"გორდიას კვანძი" ოჯახში, ანუ რა ხდება მაშინ, როცა ქალი შანტაჟისტია - კვირის პალიტრა

"გორდიას კვანძი" ოჯახში, ანუ რა ხდება მაშინ, როცა ქალი შანტაჟისტია

მოძალადე კაცებზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ არსებობენ მოძალადე და შანტაჟისტი ქალებიც. ასეთი ქალების "საკბილო" მდიდარი მამაკაცები არიან, ვისგანაც განქორწინების შემთხვევაში სოლიდურ წილს იღებენ. ცხოვრობენ თუ არა ჩვენ გვერდით ასეთი ქალები? - ამის თაობაზე ადვოკატები და ფსიქოლოგები გვესაუბრებიან.

"ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ახალი მოვლენა - მოძალადე ქალთა ჯგუფი"

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე: - ყველამ იცის, რომ არსებობენ უღირსი მამაკაცები, რომლებიც ცოლზე ან საყვარელ ადამიანზე ძალადობენ, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც კანონს ფულის გამოძალვის მიზნით იყენებენ. ამ რამდენიმე წლის წინ მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი ანა ნიკოლ სმიტის ისტორია. ეს ულამაზესი მოდელი 75 წლის კაცს გაჰყვა ცოლად. ეს კაცი ინტიმური ურთიერთობის დროს დაიღუპა, მთელი მისი ქონება კი ცოლის სახელზე გადავიდა. ქალს უფლება აქვს თავისი სხეული გაყიდოს და კანონი ამას ვერ განსჯის, მაგრამ როცა შანტაჟით ცდილობს სიმდიდრის მოპოვებას, ეს აუტანელია.

ხშირად მოძალადე ქალები იარაღად ცრუდასმენას იყენებენ: აცხადებენ, რომ მეუღლე მასზე ძალადობს. არის შემთხვევები, როცა კაცი თავის სიმართლეს დაამტკიცებს, მაგრამ პროკურორი ეუბნება: "კარგი რა, შენი შვილების დედა უნდა დააჭერინო? ჯობია აპატიო". აი, ასე იფარცხება ბევრი სიბინძურე, რომელსაც შანტაჟისტი ქალები მიმართავენ.

მე მაქვს ერთი ასეთი საქმე: კაცი მამის დაკრძალვაზე იყო საბერძნეთში, ამის მტკიცებულება სასამართლოში წარვადგინეთ, მაგრამ მაინც ბრალს სდებენ: თურმე ზუსტად იმ დროს, როცა საბერძნეთში იყო, აქ თავის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა(?!). ჩემი კლიენტი ამ აბსურდული ბრალდების გამო დაიჭირეს. საბედნიეროდ, გაათავისუფლეს, მაგრამ საქმე ჯერ დაუსრულებელია. ხვალ-ზეგ სასამართლო პროცესი გაიმართება და პროკურორ ნაზი მირიანაშვილს პასუხისგება მოუწევს. მის წინააღმდეგ საჩივარს შევიტან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

სამწუხაროდ, ჩვენი პროკურატურა ისევ საბჭოური მეთოდებით მუშაობს და შედეგიც სავალალო გვაქვს - მოძალადე კაცები ქუჩაში დადიან, უდანაშაულო ხალხი კი ციხეშია გამოკეტილი.

ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ახალი მოვლენა - მოძალადე ქალების ჯგუფი, რომელიც მიზანს შანტაჟითა და ფსიქოლოგიური ძალადობით აღწევს.

"სამწუხაროდ, ფსიქოლოგიურ ძალადობას მოწმე არა ჰყავს"

მანანა სოლოღაშვილი, ფსიქოთერაპევტი: - "ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში" დახმარებისთვის რამდენიმე მამაკაცმა მოგვმართა. ისინი მეუღლის, შვილების, სიდედრის, სიმამრის ან რძლის ძალადობას უჩიოდნენ. ერთხელ ქალმა მოგვმართა, როგორც ძალადობის მსხვერპლმა, მაგრამ როცა ორივეს გავესაუბრე, მივხვდი, რომ ის იყო ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც ქმარს თავისუფალ სივრცეს არ უტოვებდა. მამაკაცი ვეღარ ითმენდა და მერე გადადიოდა ფიზიკურ ძალადობაზე.

