"არ დატოვა სახლი, ვინაიდან "კომენდანტის საათი" იყო დაწყებული და..." - რას ამბობს სოფო კილაძის ყოფილი ქმრის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"არ დატოვა სახლი, ვინაიდან "კომენდანტის საათი" იყო დაწყებული და..." - რას ამბობს სოფო კილაძის ყოფილი ქმრის ადვოკატი?

სოფო კილაძის ყოფილი ქმარის, ავთანდილ ხარაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია, კილაძის სახლში ბავშვის სანახავად მივიდა, სახლის დატოვება კი "კომენდანტის საათის" მიზეზით ვერ შეძლო.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხარაძემ სახლი მას შემდეგ დატოვა, რაც კილაძემ პოლიცია გამოიძახა.

"ედავებიან შემაკავებელი ორდერის დარღვევას. სოფო კილაძის სახლში მივიდა ბავშვის სანახავად, თვითონ მეუღლე არ დახვდა სახლში, შემდეგ მოვიდა და თხოვდა, რომ დაეტოვებინა სახლი. მან არ დატოვა სახლი, ვინაიდან "კომენდანტის საათი" იყო დაწყებული და ამის გამო ამბობდა, არ წავალო. შემდეგ მოხდა პოლიციის გამოძახება.

ბავშვის ნახვის უფლება ჰქონდა, ოღონდ ძიძას ჩაჰყავდა ხოლმე ბავშვი მასთან. ის შეთანხმების გარეშე მივიდა კილაძის სახლში. აღიარებს, რომ დაარღვია შემაკავებელი ორდერი. გასაჩივრებული მაქვს სააპელაციო სასამართლოში და ველოდები პასუხს. 17 მაისს მოხდა ფაქტი და დააკავეს 3 ივნისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. პოლიცია გამოიძახა და მერე თავისთავად წავიდა სახლიდან", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს პატიმრობა შეეფარდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე რამდენიმე თვის წინ ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობაში ადანაშაულებდა, თუმცა ავთანდილ ხარაძე "ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კატეგორიულად გამორიცხავდა ყოფილ მეუღლეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

"ინტერპრესნიუსი"