დგანან. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით არის მომხიბვლელი, არამედ ბევრი სხვა დატვირთვაც აქვს, როგორც კავკასიის გეოგრაფიულ ცენტრს, ასე რომ, რაც სუს-მა განაცხადა, აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ დავამატებდი, რომ ეს არ არის მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი, ეს შეიძლება რელიგიური ჯგუფიც იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ მუსლიმებს ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ ჯგუფებს, რომლებიც პოლიტიკური ისლამის მეშვეობით ცდილობენ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას ჩვენს ქვეყანაში. რომელი ქვეყნებია ეს, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ ეს რომ ასეა, ფაქტია. ეს ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული მოსახლეობა ცხოვრობს - ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი და შეიძლება სხვა ადგილებიც. უნდა ითქვას, რომ წლებია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამას უმკლავდება. ამ მიმართულებით სწორად მუშაობენ, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას ისეთი პროგრამა, შეუქცევადი პროექტი, რომელიც ინტეგრაციის პროცესს უფრო აქტიურსა და მასშტაბურს გახდის. ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებში გვყავს არაერთი ადამიანი, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ქვეყნის, თავიანთი სამშობლოს, საქართველოს მნიშვნელობა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ მოწყვეტილი არიან ე.წ ინტეგრაციის პროცესს და საბოლოოდ იოლი ლუკმა ხდებიან სწორედ სხვადასხვა ჯურის ამ ე.წ. ემისრებისათვის. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა კორონავირუსის პანდემიის დროს ქვემო ქართლში და ამ პროცესს აშკარად ასდიოდა პოლიტიკის სუნი.

- მაინც ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან? - ძალიან რთული სათქმელია, კონკრეტულად ვინ დგას ამის უკან. მე მინიშნებით შემიძლია გითხრათ...

როდესაც მოხდა 20-21 ივნისის კონფრონტაცია და გაცხადდა, რომ პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე ჩატარდებოდა, ამ ტიპის ორგანიზაციებმა პოლიტიკური პარტიების შექმნა დაიწყეს, არადა, ამ პარტიებს აშკარად რელიგიური ელფერი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციით აკრძალულია. ისინი ამ ყველაფერს ისე ფუთავდნენ, რომ არ ჩანდა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი იყო და, ალბათ, არამხოლოდ ჩემთვის...

მერე ვითარება შეიცვალა. ხშირად გვსმენია ტერმინი ვაჰაბიტი, რომელიც დღეს შეიცვალა პოპულარული ტერმინით - ალაბიტი. ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს პანკისიდან აჭარამდე. მართალია, ღრმა იატაკქვეშეთში არიან, რადგან სახელმწიფო ძალიან ეფექტიანად უტევს მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება უკვე მიღწეულია... თუმცა ეს მხოლოდ ერთი ფრაგმენტია. გარდა ამისა, არსებობს იმავე რელიგიის სხვა ჯგუფები, რომლებიც ასევე ინტენსიურად მუშაობენ საქართველოს ტერიტორიაზე. ზოგიერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო თავისი ინტერესების გასატარებლად სხვადასხვა რეგიონში ძალიან ეფექტიანად იყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს... ამის მაგალითი იყო საგანმანათლებლო პროექტი. ვხედავ, რომ რამდენიმე რეგიონში, მაგალითად, ბათუმში, უკვე დაიწყო სოციალური პროტესტი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამ სისულელეს მაშინვე მოჰყვა ანტისომხური ისტერია. კიდევ კარგი, იქ გაკეთდა განცხადება და ბოდიშიც მოიხადეს, თორემ შეიძლებოდა აქ ეთნიკური ნიშნით უფრო რთული პროცესები დაწყებულიყო.

არ შეიძლება ასეთი რამეების კეთება. ზოგი იტყვის, მაშ ისინი რატომ იქცევიან ასეო. მესმის ქართველი მოსახლეობის გაღიზიანება, მაგრამ ამას სახელმწიფოებრივად უნდა შევხედოთ და არ დავწვრილმანდეთ.

- რა მოლოდინი გაქვთ? - რაც უფრო იმატებს პოლიტიკური დუღილი ქვეყანაში, მავანნი მით უფრო ეცდებიან, ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენონ.

- მათი და რუსეთის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს? - ზოგჯერ ემთხვევა, ზოგჯერ - არა. შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი ჯგუფები მოქმედებდნენ, დასავლეთში კი სხვა იდგეს ასეთი ჯგუფების უკან. როგორც ჩანს, მეთოდოლოგია შეიცვალა და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ჯგუფი აქტიურობს.

კარგია, რომ სახელმწიფო ეფექტიანად ებრძვის ამ ჯგუფებს. შესაბამისი სამსახურები არ უნდა მოდუნდნენ.