2 წლის განმავლობაში ჩემთან დადიოდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმ მოტივით, რომ ქმარი ცოლზე ძალადობდა. 10 წლის გოგონა ჰყავდათ. სიტუაციის შესწავლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ქალი ფსიქოლოგიური მოძალადე იყო, მისი მეტისმეტი სიავით შეწუხებული ქმარი ალკოჰოლით ცდილობდა მდგომარეობას შეჰბრძოლებოდა, რასაც მოჰყვებოდა ფსიქიკური პრობლემები, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობა. როდესაც ქალს ეს ვუთხარი, არაფერი უთქვამს, წავიდა და დაიკარგა. ორი წლის შემდეგ მოვიდა და მითხრა, მაშინ რაც მითხარით, ძალიან მეწყინა, მაგრამ თქვენმა სიტყვებმა ისე დამაფიქრა, რომ საკუთარი საქციელის გაკონტროლება დავიწყე და ახლა ოჯახში კარგი ურთიერთობა გვაქვსო...

ხშირად ქალები იარაღად შვილებსაც იყენებენ - ყოფილ ქმარს შვილებს არ აჩვენებენ და ესეც თავისებური შანტაჟია. სამწუხაროდ, ფსიქოლოგიურ ძალადობას მოწმე არა ჰყავს, ფიზიკური კი ყოველთვის ჩანს, ასეთ დროს მამაკაცი ვერ ამტკიცებს, რით დაიწყო ყველაფერი, ის მსხვერპლია თუ მართლა მოძალადე...

ჩემს კლიენტებს შორის იყო ხანში შესული მამაკაცი, რომელზეც რძალი და შვილი ძალადობდნენ, მეორე კი ცოლმა სახლიდან გააძევა.

განქორწინებით ქონების შოვნა ხომ ჩვეულებრივ ამბად იქცა: უცხოეთში ეს ბიზნესად აქვთ ქცეული, მაგრამ არც ჩვენი ქალები აკლებენ ხელს - საზღვარგარეთ მდიდარ მოხუცებზე ქორწინდებიან და მერე ელოდებიან, როდის მოკვდება, რომ ქონება მიითვისონ.

ბენეფიტი სიყვარულის სანაცვლოდ?

გია დარჩია, ადვოკატი: - მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვამ კამპანიური ხასიათი მიიღო და კანონიც აშკარად ქალების მხარეს იხრება. ქალებმა უკვე იციან, რომ ერთმა ზარმა ან საჩივარმა შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ამიტომ ხშირად რეკავენ პოლიციაში, ქმრებს უჩივიან და ოჯახური კონფლიქტის გამო ყოველთვის მამაკაცი ისჯება. რატომ იწყებს ქალი დავას? - ერთია, როცა მას ანგარება ამოძრავებს და ქონების გაყოფა სურს, მაგრამ ზოგჯერ ქალს უიღბლო ქორწინების დასრულება უნდა.

ჩემს ერთ კლიენტს ყოფილი ცოლი ბანკის ვალის გადახდას და სოლიდურ ალიმენტს სთხოვდა. ამ ქალმა სასამართლოში განაცხადა, რომ ქმარი მასზე ძალადობდა, სასამართლოს აჩვენა დალურჯებული ადგილები, მაგრამ ის არ უთქვამს, რომ დაზიანებები მოტოციკლით წაქცევის გამო მიადგა. მისი მიზანი ყოფილი მეუღლის ხარჯზე უზრუნველი ცხოვრება იყო. მართალია, ბოლომდე ვერ გაიმარჯვა, მაგრამ რამდენიმე ბენეფიტი მაინც მიიღო. ბოლოს გავარკვიეთ, რომ პირიქით, ეს ქალი ძალადობდა ქმარსა და ბავშვებზე... ამიტომ სასამართლომ ბალანსი უნდა დაიცვას როგორც ქალის, ასევე მამაკაცის უფლებების დაცვის დროს.

ხათუნა ჩიგოგიძე