ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების სკანდალური დეტალები - კვირის პალიტრა

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების სკანდალური დეტალები

"წარმოიდგინეთ, კაცი ამსიმძიმე იარაღს ისვრის, ამხელა წნევა წარმოიქმნება, მერე იარაღი ჩამოაქვს და მუცელზე იდებს ხელს. ესეც გამორიცხულია"

"შეიძლება ზვიადი გათიშული მიიყვანეს ღურწკაიებთან და იქვე ესროლეს, ან მკვდარი მიიყვანეს და ინსცენირებისთვის მაინც ესროლეს"

გია დეკანოზიშვილი: "მე ჩემი სიმართლე ვთქვი და ამას ვერავინ შემაცვლევინებს"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. ოფიციალური ვერსიით, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა საზოგადოებას ეჭვი ეპარებოდა. ცოტა ხნის წინ მუშაობა დაასრულა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ. დასკვნა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მანამდე კი ექსკლუზიურად გთავაზობთ კომისიის ექსპერტ-კრიმინალისტის, პროფესორ გია დეკანოზიშვილის მიერ მოპოვებულ მასალებს და მის სკანდალურ  დასკვნებს.

- თავდაპირველად კომისიის დავალებით როსტოვის დასკვნა უნდა გაგვეშიფრა და ჩვენი მოსაზრებაც წარმოგვედგინა.

თავიდანვე ისეთი დასკვნა შემოაგდეს რუსებმა, რომ ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამდი - გინდ თვითმკვლელობის, გინდ მკვლელობის მიმართულებით წაიყვანდნენ. როსტოვის კრიმინალისტიკის ცენტრი უმაღლესი დონის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული და ასეთი დასკვნის დაწერა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ. მიუხედავად ამისა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს - ის მოკლულია.

- ეს სკანდალური განცხადებაა, რით დაასაბუთებთ?

- დიდი მასალა შევისწავლე მოწმეების ჩვენებების ჩათვლით, ჩავატარე ექსპერიმენტები და მხოლოდ ამის შემდეგ მივედი ამ დასკვნამდე.

მოწმეების ჩვენებით, დაზიანებები, რომელიც არსებობს ზვიად გამსახურდიას თავის ქალაზე, მიყენებულია თვითმკვლელობის შედეგად, 20 ვაზნით დამუხტული ავტომატური პისტოლეტ  АПС-ით ("სტეჩკინი"), რომელიც გარდაცვლილ პრეზიდენტს ხელში ეჭირა, ხელი კი მუცელზე ედო. გვამი ოდნავ წამომჯდარი იყო, საწოლის საზურგეზე მიყუდებული. გამოკვლევით დადგინდა, რომ ყველა მოწმე, რომელიც შემთხვევას შეესწრო ან ზვიად გამსახურდიას ცხედარი ნახა, ირწმუნებოდა, რომ ცხედარს მარჯვენა საფეთქელთან  ჰქონდა დაახლოებით 6-7 მმ დიამეტრის მრგვალი, ე.წ. შემავალი ნახვრეტი, რომლის გარშემოც არ ყოფილა დამწვრობა ან სხვა ნიშანი. პრეზიდენტს მარცხენა ყურის უკანაც ჰქონდა ტყვიის გამომავალი ხვრელი ძვლების ნამტვრევებით.

ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როცა როსტოვის დასკვნაში მითითებული დაზიანებების მაჩვენებლები არ დაემთხვა იმ დაზიანებების პარამეტრებს, რასაც საზოგადოდ "სტეჩკინი" იწვევს. დეტალურად, მილიმეტრების სიზუსტით ჩავატარე კვლევა და დავადგინე, რა დაზიანებებს იწვევს "სტეჩკინით" მიყენებული ჭრილობები 30 მილიმეტრზე, 50-სა და 120-200 მილიმეტრზე. ექსპერიმენტი ჩავატარე  - "სტეჩკინი" გავისროლე და გამოირიცხა მიბრჯნით სროლა. ასეთ შემთხვევაში გვამს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ეგრეთ წოდებული შტანცმარკა (მიბრჯნით სროლის დროს იარაღის ლულის კონტურის ანაბეჭდი ჭრილობის შემავალი ნახვრეტის ირგვლივ). "სტეჩკინი" 30-მილიმეტრიანი დაშორებით რომ გაისროლო, 1000-დან 2000-მდე ატმოსფერული წნევა წარმოიქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ განგრეული უნდა იყოს საფეთქლისა და სოლისებრი ძვლები. ბოლოს და ბოლოს, ნატყვიარის ირგვლივ კანი მაინც უნდა დამწვარიყო.

