ბუნტი ცხინვალის ციხეში - კვირის პალიტრა

ბუნტი ცხინვალის ციხეში

"ციხის ახლოს მცხოვრებთ დაუნახავთ, შენობაში შსს-ს თანამშრომლები როგორ შევიდნენ და აურზაურის ხმაც გაუგონიათ. მათი ვარაუდით, პატიმრებს ხელკეტებით სცემდნენ. არადა, ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, პატიმრების შესაშინებლად ხელკეტებს კედლებს ვურტყამდითო..."

ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხინვალის ციხის პატიმრებმა ადმინისტრაციას მესამედ გამოუცხადეს დაუმორჩილებლობა. ოსური მედიისა და უფლებადამცველების ცნობით, ცხინვალის ციხეში წლების განმავლობაში არაადამიანური პირობებია. ამჯერად ბუნტი პატიმარ ყულუმბეგოვისთვის მობილური ტელეფონის აღმოჩენასა და შემდეგ წართმევას მოჰყვა, მან კი თანასაკნელებს მოუწოდა, არ დამორჩილებოდნენ... შედეგად, საქმეში სპეცრაზმი ჩაერთო. ადმინისტრაციასთან კონფლიქტის შემდეგ 6-მა პატიმარმა ვენები გადაიჭრა. ისინი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "კვირის პალიტრას" ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა უამბო, პატიმრების თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ განვითარებულ პროცესებს ქალაქში მღელვარება მოჰყვა.

- ცხინვალი პატარა ქალაქია, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ბუნტის ამბავი მალე გავრცელდა, თან ციხის ახლოს მცხოვრებთ დაუნახავთ, შენობაში შსს-ს თანამშრომლები როგორ შევიდნენ და აურზაურის ხმაც გაუგონიათ. მათი ვარაუდით, პატიმრებს ხელკეტებით სცემდნენ. არადა, ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, პატიმრების შესაშინებლად ხელკეტებს კედლებს ვურტყამდითო, რისიც არ გვჯერა.

პატიმრებს მხოლოდ ვენები კი არ ჰქონიათ გადაჭრილი, როგორც ამას ჩვენი ხელისუფლება ავრცელებს, 10-ზე მეტ პატიმარს ბასრი საგნებით სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვს მიყენებული. დასისხლიანებული საავადმყოფოში საკაცით შეჰყავდათ. თავდაპირველად გვეგონა, პატიმრებს სცემეს და ზედმეტი მოუვიდათ. მსგავსი რამ ხშირად ხდება, შემდეგ კი დასახიჩრებულების რაოდენობა რომ გაიზარდა, მივხვდით, რომ ციხეში ისევ ბუნტი იყო. ვირუსის გამო სამედიცინო ნივთების დეფიციტია, თუმცა, როგორც ჩანს, საავადმყოფოს დირექტორ მაირბეგ კოკოევს წინასწარ აცნობეს, რაც მოხდა და საქმე რომ არ გართულებულიყო, მან ის მცირე სარეზერვო ბაზაც გახსნა, რაც უკიდურესი შემთხვევისთვის ჰქონდათ გადანახული.

- ამჯერად რა გახდა პროტესტის მიზეზი? - პატიმრებს აკრძალული აქვთ მობილური ტელეფონების ქონა. ცხინვალში რუსეთის ციხის სტანდარტები გადმოიტანეს, სინამდვილეში ეშინიათ, პატიმრებმა ციხეში არსებული საშინელი ვითარება ტელეფონით არ გადაიღონ, როგორც ეს რამდენჯერმე მოხდა. იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევა, რომელიც ბიბილოვის კადრია, ციხეში წინა ბუნტის დროს მოსახლეობას გვარწმუნებდა, ყველაფერი, მათ შორის კვება, გამოსწორდებაო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. საამისო სახსრები არა აქვთ და რას შეცვლიან, მით უმეტეს ახლა, როცა ყველაფერი ვირუსით დაინფიცირებულებსა და კარანტინში მყოფებს ხმარდება. თუმცა მაინც ვერ ხერხდება მათი უზრუნველყოფა, ხალხი გარბის საკარანტინო სივრციდან და სახლში იმალება.

ანატოლი ბიბილოვის პრეზიდენტობის პერიოდში ეს ციხეში მესამე ბუნტია. ძნელია წესრიგის დამყარება იქ, სადაც ელემენტარული პირობები არ არსებობს - პატიმრებს აშიმშილებენ, ზოგჯერ წყალიც კი არ მოდის, ხელ-პირი რომ დაიბანონ. ციხეში ერთი კაციც რომ შევიდეს დაინფიცირებული, ყველა პატიმარი იმდენად დაუცველია, ვირუსი სწრაფად გავრცელდება, მით უმეტეს, ძალიან პატარა ფართობში 10-15 პატიმარი ჰყავთ.

ადმინისტრაცია 4 ივნისის ღამეს შესულა ყულუმბეგოვთან კამერაში. მას ორი ტელეფონი ჰქონია. იქ მძიმე და მსუბუქ დანაშაულში ბრალდებულები ერთად არიან, რადგან საკნები არ ჰყოფნით. სწორედ მობილურის ჩამორთმევას მოჰყვა დაპირისპირება. როგორც აქაური პრესა წერს, ყულუმბეგოვმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს უცენზურო სიტყვებით მიმართა, შემდეგ კი პატიმრები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ციხეში შს თანამშრომლები შეიყვანეს. პატიმრების ახლობლები ჯერ ციხესთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საავადმყოფოსკენ წავიდნენ. ერთი ქალი შვილს ეძებდა, მაგრამ ვერც რეანიმაციაში ნახა და ვერც ციხეში. ჯერჯერობით ვინმეს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პატიმრების ახლობლებს ანატოლი ბიბილოვი შეხვდა და ისე აგრესიულად ესაუბრა, თითქოს ადმინისტრაციის თანამშრომლები კანონს იცავდნენ, თუმცა არაფერი უთქვამს ციხეში არაადამიანურ პირობებზე...

"ციხეში პატიმრები მხოლოდ ამანათების იმედზე არიან"

გასული წლის 27 სექტემბერს ცხინვალის ციხის პატიმრებმა აუტანელი პირობების გამო შიმშილობა გამოაცხადეს, რის გამოც შუაღამისას საპატიმროში ომონი შევიდა. პატიმრების თქმით, მას შემდეგ, რაც ცხინვალი პაემნების რუსულ სისტემაზე გადავიდა, ციხეში საჭმელი თითქმის არ კეთდება და პატიმრები მხოლოდ ამანათების იმედზე არიან. მაშინ ე.წ. იუსტიციის მინისტრი ზარინა ლალიევა "შს მინისტრ" იგორ ნანიევთან ერთად პირობას დებდა, რომ ციხეში ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა პატიმრების ახლობლების თქმით, პირობები უფრო გაუარესდა. უფრო ადრე, 2017 წლის ივლისში, პატიმრებმა ისევ პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს, რასაც მაშინდელი ციხის უფროსის გიორგი ქაბულოვის "პოსტი" გადაჰყვა. ოსური მედიის ცნობით, 2018 წელს ციხის შენობა კაპიტალურად გარემონტდა, რასაც ოსი უფლებადამცველები არ ეთანხმებიან - მათი თქმით, შენობა მხოლოდ ფასადურად გარემონტდა, მძიმე მდგომარეობაა სასადილოსა და სველ წერტილებში, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ გაკეთდა, როდესაც ცხინვალი საქართველოს იურისდიქციაში იყო.