მამაკაცს, რომელიც ვარკეთილში საცხოვრებელში რამდენჯერმე გაისროლა და რომელიც პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

მამაკაცს, რომელიც ვარკეთილში საცხოვრებელში რამდენჯერმე გაისროლა და რომელიც პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავებულ ალექსანდრე ივანოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

"ინტერპრესნიუსი"