KvirisPalitra.Geარც ერთ ჩვენებაში (მათ შორის, იმ ექიმის, რომელმაც ბალზამირება გაუკეთა გვამს) ნახსენები არ არის, რომ პრეზიდენტის გვამს დამწვრობა ჰქონდა, დაზიანებული არ ყოფილა არც თავის ქალა. ეს უპირობოდ მიუთითებს იმაზე, რომ "სტეჩკინი" გაცილებით შორიდან, 3 სანტიმეტრზე მეტი მანძილიდან ისროლეს. აქ კი მეორე ჩიხი იქმნება:

საქმე ის არის, რომ საფეთქლიდან 3,8-4 სანტიმეტრის მოშორებით "სტეჩკინის" ხელში დაჭერა ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში თითქმის შეუძლებელია. იარაღი საკმაოდ გრძელი და მძიმეა. წარმოიდგინეთ გრძელი იარაღი, რომელიც 1420 გრამს  იწონის, ნახევრად მწოლიარემ 3,8-4 სანტიმეტრით მოიშორო საფეთქლიდან და ისე გაისროლო, ეს არარეალურია.

როსტოვის დასკვნაში ასევე ნათქვამია: "ტყვიის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან, რაზეც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები". აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ "სტეჩკინის" (რომელიც დატენილი 1420 გრამს იწონის) ხელში დაჭერა თვითმკვლელობის მიზნით, ლულით 100-200 მმ მანძილზე და ისე, რომ ტყვიის მიმართულება მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან იყოს, ფიზიკურად შეუძლებელია.

არის სხვა საეჭვო გარემოებაც: ცეცხლსასროლი იარაღის ლულიდან გამოტყორცნილი აირების წნევა ლულაში 1200-2000 კგ/სმ2-ს შეადგენს და ლულის გარეთ გავრცელების მანძილის შესაბამისად ეცემა. ეს კი იწვევს დიდი რაოდენობით სისხლისა და ტვინის გამოდინება-გამოფრქვევას შემავალი და გამომავალი ხვრელებიდან. ეს კი მოწმეთა ჩვენებებში და საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებში არ ფიგურირებს.

მოწმეთა ჩვენებებში მითითებულია, რომ პრეზიდენტს იარაღიანი ხელი მუცელზე ედო.

"სტეჩკინის" ლულიდან ტყვიის გამოტყორცნის ენერგია 348-353 ჯოულს შეადგენს, ე.ი. ცეცხლსასროლი იარაღის საკეტის უკუცემის ძალა თითქმის იმავეს შეადგენს, რადგან "სტეჩკინის" მოდელის პისტოლეტს არა აქვს მოძრავი ლულა და უკუცემის ენერგია სრულად გადაეცემა ცეცხლსასროლი იარაღის საკეტს, შემდეგ ინერციულად - სახელურს, რაც ზემოთ აღწერილი ფორმით გასროლის  შემთხვევაში აუცილებლად მის ხელიდან გავარდნას გამოიწვევდა.

წარმოიდგინეთ, კაცი ამსიმძიმე იარაღს ისვრის, ამხელა წნევა წარმოიქმნება, მერე იარაღი ჩამოაქვს და მუცელზე იდებს ხელს. ესეც გამორიცხულია. თვითმკვლელობის დროს, ბუნებრივია, ადამიანს ხელი მარჯვნივ უნდა გადავარდნოდა. ეს "თვითმკვლელობა" კი ფიზიკის კანონებს ყველაფრით ეწინააღმდეგება.

ფაქტია, დაზიანება მიყენებულია მხოლოდ ტყვიის კინეტიკური ენერგიის ხარჯზე, აირების ზემოქმედების გარეშე, მაყუჩიანი (АПБ ტყვიების გარეშე იწონის 1650 გ-ს) ან მსგავსი პისტოლეტით, მიბრჯნასთან მიახლოებული მანძილიდან, რადგან მაყუჩიდან გამოტყორცნილი აირები მასში არსებულ სექციებში ექცევა.

სწორედ მაყუჩიანი იარაღის, კერძოდ, მაყუჩიანი "სტეჩკინის" გასროლას ახასიათებს ისეთი ნახვრეტი, როგორიც ზვიად გამსახურდიას გვამს ჰქონდა. ეს იარაღი კი მხოლოდ რუსულ სპეცშეიარაღებაშია, თუმცა მაშინ შეიძლება ქართულ სპეცსამსახურებსაც ჰქონოდათ. როგორც იცით, მოწმეები ჩვენებებში მიუთითებენ, რომ მოესმათ ხმა, რომელიც ტაშტის დავარდნის ხმას ჰგავდა. სწორედ ასეთი ხმა აქვს მაყუჩიან "სტეჩკინს" დახურულ სივრცეში, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს(?!).

- არ შეიძლებოდა ზვიად გამსახურდიას სწორედ მაყუჩიანი "სტეჩკინით" მოეკლა თავი?

