რატომ დააკავეს გიორგი კანდელაკის ვაჟი? - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს გიორგი კანდელაკის ვაჟი?

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ცნობილი ქართველი მოკრივის გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკი დააკვეს. ის 18 წლის ერეკლე თედიაშვილის სასტიკად ცემაშია ბრალდებული. გორის რაიონის სოფელ ვარიანში, გიორგი კანდელაკის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ვკითხულობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჯოზეფში", 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს".

როგორც ცნობილი გახდა, რესტორანი, სადაც ჩხუბი დაიწყო, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის. ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა, რაც ახლაგაზრდის დაჭრით დასრულდა, მას ოპერაცია გორში ჩაუტარეს, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. მისი მდგომარეობა მძიმეა, ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა.