რა ინფორმაციას ავრცელებს შსს გლდანულაში ნაპოვნი ახალშობილის ცხედარზე? - კვირის პალიტრა

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს გლდანულაში ნაპოვნი ახალშობილის ცხედარზე?

შს სამინისტროს ინფორმაციით, გლდანულაში ნაპოვნი ახალშობილის ცხედართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაკითხულია რამდენიმე პირი, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონა.

"დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, სტანდარტების სრული დაცვით მოხდა ცხედრის გადასვენება ექსპერტიზაზე.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მათ შორის მოწმის სახით, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები. არასრულწლოვნის ინტერესებიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"