- როგორც გითხარით, თვითმკვლელი მას ხელში ვერ დაიჭერდა წონისა და სიგრძის გამო. ცხადია, ვერც იმ მიმართულებით გაისროდა, რაც როსტოვის დასკვნაშია მითითებული. რა თქმა უნდა, თუ ვინმე არ დაეხმარებოდა. გარდა იმისა, რომ ტყვიის ტრაექტორია არის ზემოდან ქვემოთ, მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ნასროლია რამდენადმე წინიდან უკანაც. თუ ზვიად გამსახურდიას ნახევრად მწოლიარეს ესროლეს, ე.ი. მკვლელი საშუალო სიმაღლის უნდა იყოს, ან გამსახურდია მჯდომარე მოკლეს. საწოლის საზურგეზე აღმოჩენილი ნატყვიარი კი არის თუ არა ნატყვიარი, არავინ იცის, რადგან არ ჩატარებულა შემოწმება მეტალიზაციაზე...

ერთმა ჩემმა მეგობარმა, პროფესიონალმა ექსპერტმა, რომელიც სამეგრელოში იყო მივლინებული გამსახურდიას საქმეზე, დაკითხვები ჩაატარა, თან ვიდეოფირზეც აღბეჭდა ყველაფერი, მაგრამ ვიდეოჩანაწერი საქმიდან გამქრალია(?!).

მნიშვნელოვანი დეტალია ზვიად გამსახურდიას ტანსაცმელიც. თავიდანვე გამაკვირვა იმან, რომ საგამოძიებო მასალებში არ იყო დაფიქსირებული, რა ეცვა პრეზიდენტს კვარაცხელიას სახლიდან გამოსვლისას.

კვარაცხელიამ ამიწერა ზვიად გამსახურდიას ჩაცმულობა. მისი თქმით, პრეზიდენტი მშვენივრად გამოიყურებოდა, არც დაუძლურებული ყოფილა. ეცვა ვერცხლისფერი კოსტიუმი და შავი ფეხსაცმელი. მითხრა, ციოდა და უშანკა ვაჩუქეო. იგივე კითხვა დავუსვი ღურწკაიასაც. როგორც მითხრა, გამსახურდიას ეცვა ბუშლატი, სპორტული რეიტუზი და რეზინის ჩექმები(?!). მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ პრეზიდენტმა კვარაცხელიას სახლიდან ღურწკაიას სახლამდე მისვლას დაახლოებით 5 საათ-ნახევარი მოანდომა, როცა ამ მანძილის გავლას ნახევარ საათზე მეტი არ სჭირდება. ზვიად გამსახურდია ღურწკაიების სახლში ღამის 11-ის ნახევარზე მიიყვანეს. სად იყო ამდენ ხანს?

ყურადსაღებია ერთი რამაც: ღურწკაიების სახლს ორი კიბე ჰქონდა: ერთი შიდა და ერთიც - გარე. ოჯახი, ძირითადად, სახლში კარით შედიოდა და ზედა სართულზე ასასვლელად შიდა კიბით სარგებლობდა. ზვიად გამსახურდიას ოთახი გარე კიბესთან, პირველივე ოთახი იყო. ეს კი კიდევ ერთ კითხვას ბადებს.

ვინ დაიჯერებს, რომ დევნილი პრეზიდენტი დაცვამ კიბესთან, პირველივე კართან მოათავსა და თავად უფრო ღრმად, მეორე-მესამე ოთახებში დაბინავდნენ.

შეიძლება ზვიად გამსახურდია დაუძლურებული და გათიშული მიიყვანეს ღურწკაიებთან და იქვე ესროლეს, ან მკვდარი მიიყვანეს და ინსცენირებისთვის მაინც ესროლეს.

როსტოვის დასკვნაში მითითებულია, რომ გამსახურდიას გვამს რამდენიმე ნეკნის, მენჯის და ბოქვენის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. საიდან ასეთი დაზიანებები? მენჯისა და ბოქვენის ძვლების მოტეხა იოლი არ არის, მხოლოდ მძლავრი ფიზიკური ზემოქმედების შედეგია. დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება გამოეწვია კუბოს ჩანგრევასა და გრუნტის დაწოლას, რაც ნაკლებსარწმუნოდ მიმაჩნია, მით უმეტეს, დასკვნაში ისიც მითითებულია, რომ კუბო ძალიან დაზიანებული არ ყოფილა. ასე რომ, ეს დასკვნა დაწერილია ისე, როგორც ხელს აძლევდათ.

- როდის არის მოტეხილობები მიყენებული - სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ, ვერ დაადგინეს?

- საქმეც ის არის, რომ როსტოველებმა დასკვნაში მიუთითეს, ამის დადგენა შეუძლებელიაო. არადა, არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებით შეიძლება დაადგინო, როდის მიიღო მოტეხილობები, სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ. საეჭვოა ისიც, რომ გაუჩინარებულია თავის ქალის ზოგიერთი ფრაგმენტიც.

- რა ვუყოთ იმ ჩვენებებს, რომლებსაც გამსახურდიას დაცვის წევრები იძლევიან?

- ეს უკვე გამოძიების საქმეა. თუ გამოძიება ობიექტურად გაგრძელდება, შედეგი აუცილებლად იქნება. ყველამ სიმართლე უნდა თქვას. მე ჩემი სიმართლე ვთქვი და ამას ვერავინ შემაცვლევინებს.