როგორ აიკრძალა საქართველოში "კანონიერი ქურდობა"? - მაგალითი უკრაინისთვის, სადაც კრიმინალური სამყაროს წევრობა ასევე დასჯადი ხდება - კვირის პალიტრა

როგორ აიკრძალა საქართველოში "კანონიერი ქურდობა"? - მაგალითი უკრაინისთვის, სადაც კრიმინალური სამყაროს წევრობა ასევე დასჯადი ხდება

3 ივნისს უკრაინის რადამ მიიღო ახალი კანონი, რომლის თანახმადაც "კანონიერი ქურდები" სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. კანონში დამატებულია ე.წ. "სხოდკის" მნიშვნელობაც. მსგავსი კანონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, პირველად საქართველოში, ხოლო შემდეგ, რუსეთში მიიღეს.

ახალი კანონის თანახმად, კრიმინალური დაჯგუფების შექმნა და მისი ხელმძღვანელობა თავისუფლების 12-დან 15 წლამდე აღკვეთას და ამასთანავე, ქონების კონფისკაციას გულისხმობს.

"ე.წ. კანონიერი ქურდების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თავად ნაკლებად არიან ჩართული კრიმინალურ ქმედებაში. ყოველი ქურდი ქმნის პირამიდულ სისტემას, რომელშიც უამრავი ადამიანია გაერთიანებული", - განაცხადა პარლამენტში უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ და საზოგადოებას ახალი კანონიც წარუდგინა.

კლიმენკოს თქმით, უკრაინაში მსგავს დაჯგუფებებში ათასობით ადამიანია ჩართული.

ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ისაუბრა კიევის მახლობლად 29 მაისს მომხდარ დაპირისპირებაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მისი თქმით, ამ გარჩევაში ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და საქმე უკანონო გადაზიდვებსა და ხალხის უკანონო გადაყვანას შეეხებოდა.

კრიმინალების დაპირისპირება დასახლებულ ადგილთან მოხდა და მოსახლეობამ უმოქმედობაში პოლიცია დაადანაშაულა.

ახალი კანონის თანახმად, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივ შეკრებაში მონაწილეობას, დანაშაულის დაგეგმვას, შემოსავლის განსაზღვრას და გავლენის სფეროების გადანაწილებას გულისხმობს, რის გამოც "სხოდკაში" მონაწილეს 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.

შეკრების ის მონაწილე, რომელიც სამართალდამცავებს აცნობებენ "სხოდკის" შესახებ და დაეხმარება გამოძიებას, არ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

უკრაინელი ოპოზიციონერები კრიტიკულად მიუდგნენ ამ ახალ კანონს. მათი თქმით, ახალი კანონის გამო, შესაძლოა უამრავი უდანაშაულო ადამიანი ციხეში მოხვდეს.

"თქვენ შესაძლოა ზუსტად ვერ განსაზღვროთ როდის ესაუბრნენ ადამიანს და ჩაიდინა თუ არა მან ამის შემდეგ დანაშაული, ამიტომ პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ", - განაცხადა რადას დეპუტატმა ალეკსანდრა უსტინოვამ.

როგორ აიკრძალა საქართველოში "კანონიერი ქურდობა"

საქართველო, რომელიც უამრავი კრიმინალური ავტორიტეტის სამშობლოა, "კანონიერ ქურდებს" მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ, 2003 წლიდან ებრძვის.

2005 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 2231 მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, ქურდული სამყაროს წევრობა (2231-1) და კანონიერი ქურდობა (2231-2) დასჯადი გახდა.

საქართველოში კანონით აიკრძალა "კანონიერი ქურდის" სტატუსის ტარებაც. "კანონიერი ქურდის" სტატუსის ტარება, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მსგავსი შეზღუდვებისა და დაკავების სერიების გამო, კრიმინალებმა 2003 წლის შემდეგ აქტიურად დატოვეს ქვეყანა.

2006-2010 წლების მონაცემებით, საქართველოში კრიმინალი ორმაგად შემცირდა.

კანონის შემოღების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი აღიარებდა იმასაც, რომ ქვეყანაში "ვარდების რევოლუციის" გარდა, "მენტალური რევოლუციაც" მოხდა. ახალ თაობაში, აღარ იყო აქტუალური და "მოდური" კრიმინალური სამყაროს წევრობა.

როგორც ცნობილია, კრიმინალთან ბრძოლის დადებით მხარეს, ჰქონდა უარყოფითი მხარეც. ადამიანის უფლებადამცველები საჯაროდ საუბრობდნენ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა უფლებების დარღვევასა და სისტემურ დანაშაულზე.

2012 წლის შემდეგ, რაც მიხელ სააკაშვილის მთავრობა შეიცვალა, ახალმა მთავრობამ, ამნისტიით უამრავი პატიმარი შეიწყალა. მათ შორის იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტებიც. მათ 1 დღე მისცეს, რათა ქვეყანა დაეტოვებინათ. (წყარო)

იხილეთ ასევე: ვისი რჩევით მიიღო სააკაშვილმა "ქურდული სამყაროს შესახებ" კანონი და რას ჰყვებოდა კალაძის ძმის საქმეზე ცნობილი გამომძიებელი?